"რომ გათენდება, ვამოწმებ, რა ხდება უკრაინაში, ამით ვცხოვრობ" — უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ნათესავების მონოლოგები
ქართველი მებრძოლები უკრაინაში
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ათეულობით ქართველი მოხალისე წავიდა. ზოგი სამოქალაქო პირებს უწევს დახმარებას, ზოგი კი ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.
გასულ კვირას თბილისში კიევიდან 46 წლის მიხელ ყაფლანიშვილის ცხედარი ჩამოასვენეს. იგი 21 ოქტომბერს, ლუჰანსკთან, “ვაგნერელების” ალყაში მოჰყვა. იმავე კვირას უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა – 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი და 40 წლის გუგა გაგნიძე.
ამ დროისთვის უკრაინაში 36 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
JAMnews-ის ესაუბრა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს და მათი ისტორიები მოისმინა:
დავით გობეჯიშვილი, 47 წლის. დაიღუპა 26 მარტს, ირპენში:
მარიკა კუბლაშვილი, დავით გობეჯიშვილის ცოლი:
“18 წლის იყო, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო. მაშინ სოხუმში ცხოვრობდა. იმის მერე სულ ომობდა, სადაც იყო საჭირო. რუსეთი ეზიზღებოდა. აგვისტოს ომში ისე წავიდა, არსად არ ირიცხებოდა საერთოდ.
რუსეთი რომ უკრაინაში შეიჭრა, იმ დროს პოლონეთის ბილეთი უკვე ნაყიდი ჰქონდა. იქიდან ამერიკაში უნდა წასულიყო მექსიკის გავლით, ისე, როგორც ყველა. ომი რომ დაიწყო, მაშინვე თქვა, ამერიკაში კი არა, უკრაინაში უნდა მივდიოდეო.
ძალიან განიცდიდა ამ ყველაფერს. ვიცოდი, რომ არ გაჩერდებოდა, მაგრამ ოჯახის ახლობელთან ერთად მიდიოდა ამერიკაში და ვფიქრობდი, ამ ბიჭის ხათრით უარს არ იტყოდა ამერიკაზე და უკრაინაში არ წავიდოდა.
პოლონეთში რომ ჩაფრინდა, კარანტინში მოუწია ყოფნა, აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. სამი დღე იყო დარჩენილი კარანტინის დასრულებამდე, როცა მითხრა, მარიკა, არ შეშინდე, ბავშვები არ გადარიო, მაგრამ ვერ გავჩერდები, უნდა წავიდე უკრაინაშიო.
ჩავვარდი პანიკაში, ვეცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ მეუბნებოდა, დიდი ხანი არ გაგრძელდება, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, ბიჭებს მივეხმარები, ვალს მოვიხდი და მერე გავაგრძელებ გზასო. მთელი ოჯახი ვეხვეწებოდით სამი დღე და ღამე, მაგრამ უშედეგოდ. მერე ბავშვიც დაიყოლია — უმტკიცებდა, არ იცი ესენი ვინ არიან, უკრაინაში თუ გამოუვათ, მერე მოვლენ და ჩვენთანაც იმავეს გააკეთებენო. მედავებოდა, რა გინდა, აუცილებლად ჩვენს შვილებამდე მოვიდნენ, ჩვენი შვილები უნდა გაამწარონო?!
21 მარტს წავიდა პოლონეთიდან, სრულიად მარტო. მთელი გზა გვირეკავდა, ოხუნჯობდა, წამოწოლილი ვარ ავტობუსში, ხალხი არ არისო. ერთი ქალი დამალაპარაკა, ორი შვილი დატოვა საზღვარზე და ისევ ბრუნდება უკან, შენ რას ნერვიულობ, პირველად ხომ არ მივდივარ ომშიო. როცა ჩავიდა, ერთხელაც არ გვისაუბრია ვიდეო თვალით, რომ მენახა, იქ რა ხდებოდა. მწერდა, მეუბნებოდა, სამოთახიან ბინაში ვარ კიევში და აქ არაფერი ხდებაო. მეც მშვიდად ვიყავი.
