კომენტარი: რუსეთი შეწყვეტს ინვესტიციებს აფხაზეთში და დახურავს სამხედრო ბაზას, თუ აგარაკი და მიწა არ გადაეცემა?
დაჩა პიცუნდაში: რუსეთი ემუქრება აფხაზეთს
რუსმა სამხედროებმა შესაძლოა აფხაზეთი დატოვონ და ეს ნიშნავს, რომ აეროპორტის, რკინიგზის შეკეთება და სხვა პროექტებთან დაკავშირებული საინვესტიციო პროგრამები შეჩერდება.
ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის ელჩმა აფხაზეთში, მიხეილ შურგალინმა – თუ აფხაზეთის პარლამენტი რუსეთს ბიჭვინთაში 184 ჰექტარ ტერიტორიას არ გადასცემს.
განცხადება გაკეთდა 30 აგვისტოს შურგალინისა და რამდენიმე აფხაზი აქტივისტის, ასევე ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მათი შეხვედრის მიზანი იყო ეცნობებინათ რუსეთის ფედერაციის ელჩითვისს, რომ აფხაზეთში საზოგადოების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება ბიჭვინთაში სახელმწიფო აგარაკის, ნაკრძალისა და ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას.
შეხვედრის მონაწილეებმა ელჩს განუცხადეს, რომ სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმებამ საზოგადოების განწყობაზე ცუდი გავლენა მოახდინა და აფხაზეთში ანტირუსული განწყობების გაჩენის საფრთხე არსებობს.
- ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და 180 ჰექტარი ფიჭვნარი რუსეთის მფლობელობაში გადადის
- აფხაზეთის პრეზიდენტი და საკალმახე: ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა
- “პროპაგანდა და დეზინფორმაცია”- სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აფხაზების პროვოცირება მოახდინა?
შეხვედრის შედეგად საბოლოოდ გაირკვა, რომ პიცუნდაზე პროექტი, ისევე როგორც ყველა სხვა, სანქცირებული იყო რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ, ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ნუჟნაია გაზეტას რედაქტორი იზიდა ჭანია.
„პუტინს პიცუნდა სჭირდება. რუსეთის პრეზიდენტი აპირებს მოლაპარაკებას სახელმწიფო აგარაკზე და ეს ტერიტორია რუსეთის საკუთრება უნდა იყოს“, – განაცხადა ელჩმა.
აფხაზეთის მედია და სოციალური ქსელები წერენ, რომ პიცუნდაში სახელმწიფო აგარაკის ისტორია რუსეთისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. იქ ის განიხილება როგორც “საცდელი ბუშტი”. წარმატების შემთხვევაში, აფხაზეთის პარლამენტს უკვე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება რუსებისთვის მიწის და უძრავი ქონების მიყიდვის დაშვების შესახებ.
კანონი უცხოელებს უკრძალავს უძრავი ქონების ან მიწების ფლობას აფხაზეთში და მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს აიძულოს ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაუშვას.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დროს შეთანხმება ვერ მოხერხდა, ოპოზიციური პარტიის „ასპნის“ წევრი ნაირა ამალია მიიჩნევს, რომ შედეგი მაინც იყო.
„ელჩმა ახლა ზუსტად იცის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა მიწის გასხვისების წინააღმდეგია. მან იცის, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ დაარღვია კანონი და კონსტიტუცია, და ეს მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ელჩი ჩვენს პოზიციას რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას გადასცემს“, – ამბობს ნაირა ამალია.
მანამდე მიხაილ შურგალინმა Sputnik-აფხაზეთთან ინტერვიუში ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების მოწინააღმდეგეებზე თქვა: „მათ, ვინც ენგურის უკან დგას და ამ ამბავს თავისებურად აზვიადებენ, სხვა ინტერესები აქვთ“.
ამ სიტყვებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია აფხაზ პოლიტიკოსებში.
„გაბედეთ და აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და რუსეთ-აფხაზური მოკავშირე ურთიერთობების გაძლიერების მოწინააღმდეგეები“ უწოდეთ? გააიგივეთ აფხაზეთის მოსახლეობა „ვინც ენგურების უკან დგას და ამ ამბავს საკუთარი ინტერესებისთვის აზვიადებს“? თქვენ ნამდვილად არ იცით აფხაზეთის რესპუბლიკის უახლესი ისტორია, რომლის სუვერენიტეტს ჩვენი ხალხის ათასობით ვაჟმა და ქალიშვილმა სიცოცხლე შესწირა“, – განაცხადა ვეტერანთა და აფხაზეთის მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების თავმჯდომარემ ვიანორ აშბამ.
კომენტარი
პოლიტიკოსი და ბლოგერი თენგიზ ჯოპუა
„ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ელჩებთან. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არც რუსეთთან. ჩვენ გვაქვს პრობლემა იმ ხალხთან, რომლებიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგნენ ხელისუფლებაში.
ისინი სუსტი ნებისყოფის ადამიანები არიან, დამოკიდებულნი არიან პირად და ჯგუფურ ინტერესებზე; ისინი არ არიან საკმარისად განათლებულები და გონიერები. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანებს სახელმწიფოს მშენებლობაზე ზედაპირული წარმოდგენაც კი არ აქვთ და ამ ქვეყნის მომავალს საკუთართან მომავალთან ვერ აკავშირებენ”
ეს არის ჩვენი პრობლემა და მისი მიზეზები ჩვენშია.
ახლა ან შეურიგდი ან აჯანყდი – გადაწყვეტილების მომენტი დადგა!“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო