10 წელიწადი აგვისტოს ომის შემდეგ - სად ვართ ახლა?
აგვისტოს ომის შემდეგ 10 წელი გავიდა.
JAMnews-მა მოამზადა დეტალური ქრონიკა, თუ როგორ დაიწყო 2008 წლის ომი და რა ხდებოდა იმ დღეებში.
გთავაზობთ ექსპერტების აზრს სოხუმიდან, თბილისიდან და ცხინვალიდან, რომლებიც პასუხობენ კითხვას: 10 წელიწადი აგვისტოს ომის შემდეგ – სად ვართ ახლა?
გია ნოდია, პოლიტოლოგი, თბილისი
მთავარი, რაც საქართველოში 2008 წლის შემდეგ შეიცვალა – კონფლიქტებისადმი ჩვენი დამოკიდებულებაა. 2008 წლამდე საზოგადოებაში ამ კონფლიქტების სწრაფად გადაჭრის მოლოდინი არსებობდა, და იმავე სააკაშვილის რიტორიკაც იმაზე იყო აგებული, რომ პრობლემა ლამის მომდევნო არჩევნებისთვის გადაწყდებოდა. მიმაჩნია, რომ მისი მხრიდან ამგვარი დაპირებების გაცემა შეცდომა იყო, მაგრამ ეს ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა – საამისოდ კონკრეტული საზოგადოებრივი დაკვეთა არსებობდა. თუმცა, 2008 წლის შემდეგ ის პრაქტიკულად გაქრა; რადგან უკვე ყველას ესმის, რომ კონფლიქტების მოგვარება რუსეთის მიერ პოზიციის ძირეულად შეცვლის გარეშე წარმოუდგენელია. ამის რესურსი კი არც დასავლეთს და არც თავად საქართველს არ აქვთ. ანუ პრობლემის გადაწყვეტა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ამავდროულად სწორედ აგვისტოს ომის შედეგ დაიწყო დასავლეთის მიერ რუსეთთან ურთერთობის გადაფასება. მანამდე დასავლეთის საზოგადოებაში არსებობდა აზრი, რომ რუსეთი, მოწინააღმდეგე კი არა, ჭირვეული, თავისებური, მაგრამ მაინც პარტნიორია. მაგრამ აგვისტოს ომი, რომელიც დასავლეთში არამხოლოდ რუსეთის პოლიტიკის შედეგად მიიჩნიეს, არამედ სააკაშვილის ხასიათსა და ტემპერამენტსაც დაუკავშირეს, ამ პოზიციის შესაცვლელად არასაკმარისი აღმოჩნდა. საბოლოდ უკვე კონფლიქტმა უკრაინაში 2014 წელს აიძულა დასავლეთი რუსეთში მიწინააღმდეგე დაენახა.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის არც ისეთი კარგი გახდა, როგორც ხელისუფლების მომხრეები ელოდნენ, და არც ისეთი საშინელი, როგორც მოწინააღმდეგეებს ეგონათ. საქართველოს დასავლური ორიენტირი ძირითადად არ შეცვლილა, შეიცვალა რიტორიკა და რუსეთის მიმართ სუბიექტური განწყობა. მაგრამ ფუნდამენტური პრობლემები დარჩა. აღდგენილია ქართული საქონლის ექსპორტი, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, რადგან ამით რუსეთი ზეწოლის ბერკეტს იბრუნებს. რაც მართლა შეიცვალა, საზოგადოების განწყობაა. თუკი წინათ პრორუსული შეხედულებები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა ტაბუირებული იყო, ახლა ეს ჩვეულებრივი ამბავია, ისევე როგორც დასავლეთის ძაგება. დღევანდელი ხელისუფლება ნაწილობრივ პრორუსულ ძალებს ეყრდნობა და მათში სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ მოკავშირეებს ხედავს.
ახალი ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებით გამოვიდა და ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ განსხვავებული იყო წინა ხელისუფლებისგან, რომელსაც აფხაზებთან და ოსებთან საუბარი არ სურდა, (შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად) დაინიშნა პაატა ზაქარეიშვილი – აფხაზებისთვის ყველაზე მეტად მისაღები ადამიანი, რათა მას კონტაქტები დაემყარებინა. მაგრამ ვერანაირი კონტაქტების დამყარება ვერ მოხერხდა და სინამდვილეში იგივე პოლიტიკა გრძელდებოდა, რაც 2008 წლის შემდეგ, რაც ერთი მხრივ, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის არაღიარებას გულისხმობდა, და იმავდროულად, იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ მაქსიმალურ გახსნილობასაც – მკურნალობის პროგრამები და სხვა. აღმოჩნდა, რომ ასეთი პოლიტიკის ალტერნატივა არ არსებობს.
