სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილებმა განაცხადეს, რომ სოლსბერიში ტურისტებად ჩავიდნენ
ტელეარხმა Russia Today გამოაქვეყნა იმ ადამიანების ინტერვიუ, რომლებიც თავს ალექსანდრ პეტროვად და რუსლან ბოშიროვად გვაცნობენ. ბრიტანეთის ხელისუფლება მათ ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
წინა ისტორია
2018 წლის მარტში ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი მზვერავი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია მოწამლეს. ექიმების ოპერატიული ჩარევის წყალობით, მათი გადარჩენა მოხერხდა.
ექსპერტების დასკვნით გამოყენებული იყო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა და იწარმოებოდა.
სამი კვირის შემდეგ სოლსბერიში გარდაიცვალა ქალი, მისი თანამგზავრი კი დაზარალდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წყვილმა ნაგვის კონტეინერში აღმოაჩინა სუნამოს ბოთლი „ნოვიჩოკის“ შემადგენლობით.
ინგლისის პოლიციის მტკიცებით, სკრიპალებზე თავდასხმაში ექვსი რუსი მონაწილეობდა.
დასახელებულია ორი – რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი.
ბრიტანეთის პოლიცია ირწმუნება, რომ ისინი რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არიან, სახელები კი, შესაძლოა, ყალბია. „პეტროვსა“ და „ბოშიროვზე“ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ასეთი ოპერაცია „არ შეიძლებოდა, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირთა სანქციების გარეშე ჩატარებულიყო“.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულია სანქციები, რომლებიც თავისი სიმკაცრით ცივი ომის დროიდან უპრეცედენტოა.
რეაქცია
12 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ ურჩია სკიპალებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ ადამიანებს, რომ „მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის მიემართათ“ და ყველაფერი თავად მოეყოლათ.
„ჩვენ ისინი ვიპოვეთ, ისინი სამოქალაქო პირები არიან, კრიმინალი აქ არ არის“, – დასძინა მან.
მეორე დღეს ორმა მამაკაცმა, რომლებიც თავს რუსლან ბოშიროვსა და ალექსანდრ პეტროვს უწოდებენ, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხს ინტერვიუ მისცა.
მათი თქმით, ისინი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ როგორც ტურისტები. სოლსბერიში ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩავიდნენ. სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურში არ მუშაობენ. თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებამ „მათი ცხოვრება დაანგრია“. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს კი „დაცვის თხოვნით“ მიმართეს.
არაოფიციალური შეფასებები
სოციალური ქსელების რუსმა მომხმარებლებმა, ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა ამ ინტერვიუზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინეს. აი, რას წერენ ისინი:
„პეტროვისა“ და „ბოშიროვის“ განკარგულებაში ძირითადი რუსული პროპაგანდისტული რესურსის, ტელეარხ Russia Today-ს მთავარი რედაქტორის მობილური ტელეფონი აღმოჩნდა“
„ვინაობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი მათ არ წარმოუდგენიათ“
„პეტროვმა“ და „ბოშიროვმა“ ვერ შეძლეს ეჩვენებინათ ფოტო, რომელზეც ისინი სოლსბერის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას არიან გადაღებულები“
„შეკითხვის პასუხად, თუ რატომ ჩავიდნენ სოლსბერიში ორჯერ – 2 და 3 მარტს – მათ იცრუეს. მათი ვერსია, რომ პირველ დღეს ძლიერი თოვა იყო, და ვერსად ვერ მიაღწიეს – არ დასტურდება: იმ დღეს ამ რაიონში მზიანი, ოდნავ წვიმიანი ამინდი იყო“.
„შეკითხვა იმის თაობაზე, რომ მათ მიერ ლონდონში დაქირავებულ სასტუმროს ნომერში „ნოვიჩოკის“ კვალი აღმოაჩინეს – არ დაუსვამთ“
„შეკითხვა, თუ რატომ დაჯავშნეს ლონდონიდან გამოსაფრენად ბილეთები ორ რეისზე – 3 მარტს საღამოს, და 4-ში დილით – არ დასმულა“.
ოფიციალური შეფასებები
ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა სოლსბერიდან ჯონ გლენმა თქვა, რომ ეჭვმიტანილების განცხადება, თითქოს ისინი ამ ქალაქში ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩავიდნენ, ნდობას არ იწვევს.
მისი თქმით, RT-სთან საუბრისას გადმოცემული მათი ნაამბობი იმ საგამოძიებო ინფორმაციას არ შეესაბამება, რასაც ბრიტანული სპეც-სამსახურები ფლობენ.
კანონმდებელმა ირონიულად აღნიშნა, რომ მოხარული იყო, როდესაც ვიზიტორების ტურისტული ინტერესის შესახებ შეიტყო, თუმცა გაკვირვებულია იმით, რომ ისინი სოლსბერიში „სულ ორი დღით ჩავიდნენ და თან ბარგში „ნოვიჩოკი“ ედოთ.
პრემიერმა ტერეზა მეიმ სკრიპალების საქმეზე რუსი ჩინოვნიკების რეაქციას „შეურაცხმყოფელი“ უწოდა, და განაცხადა, რომ მათი გამონათქვამები „გამოწვევაა საღი აზრის წინააღმდეგ.“