● უკრაინიდან რუსეთის გავლით – უკრაინელი ლტოლვილების ბედი საქართველოში
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
● მექსიკის გავლით ამერიკაში – სად და რატომ გარბიან ქართველები
ხშირად ვერ გვეკონტაქტებოდა, ბავშვს ეუბნებოდა, ინტერნეტი არ იჭერს, ოთახში ვართო. ოთახში კი არა, ქარ-ცეცხლში ყოფილა, როგორც მერე მომიყვნენ მისი თანამებრძოლები. 21 მარტს წავიდა და 26-ში დაიღუპა, ერთი წუთიც არ ჰქონია დასვენება, სულ იბრძოდა. სნაიპერი ყოფილა.
როგორც გარდაცვალების მოწმობაში წერია, ირპინში დაიღუპა დაბომბვის შედეგად. კასეტური ბომბები თუ რაღაცები ჩამოუყრიათ, ანასხლეტი ჰქონდა თავში მოხვედრილი და ძვლებში დამტვრეული იყო აფეთქების ტალღისგან. 47 წლის იყო.
სანამ ამ ამბავს მეტყოდნენ, ტელეფონი ჩამომართვეს, ალბათ ინტერნეტში არ ნახოსო. მერე მითხრეს, დათო დაჭრილიაო. თუ მკვდარია, მითხარით, არ მომატყუოთ-მეთქი და დამიდასტურეს. ისეთი დღეები გამოვიარეთ, ისეთი ჯოჯოხეთი…
მოუშუშებელი, მოუნელებელი ტკივილია. მომენტებში სიამაყით ვივსები, რომ ასეთი მეუღლე მყავდა, მეორე წუთში იმას ვფიქრობ, ნეტა მყოლოდა და არ მინდოდა გმირობა. ხომ იცით, ადამიანები ეგოისტები ვართ, სულ საკუთარ თავზე ვფიქრობთ. გაწირა თავი. გული იმაზე მტკივა, რომ მაინც რუსის ხელით მოკვდა. სულ მეუბნებოდა, ჩემი მოსაკლავი ტყვია რუსებს ჯერ არ ჩამოუსხიათ, ვერაფერს მიზამენ, ნუ გეშინიაო.
ორი შვილი გვყავს, 21 და 15 წლისები. ერთი ხელბურთელია და რამდენიმე დღის წინ მითხრა, დარბაზში მამას ვეძებდი თვალებითო.
დილა რომ გათენდება, ვამოწმებ, რა ხდება უკრაინაში, ამით ვცხოვრობ. ისე მინდა, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ, როგორც არასდროს არაფერი არ მდგომებია…
ჩემი მეუღლე დაიღუპა გმირულად. არ ვიცოდი, თუ ასეთი გამბედავი მეუღლე მყავდა. ვიცოდი, რომ მამაცი იყო, მაგრამ მაინც… ვამაყობ… მაგრამ რა ჯოჯოხეთი დღეები მაქვს, ეს მე ვიცი…”
კახა გოგოლი, 47 წლის. დაიღუპა 10 ივლისს, ლუჰანსკში
ირაკლი ფიფია, კახა გოგოლის ბიძაშვილი:
“27 თებერვალს უკვე იქ იყო. მისი თავისუფლების ხაზი უკრაინის გამარჯვებაზე გადიოდა. დიდი პატრიოტი იყო და მაქსიმალურად ცდილობდა, ყველგან დაემარცხებინა, დაესუსტებინა მტერი და ამით თავისი წვლილი შეეტანა ქვეყნის გამთლიანებაში. აფხაზეთის ომის დროს 17 წლის იყო, რის გამოც ომში არ წაიყვანეს და გაიპარა. 2008 წლის ომის მონაწილე და ვეტერანიც იყო. ახლა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ წავიდა პირველივე დღეებში.
რამდენადაც კარგად ვიცნობდი მას ბავშვობიდან, არ გამკვირვებია. ქვეყანას სადაც სჭირდებოდა, იქ მიდიოდა. არავის ეკითხებოდა აზრს და არავის ელოდებოდა, პირველი მიდიოდა ყველა საქმეში, რომელიც ქვეყანას და ოჯახს სჭირდებოდა. ასე მიიღო ეს გადაწყვეტილებაც, მეგობრებთან ერთად ჩავიდა. მეორე-მესამე დღიდან მე უკვე ვიცოდი, ოჯახმა ცოტა მოგვიანებით გაიგო და რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობა, მაგრამ უშედეგოდ.
თითქმის ყოველდღიური კავშირი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან.
ორ-ორი წუთი ყველას გველაპარაკებოდა, ყველას გვამშვიდებდა.
რუსეთს აუცილებლად დავამარცხებთ და უკრაინაში გამარჯვების შემდეგ, გამარჯვებული დავბრუნდებით აფხაზეთშიო.
სულ ჰქონდა ეს შემართება, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა და ეს გახდებოდა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების საწინდარი. ზემო აფხაზეთიდან იყო, ფშაფიდან, იქ დაიბადა და გაიზარდა.
10 ივლისს, გამთენიისას, ლუჰანსკში დაიღუპა, დაბომბვის შედეგად. 47 წლის იყო. ჰყავს ცოლი და 25 წლის შვილი.
თანამებრძოლებისგან გავიგეთ ეს ყველაფერი, იმ ადამიანებისგან, რომლებიც მის გვერდით იყვნენ. ძალიან დიდი დანაკლისია. ის დააკლდა მთელ ქვეყანას, თავისი სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე, ცოდნიდან გამომდინარე. გარდა ამისა, იყო უზომოდ მოსიყვარულე, ენერგიული, არასდროს სჭირდებოდა თქმა, რომ მეგობარს ან ნათესავს დახმარება სჭირდება. მან ეს უკვე იცოდა და ყველაზე ადრე იყო დანიშნულების ადგილზე. იყო უზომოდ საიმედო და პატრიოტი ადამიანი”.
გია ბერიაშვილი, დაიღუპა 18 მარტს, ირპენთან
ქეთი ხელაძე, გია ბერიაშვილის ცოლი:
“გია ისე წავიდა, არ ვიცოდით, რომ უკრაინაში მიდიოდა. პოლონეთში რომ ჩავიდა, მერე გვითხრა, უკრაინაში უნდა წავიდე დასახმარებლადო. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ომში მიდიოდა. არ მჯეროდა, არც თვითონ ამბობდა. ისეთი ადამიანი იყო, არ უყვარდა თავისი საქციელის აფიშირება. თითქმის ყოველ დღე გვირეკავდა, დღეში ორჯერ, სამჯერ, მაგრამ არასდროს გამჩენია ეჭვი, რომ წინა ხაზზე იბრძოდა. ალბათ სპეციალურად რეკავდა ისეთ დროს და ისეთი ადგილიდან, რომ არ გვეეჭვა. მერე ფოტო გავრცელდა, ტანკთან იყო და ამით გავიგეთ, რომ რეალურად ბრძოლაში იყო.
ვეცადე, გადაეფიქრებინა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. დარწმუნებული იყო, რომ სწორ გზაზე იდგა და სწორად იქცეოდა. სულ ამბობდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ უკრაინის ომი და ეს საქართველოს ომიც იყო. მისთვის ეს ყველაფერი არ ყოფილა უცხო. 2008 წლის ომის მონაწილეც იყო, რუსეთს ბოროტების იმპერიად მიიჩნევდა.
ინფორმაცია გავრცელდა, 18 მარტს დაიღუპაო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ 17-ში მოხდა. 17 მარტს გია დილიდან კონტაქტზე რომ არ გამოვიდა, ყოველ წუთს ვწერდი. ოთხი საათი იყო, როცა მიპასუხა, ცოცხალი ვარო. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მებრძოლმა 17 მარტს გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობენ, დავით რატიანს და ბეროს ვეძებთო, დაბომბვის ხმა ისმოდა და ნერვიულობდნენ. მაშინ მივხვდი, რომ გიას მობილური ჰქონდა ბრძოლის დროს და ბოლო სიტყვები ის იყო, რაც მე მომწერა.
18-ში დილით, სამსახურში რომ მივედი და Facebook-ზე წავიკითხე, ორი ქართველი დაიღუპაო, შევყარე მთელი სამსახური, მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იყო დაღუპული. დაახლოებით ორი საათი იქნებოდა, როცა გიას მეგობარი და ჩემი მეგობარი მოვიდნენ სამსახურში და მითხრეს.