გიორგი კანაშვილი, პოლიტოლოგი, თბილისი
მთავარი, რაც 2008 წლის ომის შემდეგ შეიცვალა, ჩემი აზრით, არის აღქმა. იმის აღქმა, რომ ეს კონფლიქტები დღეს და ხვალ არ გადაწყდება, ეს ხანგრძლივი პროცესია და დიდხანს დარჩება ჩვენს თავის ტკივილად.
2008 წლის შემდეგ, გასული წლების განმავლობაში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ, ჩვენ წინ წავიწიეთ. რასაკვირველია, ახლაც ისევე შორს ვართ ამ ორგანიზაციების წევრობისგან, როგორც 2008 წელს. მაგრამ საქართველოს ამ ინსტიტუტებთან ურთიერთობა გაცილებით ინტენსიურია, ვიდრე 10 წლის წინათ.
არ მგონია, რომ 2012 წელს პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება 2008 წლის მოვლენებმა განაპირობა – იყო სხვა ბევრი საკითხიც, რაც საზოგადოებას აღელვებდა, და რომლებმაც დიდი როლი ითამაშა – ეს არის სოციალური, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების საკითხები. დემოკრატიის თვალსაზრისითაც, რასაკვირველია, წინ წავიწიეთ, მაგრამ გაჩნდა იმ ადამიანთან დაკავშირებული რისკი, რომელმაც გარკვეულ პერიოდში დადებითი როლი შეასრულა. ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც სულ უფრო ნეგატიური როლი აქვს. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ მოგვიწევს, რომ ინტენსიურად შევისწავლოთ უკრაინისა და მოლდოვას გამოცდილება – როგორ ვებრძოლოთ ქვეყანაში ოლიგარქების გავლენას.
რუსეთთან მიმართებით არსებობდა ილუზია, რომ თუკი საქართველო კონსტრუქციულად მოიქცეოდა, რუსეთი მას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „გაუხსნიდა“. ან ორმხრივი ურთიერთობებისთვის გახსნიდა კარს. მაგრამ ასე არ მოხდა, და ალბათ არც მოხდება.
ვისურვებდი, რომ საქართველო მუდმივად რუსეთისკენ არ იყურებოდეს და კარგად დაფიქრდეს, თუ ზუსტად რა სურს დღეს, რას გააკეთებს ხვალ და როგორ ესახება მას ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთერთობების მომავალი. სამწუხაროდ, ახლა ამაზე საკმარისად არ ფიქრობენ. ამიტომაც ამ მიმართულებით შედეგებს დადებითად ვერ შევაფასებ, თუმცა შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო.
სხვა მხრივ, რუსეთთან დაკავშირებით ილუზიები არავის ჰქონია. 2008 წლის მემკვიდრეობისა და რუსეთის მიერ უკრაინაში მოქმედების გათვალისწინებით, სიტუაცია რუსეთთან ურთიერთობაში შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები შემიძლია უფრო დადებითად შევაფასო, ვიდრე უარყოფითად.
ვიდეო: ასე გამოიყურება თბილსი აგვისტოს ერთ დღეს
ინალ ჰაშიგი, ჟურნალსიტი, სოხუმი
ათი წლის წინათ, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ავანტურულმა პოლიტიკამ სამხრეთ ოსეთში ომი გამოიწვია. მაგრამ მეხუთე დღეს ნაქები ქართული არმია, რომელზეც ამდენ იმედს ამყარებდნენ, აღარ არსებობდა. ძველი რუსული ტანკების ნაკადის ქვეშ მან ყველაფერი მიატოვა, და გაიქცა, როგორც ნაპოლეონის ჯარი ბერიოზნასთან.
შემდეგ კი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა აღიარა. მას შემდეგ სწორედ ის გახდა ამ რესპუბლიკებისთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტორი და დონორი.
ჩვენთვის ასეთი მოულოდნელი ჰეფი-ენდი ასევე სიურპრიზი იყო. გასაოცარი იყო. თითქოს, როგორც იქნა, „კომუნიზმმა“ დაისადგურა, და უკვე აღარაფრისკენ სწრაფვა აღარ გვჭირდებოდა. გვიცავდნენ, გვასმევდნენ და გვაჭმევდნენ. რუსეთი „ჯადოსნურ სუფრად“ აღიქმებოდა. რაღად გვინდოდა მუშაობა და განვითარება, როდესაც ყველაფერი გვქონდა?
მოკლედ, იმდენად მოვდუნდით, რომ ადგილობრივ ელიტებს, რეფორმატორული რიტორიკის მიუხედავად, ამ ქვეყნის სათავეში ყოფნის მთავარ მოტივად მხოლოდ რუსეთის ფინანსური დახმარების მიღება ესახებოდათ.
სხვა ქმედებები არ არსებობს, და თან ამ ელიტას უკვე რაიმეს შეცვლისაც ეშინია. რადგან იმდენი პრობლემაა, რომ ამას „მდოგვის საფენები“ აღარ ეყოფა. აქ მძიმე ქირურგიული ოპერაციაა საჭირო.
