ოკუპაციის ექვსი თვე. რეპორტაჟი უკრაინული ბალაკლიიდან
ბალაკლეას ექვსთვიანი ოკუპაცია
უკრაინული გამოცემის, Hromadske-ს რეპორტაჟი ქალაქ ბალაკლიიდან, რომლის ოკუპაცია რუსეთის ჯარებმა უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში მოახდინეს და ქალაქი რამდენიმე დღის წინ, უკრაინის კონტრშეტევის დროს გათავისუფლდა.
__________
ხარკოვის ოლქის გზები გრძელი და დახვეულია – მზესუმზირის მინდვრებს შორის, რომლებსაც ტყის მოკლე ზოლები კვეთს და გარშემო სუფთა, მოვლილი სოფლებია. ომის კვალი მაშინვე ცხადი ხდება, როცა ახლახან გათავისუფლებულ ტერიტორიებთან საზღვარს გადავკვეთთ: დანგრეულია ხიდები და სახლები, უამრავი აფეთქებული და მიტოვებული ტექნიკა გზის პირას ყრია.
ტანკისტებს ტანკებზე სძინავთ, ქვეითი ჯარისკაცები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან თავიანთ მანქანებთან, საუბრობენ და ჭამენ. ხანდახან მანქანების გრძელი კოლონები თეთრი ჯვრებით გზაზე გვეწევა. უკრაინის დამცველები მოძრაობენ იმით, რითაც შეუძლიათ – ჯიპების გარდა, აქ უამრავი ჩვეულებრივი ქალაქის მანქანაა, თუნდაც შიდა წარმოების, მაგრამ ადაპტირებული ომის გზებზე.
პენსიის გარეშე და ოკუპანტებთან: ექვსი გრძელი თვე
ჩვენ მივდივართ სოფელ ვერბოვკაში, რომელიც რამდენიმე კილომეტრშია ქალაქ ბალაკლიიდან. სოფელი დაცარიელებული ჩანს, მაგრამ ცენტრში მოულოდნელი ხალხმრავლობაა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჭორების თანახმად, მათთვის ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეტანათ, მაგრამ რატომღაც, ეს არ გამოვიდა.
ადგილობრივებს მხოლოდ ერთი კითხვით მივმართე: „როგორ იცხოვრეთ ოკუპაციის ქვეშ ეს ექვსი თვე?”
„ძალიან მძიმე ცხოვრება გვქონდა. ვინც აქ იყო, ყველა საკუთარ ბაღებში, ტყვიების ზუზუნის ქვეშ მუშაობდა. გვითხრეს კიდეც, კამიკაძე ქალები გყავთო: ესვრიან და ისინი მაინც ბაღებში დგანან, რომ იყოს კარტოფილი და შიმშილით არ დაიხოცონ“, – ჩივის 62 წლის ოლგა.
70 წლის ნადეჟდა ვასილიევნა იხსენებს, რომ სოფლის მოსახლეობა ნახევარი წლის განმავლობაში არ იღებდა პენსიას და ბაღი ხშირად საკვების ერთადერთი წყარო იყო: ეს იყო არა სიცოცხლე, არამედ ტანჯვა.
70 წლის ნატალია ვასილიევნა იხსენებს, რომ მისი გაცნობა რუსებთან იმით დაიწყო, რომ ისინი მის სახლში მივიდნენ, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს ორი მოხუცი იარაღს სადღაც მალავდა.
„ისინი ჩემს სახლში იყვნენ პოსტზე. მიდიხარ საკუთარ სახლში და უნდა აჩვენო პასპორტი, ეს რა ცხოვრებაა?“ – გაბრაზებულია ქალი.
სოფლის პირობებიც კი ხანდახან შურს იწვევდა რუსებში:
”ჩვენ გვკითხეს: ”ეს ქალაქია? შევდივართ და აქ წყალიც არის და ტუალეტიც, როგორც ქალაქებში” – იხსენებს ნატალია ვასილიევნა – „მათ თქვეს: „ჩვენს ოჯახებსაც აქ მოვიყვანთ“.
67 წლის ვასილი გაოგნებული ყვება, როგორ წაიყვანეს ერთხელ – არავინ იცის სად – და ბრალს სდებდნენ, რომ უკრაინელ სამხედროებს ეხმარებოდა. რუსები მას მოკვლით ემუქრებოდნენ თუ ამას არ აღიარებდა.
