თბილისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია. რა განცხადებები გაკეთდა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ
თბილისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია
24 ოქტომბერს საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.
ალიევის ვიზიტი თბილისში ჟურნალისტებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა თბილისთან ახლოს, შატო მუხრანში შედგა. იქვე გაიმართა შემაჯამებელი პრესკონფერენციაც.
რა თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა
როგორც ვიზიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, მთავარი თემა ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა იყო. აზერბაიჯანი გეგმავს გაზარდოს ენერგომატარებლების ექსპორტი ევროპაში, შესაბამისად, მიწოდება გაიზრდება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით.
“აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც და საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი.” – თქვა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის გაიზრდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა და ამუშავდება ბაქო-თბილისის ტერმინალიც, რომელსაც ამჟამად მუშაობა დროებით შეჩერებული აქვს.
ალიევის თქმით, მან და ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრეს სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზეც და გაცვალეს მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომელიც ორ ქვეყანას უკვე განხორციელებული აქვს.
“ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ” – განმარტა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბაქო აპირებს ბაქო-სუფსის ტერმინალის ხელახლა გამოყენებას.
ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში კი, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით.
● აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს “ჩრდილოვანი მმართველის” წინააღმდეგ
● საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელები – თაობა, რომელიც არ დუმს
● საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი: ახალი სამხედრო ალიანსი ჰორიზონტზე?
რა თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა
საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია:
“მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ უკვე განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული მნიშვნელობისაა. მათ შორისაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი და ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები.”
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა თანხმდება, რომ რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკებით უნდა დარეგულირდეს. საქართველოს პრემიერის განმარტებით, რეგიონისა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, “რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარების და, ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის.”
“ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე.” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა გაიხსენა ალიევის მამა, ჰეიდარ ალიევიც:
“და ბოლოს, მინდა, მამათქვენს, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს დავესესხო და ის სიტყვები გავიხსენო, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის დროს წარმოთქვა – აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მეზობლად ცხოვრებისა და მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა მიეცათ. ჩვენმა წინაპრებმა ამ ბედნიერების ნაყოფი ნახეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ.”