საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა. რა გაძვირდა და ვინ გაღარიბდა ყველაზე მეტად
ინფლაცია საქართველოში
საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნომინალური შემოსავალი ბოლო ერთ წელიწადში არ გაზრდილა, ან გაიზარდა მხოლოდ 10-12 პროცენტამდე, ახლა მძიმე დღეში არიან – ისინი ინფლაციამ გააღარიბა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში ინფლაცია 12.9 პროცენტს აღწევს და უახლოეს მომავალში ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საფუძველიც არ არსებობს.
ეს ბოლო წლების ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია: 2012-2020 წლებში საქართველოში ყველაზე მაღალი 6 პროცენტიანი ინფლაცია 2017 წელს დაფიქსირდა, მაშინ როდესაც საწვავზე აქციზის საფასური გაორმაგდა. გასულ წელს საშუალოწლიურმა ინფლაციის განაკვეთმა 9.6-ს მიაღწია.
ინფლაცია სხვადასხვა დოზით ყველა სახელმწიფოს ეკონომიკისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, ის ზოგჯერ 1-2 პროცენტის ფარგლებშია და ასატანი ხდება, ზოგჯერ კი ბანკნოტის ნომინალური ღირებულება მისი ბეჭდვის ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. საქართველომ ეს ეტაპი ერთხელ უკვე გამოიარა.
დღეს ლარი კუპონიზაციის გზას არ ადგას, მაგრამ სამომხმარებლო ფასების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით ზრდა მრავალ ადამიანს მაინც საარსებო წყაროს გარეშე ტოვებს.
► რამდენით გაძვირდა ცხოვრება საქართველოში
ამის ზუსტად თქმა რთული და თითქმის შეუძლებელია. თუმცა, საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველოში ცხოვრება გაძვირდა:
● ბოლო ერთ წელიწადში – 11.5 პროცენტით;
● პანდემიის დაწყებიდან დღემდე – 24.8 პროცენტით;
● ბოლო ხუთ წელიწადში – 40 პროცენტით;
● “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან – 63 პროცენტით;
● “ვარდების რევოლუციის” შემდეგ – 174 პროცენტით;
● საუკუნის დადგომიდან დღემდე – 216 პროცენტით
● ლარის ემისიის მომენტიდან, ანუ 1995 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული 417 პროცენტით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლარის ემისიის მომენტში 1 ლარიანს უფრო მეტი ძალა ჰქონდა ვიდრე დღეს 5 ლარიანს.
რამ გამოიწვია ორნიშნა ინფლაცია?
ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს რამდენიმე მიზეზი აქვს.
საწვავი
საწვავის ფასი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ინფლაციაზე მოქმედებს.
2020 წელს პანდემიისა და რეგულაციების შედეგად საქართველოს ეკონომიკა პირველად 1994 წლის შემდეგ 6.8 პროცენტით შემცირდა, იმავე წელს საქართველოში სამომხმარებლო ფასები 5.2 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ინფლაცია ნავთობზე ფასების ვარდნამ შეაკავა.
დღეს ბენზინი საშუალოდ 145 პროცენტით, დიზელი კი, 215 პროცენტითაა გაძვირებული.
ნავთობზე ფასების ზრდა 2020 წლის დეკემბრიდან ვაქცინის გამოჩენასთან ერთად დაიწყო და მთელს 2021 წელს გაგრძელდა. 2020 წელს OPEC+ ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება რეკორდულად – 10 პროცენტით შემცირეს და ამით კოლაფსი თავიდან აირიდეს. თუმცა, რადგან მოთხოვნა 10 პროცენტზე ბევრად მეტად იყო შემცირებული, ბარელის ფასი 50 დოლარიან ნიშნულს დეკემბრამდე არ ასცილებია.
2021-ში კი პირიქით, პანდემიის მწვავე ფაზის ჩაცხრობასთან ერთად, მოთხოვნა გაიზარდა და მიწოდებას გადააჭარბა, რამაც ფასებს ზრდა გამოიწვია. 2022 წელს რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი წამოიწყო.
შედეგად, პირველად 2014 წლის შემდეგ, ნავთობის ფასმა 100 დოლარიანი “ფსიქოლოგიური” ბარიერი გადალახა და მარტში რაღაც პერიოდის განმავლობაში 130 დოლარსაც გადააჭარბა.
● საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. გაიზარდა პროდუქტების ფასებიც
● საქართველოში პროდუქტებზე ფასები იზრდება. მთავრობა ამბობს, რომ ყველაფერი ომის ბრალია
● სიღარიბე, ინფლაცია, კორონავირუსი. NDI-ს ახალი კვლევის მთავარი მიგნებები და ტენდენციები
ამას ემატება შიდა ფაქტორებიც, პირველ რიგში, აქციზის ფასი. 2017 წლიდან ბენზინზე აქციზის საფასური საქართველოში გაიზარდა და 500 ლარი გახდა (ლიტრზე 38 თეთრი), ხოლო დიზელზე 400 ლარი (ლიტრზე 31 თეთრი).
აქციზის გარდა საწვავი, ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტი დღგ-თიც იბეგრება, რაც ცვლადია – რაც უფრო მაღალია ნივთის ღირებულება ყველა ხარჯის, მათ შორის საოპერაციო ხარჯის გათვალისწინებით, მით მეტია დღგ.
ასე რომ, 2022 წელს კონკურენციის სააგენტოს კვლევის მიხედვით, მომხმარებელი ყოველ ერთ ლიტრ ბენზინში 1 ლარს მხოლოდ აქციზსა და დღგ-ში იხდის.
მეორე წელია პოლიტიკური პარტიები თუ საინიციატივო ჯგუფები საწვავზე აქციზის გაუქმებას ან განახევრებას ითხოვენ, რასაც მთავრობა საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვის არგუმენტით კატეგორიულად არ თანხმდება.
2021 წელს იმპორტირებული ბენზინის მოცულობამ 789 ათასი ლიტრი, ხოლო იმპორტირებული დიზელის მოცულობამ 664 ათასი ლიტრი შეადგინა და ამ გზით ჯამში 597 მლნ ლარი შევიდა (აქციზი და დღგ ერთად).
საწვავი უკიდურესად არაელასტიური პროდუქტია, მისი გაძვირება მოხმარებას ვერ ამცირებს, ან ამცირებს, მაგრამ უმნიშვნელოდ. ინფლაციაზე ტრანსპორტის ხარჯთან ერთად მოსავლის მოყვანის ხარჯების ზრდაც მოქმედებს, მით უფრო მაშინ, როდესაც დიზელი ბენზინზე მეტად გაძვირდა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კი, იქნება ეს ტრაქტორი თუ კომბაინი, საწვავად როგორც წესი დიზელს იყენებს.
ხორბალი
საქართველო საწვავზე ასი პროცენტით, ხორბალზე კი 85-90 პროცენტით იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. საქსტატის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი – პური 27 პროცენტით გაძვირდა, სხვა პურ-პროდუქტები 29 პროცენტით.
პურის გაძვირება საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება, ასევე კიდევ ერთი და უმთავრესი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. ამ ორ ქვეყანაზე ჯამში ხორბლის ექსპორტის 30 პროცენტი მოდის. ამ დროისათვის უკრაინის პორტებში 22 მლნ ტონა ხორბალია ბლოკირებული, რაც 100 მლნ ადამიანის წლიურ მოხმარებას უთანაბრდება. შეთანხმების შემდეგ მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა უკრაინულმა გემმა თურქეთში მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში ჩააღწია.
კომუნალური გადასახადები
ბოლო 18 თვეში ენერგომატარებლებიდან მხოლოდ საწვავი არ გაძვირებულა. ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალზე კომუნალურმა გადასახადმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
თბილისში ფიზიკური პირებისთვის ბუნებრივი გაზი 17 პროცენტით, მეწარმეებისთვის 57 პროცენტით გაძვირდა. რეგიონებში ფიზიკური პირებისთვის გაზი არ გაძვირებულა, მეწარმეებისთვის კი 45 პროცენტით გაძვირდა.
მართალია, ფიზიკური პირებისთვის გადასახადი შედარებით მცირედით გაიზარდა, მაგრამ როგორ მოიქცევა მეწარმე, რომელსაც ბუნებრივი გაზი კუბურ მეტრზე 86 თეთრიდან 1.35 ლარამდე ან 95 თეთრიდან 1.38 ლარამდე უძვირდება? რა თქმა უნდა, ის თავის პროდუქციას აძვირებს.
ელექტროენერგიაც 2021 წელს ფიზიკურ პირებს 18-24 პროცენტით, ხოლო იურიდიულ პირებს 55-70 პროცენტით გაუძვირდათ, წყალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 16 პროცენტით, კომერციული სექტორისთვის 48 პროცენტით გაძვირდა.
