დაძაბული ვითარება მთიან ყარაბაღში: რას ამბობენ ერევანში და ბაქოში
დაძაბული ვითარება მთიან ყარაბაღში
მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავება 1 აგვისტოდან დაიწყო. მესამე დღეს სომხური მხარე უკვე ავრცელებს ინფორმაციას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების შესახებ. შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, არიან დაშავებულები.
3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ასევე ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
2 აგვისტოს რუსეთის სამშვიდობო მისიამ, რომელიც პასუხისმგებელია კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, დაადასტურა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სამჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლება იუწყება, რომ ოფიციალურმა ბაქომ, რუსი სამშვიდობოების მეშვეობით, მოითხოვა უახლოეს მომავალში ყარაბაღსა და სომხეთს შორის კომუნიკაციის მარშრუტის შეცვლა. ჯერჯერობით ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც აკავშირებს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს. ანუ საუბარია ახალ გზაზე – ლაჩინის დერეფნის ალტერნატივაზე.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა უკვე განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის ეს მოთხოვნა არალეგიტიმურია.“
ამ დროისთვის ცნობილი ყველა დეტალი, ასევე ანალიტიკოსების მოსაზრებები გამწვავების შესაძლო მიზეზების შესახებ.
ინფორმაცია ერევნიდან
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. გამწვავების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დრონები გამოიყენა – ორი სომეხი სამხედრო დაიღუპა და 14 დაიჭრა.
ხმები იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში 3 აგვისტომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, უარყვეს, მხოლოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვითარება სტაბილურად დაძაბული იყო. 1 აგვისტოს ასევე გავრცელდა ინფორმაცია ერთი სომეხი ჯარისკაცის დაჭრის შესახებ.
მაგრამ ესკალაციის მესამე დღეს, არაღიარებული ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო დაძაბულობის ახალი ფაზა.
მასში აზერბაიჯანის ქმედებები კვალიფიცირებულია როგორც „სომხეთის სიძულვილის კიდევ ერთი გამოვლინება; რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევის, ასევე სამშვიდობო მისიის დისკრედიტაციის უხეში მცდელობა“.
„არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მიზანმიმართულად შეაფასოს აზერბაიჯანის ქმედებები და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ოფიციალური ბაქოს დესტრუქციული პოლიტიკის შესაჩერებლად. არცახის სომხები არიან ურყევი და გადაწყვეტილი აქვთ, იცხოვრონ თავისუფლად და დამოუკიდებლად საკუთარ მიწაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.
იმავდროულად, მთიანი ყარაბაღის ადგილობრივი ოპოზიცია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურთან შეხვედრას ითხოვს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სამშვიდობოებს ან არ შეუძლიათ, ან არ სურთ თავიანთი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ შეხვედრა მათ მეთაურთან, დავუსვათ მათ კონკრეტული კითხვები და მივიღოთ მათზე პასუხი. არცახელებმა უნდა იცოდნენ, რას უნდა ელოდონ, რათა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები და გადადგას საჭირო შემდგომი ნაბიჯები.
თუ საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა უარს იტყვის შეხვედრაზე, მაშინ იქნება საზოგადოების ზეწოლა ამ შეხვედრის მისაღწევად“, – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.
მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან
2 აგვისტოს გავრცელდა ცნობები სატელეფონო საუბრების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ფაშინიანმა და პუტინმა განიხილეს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მირზოიანმა და ლავროვმა, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი:
- განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების ვითარება;
- გაცვალეს მოსაზრებები 2020 წლის ყარაბაღის 44-დღიანი ომის შედეგად გამოწვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებზე, კერძოდ, სომეხი სამხედრო ტყვეების და სხვა დაკავებულების გათავისუფლებასა და რეპატრიაციაზე;
- საუბარი შეეხო ორმხრივი ინტერესის რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა საკითხებს.
“დავასრულოთ ათწლეულების კონფლიქტი” – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი
სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგი სამხედრო ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა.
„ევროკავშირი მოწოდებულია გააღრმაოს თავისი ჩართულობა სამშვიდობო პროცესში. ჩვენ მხარეებთან რამდენიმე დონეზე ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს დაძაბულობა და გამოვიყენოთ ისტორიული შესაძლებლობა, რომ როგორმე დავასრულოთ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი“, – დაწერა კლაარმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
“აზერბაიჯანის მოთხოვნა არალეგიტიმურია” – სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი
აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი მოთხოვნა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებას რუსი სამშვიდობოების მეშვეობით გადასცა. ბაქო ითხოვს სომხეთსა და ყარაბაღს შორის ახალი მარშრუტით კომუნიკაციის ორგანიზებას. რა პირობებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
აზერბაიჯანი თავის მხრივ ლაჩინის შემოვლითი გზის მშენებლობის დასკვნით ეტაპზე გადადის. სომხურ მხარესთან ალტერნატიული გზა ჯერ მხოლოდ საპროექტო ეტაპზეა, მშენებლობის დაწყება კი ამ თვეში იგეგმება.
როგორ გაგრძელდება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის კავშირი მშენებლობის დასრულებამდე, თუ ბაქოს ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ჯერჯერობით ასევე გაურკვეველია.
