კვლევა: ევროკავშირმა სამჯერ მეტი დახარჯა რუსულ ნავთობსა და გაზზე, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე
ევროკავშირის დახმარება უკრაინას
საერთაშორისო ეკონომიკის საკითხების შემსწავლელი ევროპული კვლევითი ორგანიზაციის, ბრეიგელის ინსტიტუტის (Brussels European and Global Economic Laboratory) გამოთვლით, 2022 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან 102,56 მილიარდი დოლარის (103,6 მილიარდი ევრო) ღირებულების ნავთობი, გაზი და ქვანახშირი შეიძინეს. ხოლო უკრაინას სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2022 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა ოფიციალურად, ჯამში 29,2 მილიარდი ევრო გამოჰყვეს. უკრაინის დახმარების შესახებ აგრეგირებულ მონაცემებს გავლენიანი ეკონომიკური კვლევითი ცენტრი, კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი (IfW) აქვეყნებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა სამჯერ მეტი დახარჯა რუსეთის ნავთობსა და გაზზე, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე
თუმცა, ომიდან 11 თვის თავზე, 2022 წლის დეკემბერში, ეს მდგომარეობა რადიკალურად უნდა შეიცვალოს: დეკემბრიდან ევროკავშირი ოფიციალურად უარს იტყვის რუსული ნავთობის იმპორტის 90 პროცენტზე.
გასათვალისწინებელია, ზემოთ საუბარი იყო მხოლოდ ევროპულ დახმარებაზე უკრაინის მიმართ.
რაც შეეხება კოლექტიური დასავლეთის დახმარებას – ანუ თუ ევროპულ დახმარებას მივუმატებთ ამერიკულ დახმარებასაც, გამოდის 93 მილიარდი ევრო. ეს თანხა თითქმის უტოლდება ევროპის მიერ რუსულ ენერგორესურსებზე დახარჯულ თანხას. სწორედ ამ რაოდენობის დახმარება მიიღო უკრაინამ დასავლეთისგან. ამ თანხის 60 პროცენტს ფარავს აშშ. ევროპისგან განსხვაქვეით, აშშ პარალელურად არ ხარჯავს ფულს რუსულ ენერგორესურსებზე, რადგან პრაქტიკულად არ აქვს არავითარი დამოკიდებულება რუსული ენერგორესურსების მიმართ.
კილის კვლევითი ცენტრის დირექტორი, კრისტოფ ტრებეში, ამბობს, რომ ამავდროულად, უკრაინაში დიდი დაგვიანებით ჩადის ევროკავშირის დაპირების დიდი ნაწილი. ასევე, ის ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ზაფხულის შემდეგ ევროპის ქვეყნები სულ უფრო და უფრო ნაკლებ ახალ ვალდებულებას იღებენ უკრაინის მიმართ და როგორ იგი ამბობს, ამას როგორც ჩანს სისტემური ხასიათი აქვს. მაგალითად, 4 აგვისტოდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, აშშ-მ აიღო ახალი ვალდებულებები 12 მილიარდი ევროს ოდენობით, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა მხოლოდ 1,4 მილიარდი ევროთი გაზარდეს თავიანთი ვალდებულებები.
„აშშ-ის მთავრობა უკრაინისთვის ბევრად უფრო საიმედო პარტნიორია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები – მათ ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ აპრილში დაპირებული ფინანსური დახმარების პაკეტი“, – აცხადებს ტრებეში.
შეეძლო თუ არა ევროპას უფრო ნაკლები რუსული ენერგორესურსები შეეძინა და მეტად დახმარებოდა უკრაინას?
გასათვალისწინებელია ის, რომ ამერიკისგან განსხვავებით, ევროპას, არ ჰყავდა სხვა წყარო რუსეთის გარდა, ვისგანაც მოკლე დროში შეიძენდა ნავთობისა და გაზის საჭირო მოცულობებს.
მრეწველობა, ბენზინგასამართი სადგურები და, საბოლოო ჯამში, მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია ნავთობის მიწოდებაზე. ხოლო იმის გამო, რომ ევროკავშირმა დააანონსა რუსულ ნედლეულზე უარი, ევროზონაში გაიზარდა ინფლაცია და ფასები ენერგორესურსებზე.
შედეგად, რუსეთის დასჯის ნაცვლად, ამ 11 თვეში ისე მოხდა, რომ ევროპელებმა მეტი და მეტი ფული გაუგზავნეს რუსეთს ნედლეულის სანაცვლოდ.