მომხმარებელზე ზრუნვის მოტივით, კომერციული სექტორი ფიზიკურ პირებთან შედარებით ელექტროენერგიაში 40%-ით, ბუნებრივ გაზში 150%-ით და წყალში 1200%-ით მეტს იხდის, მაგრამ აღნიშნულ სხვაობას საბოლოო ჯამში გაძვირებული პროდუქციის შესყიდვის გზით ისევ მომხმარებელი ფარავს.
ვინ გაღარიბდა ყველაზე მეტად?
სტატისტიკურო მონაცემები ყოველთვის განზოგადებულია და იმას არ ნიშნავს, რომ ის ყველასთვის საერთოა.
ყველა ადამიანი ინფლაციას განსხვავებულად გრძნობს და ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული – ჰყავს თუ არა ადამიანს ავტომობილი, მოიხმარს თუ არა თამბაქოს ნაწარმს, იღებს თუ არა მედიკამენტებს და ა.შ.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5 პროცენტით გაიზარდა, თუმცა სურსათი ბევრად უფრო მეტით – 16.4 პროცენტით გაძვირდა. მათ შორის პურ-პროდუქტები 29 პროცენტით.
რაც უფრო ღარიბია ოჯახი, საკვებში პროცენტულად შემოსავლის უფრო დიდ წილს ხარჯავს. ზოგ შემთხვევაში საკვებზე გაწეულმა ხარჯმა შესაძლოა 70 ან 80 პროცენტსაც კი გადააჭარბოს.
ანუ, სოციალურად დაუცველისთვის, რომელსაც, წიწიბურა 25 პროცენტით, პური 27 პროცენტით და ვერმიშელი 30 პროცენტით გაუძვირდა, ფოტოაპარატის 10 პროცენტით ან მტვერსასრუტის 7 პროცენტით გაიაფება შეღავათი ვერ იქნება და ინფლაციას ვერ დაუბალანსებს.
2022 წლის იანვრიდან საქართველოში ნომინალური ასაკობრივი პენსია 20-25 ლარით გაიზარდა და 70 წლამდე ადქამიანებისთვის 260 ლარი გახდა, 70 წელს ზემოთ – 300 ლარი. თუმცა, პენსიონერები მაინც გააღარიბდნენ, რადგან 2021 წლის პენსიას უფრო მეტი მსყიდველუნარიანობა ჰქონდა.
საქსტატის ინფლაციის კალკულატორის თანახმად, იმ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად, რისთვისაც 2021 წლის იანვარში 240 ლარი საკმარისი იყო, 2022 წლის ივნისში 292 ლარის გადახდაა საჭირო, მაშინ როცა პენსია მხოლოდ 260 ლარამდე გაიზარდა. 275 ლარი კი მსყიდველუნარიანობით დღევანდელ 335 ლარს გაუთანაბრდა.
უკუგადათვლით, დღევანდელი 260 ლარი 19 თვის წინანდელი 214 ლარის ექვივალენტურია და დღევანდელი 300 ლარი იმავე ძალისაა რაც 2021 წლის 247 ლარი იყო. ანუ მართალია პენსიები 20-25 ლარით გაიზარდა, მაგრამ მათი მსყიდველუნარიანობა 26-28 ლარითაა შემცირებული.
ამ ყველაფრის შედეგიც სახეზეა: 2020 წელს საქართველოში სოციალურ შემწეობას მოსახლეობის 11.7 პროცენტი – 432 ათასი ადამიანი იღებდა, 2021 წლის იანვარში მოსახლეობის 14.4 პროცენტი – 532 ათასი ადამიანი, ხოლო 2022 წლის ივლისში უკვე მოსახლეობის 18 პროცენტი – 661 ათასი ადამიანი.
მართალია, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდა პანდემიის პერიოდში ოჯახების გადამოწმებაზე გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება, თუმცა ასეთი დრამატული ზრდა მხოლოდ მორატორიუმით მაინც ძნელად აიხსნება.
როგორ მანიპულირებს საქსტატი ციფრებით
მოსახლეობის ნაწილი სტატისტიკას სკეპტიკურად უყურებს, ფიქრობს, რომ ის ხელოვნურადაა შემცირებული და სინამდვილეში ცხოვრება ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით ბევრად უფრო მეტად გაძვირდა.
მსგავს მოსაზრებას ნამდვილად აქვს არსებობის საფუძველი.