“ისინი ნაბიჭვრები არიან, სხვა არავინ – გვიჩვენებს ის ჯერ კიდევ შესამჩნევ თოკის ნაწიბურს ხელებთან, რომლითაც ხელები შეუკრეს – საჭმელი არ მომცეს, ტუალეტისთვის ბოთლი მომიგდეს“.
ვასილი ღამე გაუშვეს. სახლში რომ დაბრუნდა, პირველი კვირა ქალიშვილთან ცხოვრობდა, რადგან ეშინოდა, რომ ისევ არ ეპოვათ.
როდესაც უკრაინელების კონტრშეტევა და ძალიან აქტიური შეტაკებები დაიწყო, რუსები გაიქცნენ რკინიგზის გასწვრივ, ხოლო ყველა ადგილობრივი მცხოვრები სარდაფებში დარჩა.
ამბობს, რომ მთელი დღე ტიროდა, როცა სოფლის ბოლოში უკრაინელი ჯარისკაცები დაინახა: „სიხარულისგან გული კინაღამ გამიჩერდა.“
„თვეში ერთხელ მოჰქონდათ ჰუმანიტარული დახმარება და ამბობდნენ, რომ ბევრს ვჭამდით“
უკრაინელმა სამხედროებმა 8 სექტემბერს, კონტრშეტევის დაწყებიდან მეორე დღეს აიღეს ქალაქი ბალაკლეა.
ქალაქის ცენტრში კვლავ ვხვდებით ადამიანთა დიდ ჯგუფს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებიან. უთხრეს, რომ რიგში ჩაწერილიყვნენ. სულ 300-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
მაგრამ როცა სატვირთო მანქანა საკვებითა და აუცილებელი ნივთებით მოვიდა, ყველას დაავიწყდა ხელზე დაწერილი ნომრები და დაიწყო ბრძოლა მოხალისეებთან ერთად ადგილისთვის.
ოკუპაციის დროს ქალაქის ბაზარზე ყველაფერი ძალიან ძვირი ღირდა, იხსენებს 64 წლის მარინა ივანოვნა. როგორც ჩანს, ფასები არცთუ ისე მაღალია, როგორც კიევში, მაგრამ ადამიანებს არ აუღიათ ხელფასი და არ აუღიათ პენსია ნახევარი წლის განმავლობაში.
ჰუმანიტარული დახმარების ყუთებში არის ზეთი, საპონი, მაკარონი, პაშტეტი, მშრალი საუზმე და ბევრი გემრიელი საკვები, ბევრი პოლონური წარმოების საქონელი. რუსებსაც მოჰქონდათ ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ თვეში ერთხელ.
„ბოლოს, როცა ჰუმანიტარული დახმარება ერთი თვის წინ შემოიტანეს, ერთ ადამიანს აჩუქეს შეკვრა სპაგეტი, ქილა შესქელებული რძე, ქილა სკუმბრია და ჩაშუშული. შემდეგ მათ თქვეს, რომ ჩვენ ბევრს ვჭამთ.” – ამბობს 58 წლის ნადეჟდა, რომლის უფროს ვაჟს ოკუპანტებმა მანქანა წაართვეს.
„ბურიატებმა სახლებიდან ყველაფერი წაიღეს, რაც შეეძლოთ“
მარინა ივანოვნა ტირის, როცა საქმე რუსებს ეხება: „ჩვენ გვეშინოდა მათი, რადგან ჩვენ თვითონ ვართ დასავლეთ უკრაინიდან და ველოდით, რომ ყველაფერი შეიძლებოდა დაგვემართნოდა.”
ის ამბობს, რომ რუსები ღორებივით მოიქცნენ – დაანგრიეს ყველა მაღაზია, წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა; ბურიატებმა ყველაფერი გამოიტანეს იმ სახლებიდან, სადაც ისინი დასახლდნენ – სახლებში სიცოცხლე გააქრეს.
ნადეჟდა იმეორებს მარინას სიტყვებს: ”ისინი ბოროტები არიან – განსაკუთრებით ბურიატები – შევიდნენ სახლებში და წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეეძლოთ. ქალის ჭუჭყიანი ტრუსებით დაწყებული.
