ბაქოში ჟურნალისტი და მისი ადვოკატი დააკავეს
აზერბაიჯანში სოციალური ქსელების მომხმარებლები მესამე დღეა ჟურნალისტ ავაზ ზეინალოვისა და მისი ადვოკატის, ელჩინ სადიგოვის დაკავებას განიხილავენ. სასამართლომ გადაწყვეტილება კვირა დილით გამოიტანა. გენერალური პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოძიება თანამდებობის პირის მიერ განზრახ ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. ექსპერტის თქმით, ამ საქმეზე უკვე დარღვეულია რამდენიმე საპროცესო ნორმა.
კვირას დილით, დაახლოებით 4:30 საათზე, ბაქოს ბინაგადის რაიონულმა სასამართლომ ავაზ ზეინალოვს, ჟურნალისტს, Xural TV YouTube არხის ხელმძღვანელს და მის ადვოკატს, პოლიტპატიმრების უფლებების ცნობილ დამცველს, ელჩინ სადიგოვს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თან ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მედიის ცნობით, ჟურნალისტი და ადვოკატი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
რა მოხდა?
გასულ კვირას ცნობილმა სახელისუფლებო აზერბაიჯანულმა ვებგვერდმა haqqin.az-მა ჟურნალისტ ავაზ ზეინალოვის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ესაუბრება დაკავებული ბიზნესმენის, რასიმ მამედოვის შვილს. საუბარში ზეინალოვი საუბრობს თანამოსაუბრისთან რაღაცის დაბრუნებაზე, თუმცა კონკრეტულად რას ითხოვს, დაკონკრეტებული არ არის.
საუბარია 20 000 მანათზე [დაახლოებით 12 000 აშშ დოლარი], რომელიც რასიმ მამედოვის შვილმა ზეინალოვს მის იუთუბ არხზე მამის პიარისთვის მისცა, აცხადებს ეინულა ფატულაევი, ვებ-გვერდი haqqin.az-ის მთავარი რედაქტორი. მაგრამ დაკავებული ბიზნესმენის ვაჟი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ავაზ ზეინალოვი მამას სათანადოდ არ აპიარებდა. ასევე, ვარაუდობენ, რომ ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ბიზნესმენის შვილს ფული ჟურნალისტისთვის გადასაცემად თავად გამოართვა.
ჩხრეკა სახლებსა და ოფისებში
შაბათს, 10 სექტემბერს, სამართალდამცავებმა ჟურნალისტ ავაზ ზეინალოვისა და ადვოკატ ელჩინ სადიგოვის სახლები და ოფისები გაჩხრიკეს.
ჩხრეკის შემდეგ ორივე გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს.
შუაღამემდე ცნობილი გახდა, რომ ზეინალოვი და სადიგოვი სასამართლოს წინაშე წარდგებოდნენ.
განაჩენი დილით გამოცხადდა
იმავე ღამეს ბაქოს ბინაგადის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტისა და ადვოკატის საქმის სასამართლო სხდომა გაიმართა.
სასამართლომ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარდგინება და ჟურნალისტ ავაზ ზეინალოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ოთხი თვის ვადით შეუფარდა. ამავე პერიოდში დააკავეს ადვოკატი ელჩინ სადიგოვიც.
ზეინალოვს ბრალი ქრთამის დიდი ოდენობით აღებაში ედება, ხოლო სადიგოვს ქრთამის აღებაში ხელშეწყობისთვის.
მათი ადვოკატების თქმით, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მაგრამ საქმეზე კონკრეტული მომჩივანი არ არსებობს.
სადიგოვი და ზეინალოვი ბრალდებებს უარყოფენ და სისხლისსამართლებრივ დევნას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ.
ჩვენების მიცემაზე ორივემ უარი თქვა, რადგან, მათი თქმით, სისხლის სამართლის საქმე შეთითხნილია და დაკავება სხვა ინსტანციებში გასაჩივრდება.
გენერალური პროკურატურის განცხადება
„იმის გამო, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და მიღებული მიმართვის საფუძველზე ჩატარებული გამოძიების მსვლელობისას გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზეინალოვმა ქრთამი აიღო, საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო გამოძიება”, – აცხადებენ სამეთვალყურეო ორგანოს პრესსამსახურში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავაზ ზეინალოვმა ქრთამი ბაქოს ფოლადის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, რასიმ მამედოვის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბების სანაცვლოდ აიღო. თანხა მან 2022 წლის აგვისტოში, მისი ადვოკატის, ელჩინ სადიგოვის შუამავლობით მიიღო.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი მნიშვნელობის ყველა გარემოების სრული, ყოვლისმომცველი და ობიექტური გამოძიებისთვის საჭირო საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.
“ვაცნობთ მედიის წარმომადგენლებს, ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლებს, რომ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოფიციალური წყაროებით დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება აკრძალულია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.” – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ადვოკატის კომენტარი
აუდიოჩანაწერში გაჟღერებული „კითხვები“ რომც დადასტურდეს, არ არსებობს დანაშაული, რისთვისაც ჟურნალისტს და ადვოკატს ბრალი ედებათ – ამბობს ადვოკატი სამად რაჰიმლი.
„რადგან ჟურნალისტს (რედაქტორს) აქვს უფლება გააპიაროს ვინმე თუნდაც ფულის გამო და ეს არ წარმოადგენს დანაშაულს სსკ-ის 311-ე მუხლით (ქრთამის აღება). ვინაიდან ჟურნალისტის (რედაქტორის) მიერ მომზადებული სიახლე არ ქმნის იურიდიულ შედეგებს სხვა პირებზე, ე.ი. ეს არ არის საქმიანობა, რომელიც ქმნის, ცვლის ან არღვევს სამართლებრივ ურთიერთობებს და შესაბამისად, ჟურნალისტი (რედაქტორი) არ შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურ პირად.
311-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფორმირებისთვის საჭიროა დანაშაულის სუბიექტი იყოს თანამდებობის პირი. ჩვენს შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობა არ არის. და თუ არ არის შემადგენლობა ჟურნალისტთან მიმართებაში, მაშინ არ არსებობს ადვოკატთან მიმართებაში.
მეორეც, თუ გამოძიებას აქვს „სხვა მტკიცებულებები“, ამ მტკიცებულებების კანონიერება (ლეგალურად მოპოვება) უკვე სადავოა (მათ ავრცელებს ჟურნალისტი ეინულა ფატულაევი). ამ მტკიცებულების გამოყენება თავისთავად იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.” – აცხადებს რაჰიმლი.