● 2022 წლის 1-ლი თებერვლიდან მეტროთი ერთჯერადი მგზავრობის საფასური გაორმაგდა და ერთი ლარი გახდა. მართალია 0, 10 და 20 თეთრიანი საშეღავათო ტარიფებიც შენარჩუნდა და სააბონენტო ბარათებიც ამოქმედდა, თუმცა მგზავრთა არც თუ ისე მცირე ნაწილს, არა აქვს საშუალება ექვს თვიანი ან ერთ წლიანი აბონემენტი შეიძინოს. შესაბამისად, მათთვის მგზავრობა ნამდვილად გაუძვირდა, საქსტატი კი მიიჩნევს რომ ტარიფი არ შეცვლილა.
● საქსტატი ასევე ამტკიცებს, რომ მობილური ტელეფონის გადასახდელი მხოლოდ 3.7 პროცენტით გაიზარდა. აბონენტთა რაოდენობით მობილური ოპერატორების ლიდერმა მაგთიკომმა ულიმიტო სასაუბრო დროის ფასი 25-დან 30 ლარამდე გაზარდა, რაც 20 პროცენტიან მატებას ნიშნავს, ერთკვირიანი მობილური ინტერნეტის საფასური კი 5-დან 9 ლარამდე ანუ 80 პროცენტით. 50 პროცენტით გაიზარდა 5 დღიანი ინტერნეტპაკეტის საფასური ჯეოსელშიც. რაც შეეხება ბილაინს მან წუთობრივი ტარიფი 40 პროცენტით 10-დან 14 თეთრამდე გაზარდა.
რას აკეთებს ხელისუფლება ინფლაციის შესაკავებლად?
ფასების სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პასუხისმგებლობაა.
სებმა ბოლო 1.5 წელიწადში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8 პროცენტიდან 11 პროცენტამდე გაზარდა, რის შედეგადაც 190 ათასამდე პირს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი გაუძვირდა.
თუმცა, მიზანი ეს არ ყოფილა, მიზანი იყო ის, რომ ახალი სესხი ნაკლებ ადამიანს აეღო.
გამკაცრდა სამომხმარებლო სესხების გაცემის პირობებიც – ვისი ხელფასიც 1500 ლარზე ნაკლებია, ის სესხში ყოველთვიურად ხელფასის 25 პროცენტზე მეტს ვეღარ გადაიხდის, 2022 წლის 15 აგვისტოდან კი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე მცირდება.
ფასების სტაბილურობისგან განსხვავებით, გავრცელებული მცდარი აზრის საწინააღმდეგოდ, ვალუტის კურსი ეროვნული ბანკის პირდაპირი პრეროგატივა არ არის. ცხადია ის ინფლაციაზეც ახდენს გავლენას, მაგრამ არც იმდენად დიდს.
2013-2019 წლებში ლარი დოლართან მიმართებაში 73 პროცენტით გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასები კი მხოლოდ 29 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა ბოლო 1.5 წელიწადში ლარი 16 პროცენტით გამყარდა, მაგრამ იმავე პერიოდში ფასების საერთო დონე ოფიციალურად 22 პროცენტით გაიზარდა. საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებამ შეიძლება მხოლოდ ინფლაციის ტემპი შეანელოს. მასობრივად ძველი ფასების დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელია.
რეალურად ფასებზე ზემოქმედების უფრო მეტი ბერკეტი მთავრობის განკარგულებაშია, მაგრამ საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვის მოტივით, ის აქციზის საფასურის შემცირებას არც კი განიხილავს.
პურზე, ან რომელიმე პირველადი მოხმარების პროდუქტზე სუბსიდირების დაწესების შემთხვევაში, ფასები შესაძლოა მართლაც შემცირდეს, მაგრამ რადგან მთავრობას საკუთარი ფული არ გააჩნია და ამა თუ იმ პროგრამას ბიუჯეტიდან აფინანსებს, რომელსაც თავის მხრივ გადასახადის გადამხდელები ავსებენ, სუბსიდია რეალური დახმარების ნაცვლად მოქალაქეების თანხების ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანა უფრო იქნება. გადასახადების თუნდაც მხოლოდ კონკრეტულ პროდუქტებზე შემცირების შემთხვევაში კი, ტრანზაქციის ხარჯებიც დაიზოგება და სასურველი მიზანიც უფრო მარტივად მიიღწევა.
ინფლაცია საქართველოში