ის ამბობს, რომ ეფესბემ მოაწყო ე.წ. დაკითხვის ოთახი ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შენობაში: „ისინი იქ ელექტროშოკით აწამებდნენ ხალხს, აუპატიურებდნენ ქალებს. ერთი ქალი დააორსულეს და ხარკოვში გაგზავნეს“.
40 პატიმარი ბედის ანაბარა დარჩა
ჩვენ მივდივართ ეფესბეს ციხეში, რომელიც ქალმა მიგვასწავლა. ეს არის დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის დერეფანი, რომელიც აერთიანებს ხუთ ან ექვს ოთახს თითოეულს 12 კვადრატულ მეტრამდე ფართობით. ერთი ოთახი ქალბატონებისთვისაა – საწოლები ერთმანეთთან ახლოს არის, აბაზანა და ტუალეტიც აქვეა, ოღონდ ტიხარი არ არის. ზოგიერთ საკანში ტუალეტი საერთოდ არ იყო.
აქ მოყავდათ მეხანძრეები, მასწავლებლები და საერთოდ ყველა, ვინც ოდნავ საეჭვოდ მიაჩნდათ. ვიღაც ექვსი დღე იჯდა, ვიღაც ერთი თვე. სულ ციხეში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
პოლიციელი, რომელიც ჩვენ მეგზურობას გვიწევს, არაფერს ამბობს ქალების გაუპატიურებაზე, მაგრამ ადასტურებს, რომ პატიმრებს აწამებდნენ დენით და გვიჩვენებს ელექტროგაყვანილობას საკნის კარების ზემოთ. აქ პატიმრებს არ ჰქონდათ უზრუნველყოფილი მინიმუმ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.
როცა რუსები ქალაქიდან გაიქცნენ, საკნების კარებები დაკეტილი დატოვეს. პატიმრებმა კარის ზემოთ ერთი პატარა ფანჯარა იპოვეს, ვიღაც ყველაზე წვრილი ამ ხვრელში გადაძვრა და სხვებს კარები გაუღო.
”მთელ ბალაკლეაში ვყვიროდი, მეგონა ცა ჩამოიქცეოდა”
ქალაქის ცენტრიდან არც თუ ისე შორს, გაზონზე ორი ახალი სამარხია. იქ დასაფლავებულია ორი მამაკაცი, რომლებიც 7 სექტემბერს გაემგზავრნენ ქალაქში, სადაც, ალბათ, ქალაქიდან გაქცეულ ბოლო რუსებს გადააწყდნენ. საფლავებთან პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.
“ნუ გახსნი, გთხოვ!” – ტირის ვალენტინა და ცელოფნის პარკში გახვეულ მიცვალებულებს უყურებს. ორი მიცვალებულიდან ერთი მისი 49 წლის ვაჟი, პიტერია. ის ყვება ყველაფერზე, რაც მოხდა.
მისი ვაჟი საღამოს გამოვიდა სამუშაოდ და თქვა, რომ კომენდანტის საათამდე დაბრუნდებოდა. დედამისი მას მთელი ღამე ელოდა და დილით გადაწყვიტა დამოუკიდებლად მოეძებნა.
”როდესაც ავედი და დავინახე ეს საშინელი სურათი, მთელი ხმით ვიყვირე – მეგონა ცა ჩამოიქცეოდა. რისთვის? მინდა ვკითხო პუტინს: რატომ ესროლა ჩემს შვილს?“
თვითმხილველები ამბობენ, რომ 15-მდე ოკუპანტმა ავტომატებით დაცხრილა მანქანა, რომელშიც ვალენტინას ვაჟი და მისი მეგობარი ისხდნენ. მეორე დღეს უკრაინელებმა ქალაქი დაიკავეს.
ბალაკლიის ცენტრში, ტარას შევჩენკოს ძალიან ლამაზ პატარა ძეგლზე უკრაინის დროშა ფრიალებს. იქვე, ქალი და მამაკაცი ცალ-ცალკე მიდიან შვილებთან ერთად. ბიჭი ძეგლთან მიდის და დროშას ფრთხილად ეხება.
საღამოს, ახალი ამბები მოდის: ბალაკლეასა და გრაკოვოში დაიწყეს პენსიების გაცემა. აქ ოკუპაცია დასრულდა.