მაგრამ როდესაც ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ აღარ გენდონ (დღეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შესწევს უნარი, რომ ათასზე მეტი თავის მომხრე შეკრიბოს), აპრიორი ქირურგი არ ხარ. თვითგადარჩენის გრძნობა ყველა სხვა კეთილშობილურ მიზანს ჯაბნის.
რა მწარეც უნდა იყოს ამის გათვითცნობიერება – ამჟამად აფხაზეთში უძრაობაა, თანაც – უსაშველო. ხელისუფლებების ცვლის სიხშირე ობივატელის მოთმინების ზღვარსაც უსწრებს, თუმცა შედეგი ერთი და იგივეა.
თხუთმეტი წლის წინათ პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ცდილობდა, რომ ყველა სავაჭრო ობიექტზე სალარო აპარატები დაენერგა. მაშინ მას ეს არ გამოუვიდა. გაუშვეს.
მას შემდეგ ათობით მთავრობა გამოიცვალა. ალბათ უკვე ბანქოს მთელი შეკვრა გამოიყენეს, და ახლა მორიგ წრეზე წავიდნენ. პრემიერის სავარძელში ისევ გენადი გაგულიაა, და ის ისევ სალარო აპარატების დანერგვას ცდილობს, და როგორც ჩანს, ისევ – წარუმატებლად.
მსოფლიომ ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში, ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, გრანდიოზული ნახტომი გააკეთა, ჩვენ კი როგორც მივჩანჩალებდით ჩვენი „არბა“-თი , ისევე მივჩანჩალებთ. ათწლიანი მონაკვეთი, რომელსაც იდეაში ჩვენი სახელმწიფოებრიობა განვითარების ახალ დონეზე უნდა აეყვანა, ერთობლივი ძალით, უდროობის პერიოდად ვაქციეთ.
და ასე ვცხოვრობთ.
ვიდეო: ასე გამოიყურება სოხუმი აგვისტოს ერთ დღეს
დიანა ალბოროვა, პოლიტოლოგი, ცხინვალი
რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან დღის წესრიგში ყოველთვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იდგა.
სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ცხოვრება მუდამ რთული იყო, მაგრამ ეს იყო დიდი შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების პერიოდი.
დღესდღეობით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ისე მწვავედ აღარ დგას, როგორც ეს აღიარებამდე იყო, და ეს – რუსეთის ფედერაციის წყალობით.
რასაკვირველია, სოციალურ სფეროში უკეთესობა არის. ეს არის დროულად გადახდილი პენსიები და ხელფასები, შენდება სოციალური საცხოვრებელები, მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურის აშენება და აღდგენა.
მეორე მხრივ, დღეს ჩვენ შეზღუდული სუვერენიტეტის სიტუაციაში ვცხოვრობთ. რადგან ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი რუსეთის ფედერაციას გადავეცით.
სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები აქ არ მიიღება. ჩვენ საკუთარი სუვერენიტეტი ნებაყოფლობით გადავეცით, როდესაც რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ძირითადი შეთანხმება დავდეთ.
გამოდის, რომ ჩვენთან სტაბილურობამ და უსაფრთხოებამ დაისადგურა, მაგრამ თავისუფლებამ მოიკლო.
როდესაც თავისუფლებაზე ვლაპარაკობ, პირველ რიგში, საუბარია არჩევანის თავისუფლებაზე. შემდეგ არჩევანის თავისუფლების პატივისცემაზე. არჩევანი – ეს თითოეულის პირადი პასუხისმგებლობაა. საზოგადოებამ და სახელმწიფომ ჩემს არჩევანს პატივი უნდა სცენ დ ჩემი უფლებები არ უნდა დაარღვიონ.
კარგად მოვთავსდით სხვის კისერზე. და ეს ჩვენთვის კომფორტულია. ვერ ვხედავ, რომ ეკონომიკაში რაიმე რესურსს ვდებთ. ვერ ვხედავ , რომ საშუალო ბიზნესი ვითარდებოდეს. არადა, ჩვენთვის საკუთარი წარმოების ფეხზე დაყენება, და საწარმოო უსაფრთხოების უზრუნველყოფა აუცილებელია – როდესაც გარე სამყაროსთან – რუსეთთან დამაკავშირებელი ერთდერთი გზა ჩაკეტილია, პროდუქტები მაღაზიებიდან უბრალოდ ქრება.
ბოლოს და ბოლოს ადამიანებზე ფიქრი უნდა დავიწყოთ, მის უფლებებზე. ჯერჯერობით კი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის თავისუფლებებსა და უფლებებზე ზეწოლის ფაქტი დიდი წუხილით შემიძლია დავადასტურო.
ვიდეო: ასე გამოიყურება ცხინვალი აგვისტოს ერთ დღეს
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.