რამდენი მოიგო ამით რუსეთმა?
როგორც კვლევითი ინსტიტუტების გამოთვლები აჩვენებს, საკმაოდ ბევრი.
ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში, ევროკავშირზე მოდიოდა რუსული ენერგოექსპორტის შემოსავლების ნახევარზე მეტზე. ამავდროულად, გამოჩნდნენ ინდოეთი და ჩინეთი, რომლებიც მზად იყვნენ მეტი რუსული ნავთობის შესაძენად.
შედეგად, რუსეთის ენერგორესურსებზე კოსმოსურმა ფასებმა კრემლი საბიუჯეტო შემოსავლებით უზრუნველყო. მათ შორის, საშუალება მისცა პუტინს, რომ გაეზარდა სამხედრო ხარჯები – 2023 წელს რუსეთის მთავრობა გეგმავს ფედერალური ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების (29 ტრილიონი რუბლი) მესამედი (9,4 ტრილიონი) ეროვნულ თავდაცვასა და შიდა უსაფრთხოებაზე დახარჯოს.
შეუძლია თუ არა ევროპას მომავალში მეტი ფული დახარჯოს უკრაინაზე?
ეს დამოკიდებულია ევროკავშირის უმდიდრეს ქვეყნებზე და ისინი არ ჩანან მზად მეტი დახმარებისთვის. მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოა, რომელიც უფრო მწვავედ აღიქვამს რუსეთის აგრესიის უშუალო საფრთხეს და მზად არის გადაანაწილოს თავისი ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის სასარგებლოდ. დანარჩენი ქვეყნები შემოიფარგლებიან გაცილებით მცირე რაოდენობით – ძირითადად შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დემოკრატი9ები ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლის საჭიროებებითა და ინტერესებით. თუ უკრაინისთვის დახმარების გაზრდას მათი მოქალაქეების სოციალური გადასახადები და პროგრამები უნდა შეეწიროს, მაშინ არჩევანი საშინაო ინტერესების სასარგებლოდ გაკეთდება.
უკრაინის მხარდაჭერის ოდენობის როგორც ეკონომიკური წარმოების წილის გაანგარიშებისას, კილის კვლევითი ცენტრი მივიდა დასკვნამდე, რომ საშუალოდ, ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან უკრაინისთვის დახარჯონ მშპ-ს 0,19 პროცენტი.
თუმცა, ევროპის შიგნით განსხვავებები ძალიან დიდია. მაგალითად, ლატვიამ და ესტონეთმა აიღეს ვალდებულებები უკრაინის მიმართ მათი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1 პროცენტის ეკვივალენტის. პოლონეთის წვლილი მისი მშპ-ის 0,6 პროცენტია. მაგრამ ევროპელი გრანდების დახმარება გაცილებით მოკრძალებულია: დიდი ბრიტანეთი – მშპ-ს 0,24 პროცენტი, გერმანია – 0,17, იტალია – 0,15, საფრანგეთი – 0,15.
ამავდროულად, ოთხნახევარი მილიონი ლტოლვილის მოვლის ტვირთიც ძირითადად უკრაინის მეზობელ სახელმწიფოებს დააწვა. უკრაინელი ლტოლვილები, კილის ინსტიტუტის მონაცემებით, პოლონეთს მშპ-ს დამატებით 0,71 პროცენტი უჯდება, ხოლო ესტონეთს მშპ-ს დამატებით 0,56 პროცენტი. რაც შეეხება გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს – ლტოლვილებზე მათი ეკონომიკის მოცულობის მხოლოდ 0,08 და 0,01 პროცენტი იხარჯება.
რა რაოდენობის დახმარება შეიძლება გაიზარდოს, სადავო საკითხია: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიები ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ უპირველეს ყოვლისა მათი ამომრჩევლის საჭიროებებითა და ინტერესებით. და თუ ქვეყნებს უნდა შესწირონ საკუთარი ინტერესები, რათა გაზარდონ დახმარება უკრაინაში, შეამცირონ, მაგალითად, სოციალური გადასახადები და პროგრამები, მაშინ არჩევანი უფრო მეტად საშინაო ინტერესების სასარგებლოდ გაკეთდება.
__
მასალა მომზადებულია meduza-ს და bbc-ის მიხედვით.