ირპენთან იბრძოდა. ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა მისი დაღუპვის ისტორიის შესახებ. რომ გითხრათ, რომ რომელიმეში დარწმუნებული ვარ, მოგატყუებთ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დაბომბვის მერე უკან შებრუნდა ერთ-ერთი ფრანგი ჯარისკაცის გამოსაყვანად და დრონმა დააფიქსირა მაგ დროსო. ის ბიჭი გადარჩენილა.
25 ერთად ვიცხოვრეთ, 28 წელი ვიცნობდით ერთმანეთს. არაფრის მეშინოდა, როცა გია მყავდა. ჩვენ სულ სამნი ვიყავით, პატარა ოჯახი გვქონდა, მაგრამ ძალიან შეკრული. ახლა ორი ქალი დავრჩით, მე და ჩვენი 23 წლის შვილი. ვცდილობთ, რომ ძლიერები ვიყოთ, მაგრამ… იმედია, გამოგვივა.
მე იმედი მაქვს, ამ ბიჭების თავგანწირვა ისე არ ჩაივლის და ბოროტების იმპერია დამარცხდება, აუცილებლად. ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მოქალაქეს, რომელიც გვერდში დამიდგა, თუნდაც დაწერა, “დიდება გმირებს”. ეს იმხელა თანადგომაა ჩემთვის, ვერ წარმოიდგენთ. და მადლობა ჟურნალისტებს. თქვენ რომ არა, ეს ისე ჩაივლიდა…”
ალუდა ზვიადაური, 42 წლის. დაიღუპა 18 ივნისს, ლუჰანსკის ოლქში
ნუგზარ ჭინჭარაული, ალუდა ზვიადაურის ბიძა:
“ჩემს ხელშია გაზრდილი, მამა გარდაცვლილი ჰყავს და ჩემთან ცხოვრობდნენ. ბინა არ ჰქონდა და ესტონეთში სამუშაოდ წავიდა, რომ პირობები გაეუმჯობესებინა. ორი კვირის განმავლობაში აღარ რეკავდა, მერე დარეკა და მითხრა, კიევში ვარო. დედამისისთვის არ მითქვამს, ვეხვეწებოდი, დაბრუნდი უკან-მეთქი.
გამოცდილება არ ჰქონდა მაგას, ომში არასდროს ყოფილა, მარტო სავალდებულო სამხედრო სამსახური ჰქონდა გავლილი. ვუხსნიდი, რომ რომც არ დაჭრილიყო, ომი ფსიქოლოგიურად რთული გამოცდილებაა და დაბრუნებულიყო. როგორც ხეს და ქვას უთხრა, ისე იყო — არაო. ეს ჩვენი მტერია, აქ რომ არ მოვიგერიოთ, საქართველოში მოგვადგებიანო. ვერაფრით დავითანხმე.
თურმე იქ ვარჯიშობდა, წვრთნებში მონაწილეობდა. მერე დამირეკა, კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ლუჰანსკში მივდივარო. ფრონტის ხაზზე წავიდა პირდაპირ, იწერებოდა, რატომ უნდა დავიმალო, ვირთხა ხომ არა ვარო. უნდოდა, დედამისი დამელაპარაკებინა, მაგრამ ვუფრთხილდებოდი და არ დავალაპარაკე, როგორმე უნდა ჩამომეყვანა. მაგრამ ვერაფრით ვერ გადავტეხეთ ეს კაცი. რამდენიმე ხანში მოვიდა ცნობა, რომ დაიღუპა. 42 წლის იყო.
ერთ-ერთ მედიაში დაიბეჭდა მაგისი ბატალიონის უფროსის მონათხრობი, ერთი უკრაინელი გამოუყვანია და მეორე რომ გამოჰყავდა, კილომეტრნახევარი ატარა და იმ დროს მოკლესო. ვურჩიეო, არ შეხვიდეო, მაგრამ შევიდაო.
არ ვიცი, შეიძლება სწორი გზა იყო ეს, მაგრამ მე ამისთვის არ მემეტებოდა. ძალიან ალალი იყო, მიამიტი, უშიშარი.
სამხედრო პატივით დაკრძალეს. კარგი იქნებოდა, იქ დაღუპულები ერთ ადგილას დაკრძალულიყვნენ”.