ამ ეტაპზე ვიცით მხოლოდ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის რეაქცია, რომელმაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ამასთან, მან მოიშველია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გეგმა უნდა გადაწყდეს „მხარეების (რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი) ერთობლივი შეთანხმებით.”
„რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ჯერ შეთანხმებული გეგმა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, სომხეთი არც ერთ გეგმას არ დათანხმდა, ამიტომ აზერბაიჯანის მოთხოვნა არალეგიტიმურია“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.
კომენტარები ერევნიდან
ის, რომ აზერბაიჯანმა სწორედ ლაჩინზე „მოახდინა კონცენტრირება“, მოწმობს განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი ითხოვს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კომუნიკაციის მარშრუტის შეცვლას. მიიჩნევს პოლიტიკური დამკვირვებელი აკობ ბადალიანი.
ბადალიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანული მხარე ინტენსიურად აშენებს ალტერნატიულ გზას ბოლო თვეების განმავლობაში, რადგან ბაქო იმედოვნებს, რომ ამ გზით დაიკავებს ლაჩინს.
„რატომ აყენებს ახლა ბაქო მსგავს მოთხოვნებს, თუკი 9 ნოემბრის შეთანხმება მკაფიოდ განსაზღვრავს სამწლიან პერიოდს? იმიტომ, რომ გზა აქ არაფერ შუაშია. ბაქო უბრალოდ ეძებს სიტუაციის გამწვავების საბაბს“
დამკვირვებლის თქმით, ბაქო კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას სავარაუდოდ იმიტომ, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრის პირობები არ შეასრულა.
წინა დღეს შოიგუსა და გასანოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, მათ უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
„ამ საუბრის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი შეეხო 1 აგვისტოს პროვოკაციას და განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სამჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის პირობა“ – აღნიშნავს ჰაკობ ბადალიანი.
ანალიტიკოსს ჯერ კიდევ აქვს კითხვები – რა ხდება რეალურად მთიან ყარაბაღში ესკალაციის ხაზზე და რა არის დაძაბულობის გაზრდის მოტივი. მისი თქმით, ერთი რამ ცხადია: გამწვავება დიპლომატიური პროცესების გააქტიურების ფონზე ხდება. ის დამთხვევად არ მიიჩნევს, რომ ესკალაცია ხდება პუტინისა და ერდოღანის 5 აგვისტოს სოჭში დაგეგმილ შეხვედრამდე.
ხელოვნური დაძაბულობის შექმნით აზერბაიჯანი ცდილობს აიძულოს სომხეთი მტკივნეული დათმობებისკენ, ამბობს პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი.
„აზერბაიჯანი დიდი ხანია ემზადება ამ ესკალაციისთვის. ბაქო მუდმივად ადანაშაულებდა სომხურ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ყელბაჯარის რეგიონის სამხრეთიდან ლაჩინის რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე. ანუ ამ ოპერაციებისთვის გარკვეული საინფორმაციო ფონი მზადდებოდა“.
ის ამბობს, რომ არსებული ესკალაცია სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზრდება.
„მაგრამ აშკარაა, რომ აზერბაიჯანი უახლოეს საათებში და დღეებში შეეცდება პოზიციური წარმატების მიღწევას.“ – განაცხადა პოლიტოლოგმა.
ინფორმაცია ბაქოდან
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
3 აგვისტოს დილით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის 3 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმიის ნაწილების პოზიციებზე, ლაჩინის რეგიონის მიმართულებით, განხორციელდა ინტენსიური დაბომბვა უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით არის განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი, რის შედეგადაც სამხედრო მოსამსახურე ანარ კიაზიმოვი დაიღუპა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთმა არ შეასრულა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკანონო სომხური შეიარაღებული დაჯგუფებები ჯერ არ გაუყვანია აზერბაიჯანის ტერიტორიიდან.
„3 აგვისტოს პროვოკაცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხეთმა უხეშად დაარღვია სამმხრივი შეთანხმება და ამავდროულად დააზიანა ძალისხმევა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ეს ასევე მიუთითებს სომხეთის მხრიდან საერთაშორისო შუამავლების მიმართ უპატივცემულობაზე.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას, რომელსაც ჯერ არ გამოუყვანია თავისი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან.
ჩვენ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ზომის მიღებას აზერბაიჯანის ტერიტორიების უსაფრთხოებისა და მისი საზღვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება
3 აგვისტოს საღამოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში იმ დღის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“ოპერაციის ფარგლებში განადგურდა უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე საბრძოლო პოზიცია, ასევე განხორციელდა საჰაერო დარტყმა სამხედრო ნაწილზე ყოფილი აგდარას რაიონის დასახლებაში იუხარა ორათაღში. შედეგად დაიღუპა და დაიჭრა უკანონო სომხური დაჯგუფების წევრები, ასევე განადგურდა რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო მანქანა და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკამ არაერთხელ განაცხადა, რომ სამმხრივი განცხადების საწინააღმდეგოდ, სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო სომხური დაჯგუფებების არსებობა აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, რუსული სამშვიდობო კონტინგენტის დროებითი პასუხისმგებლობის ზონაში, საფრთხის შემცველია. ამ ტერიტორიების დემილიტარიზაცია, იქიდან სომხური ჯარების სრული გაყვანა და უკანონო სომხური ბანდების განიარაღება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უფლებაა.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით ხელმძღვანელობს და ამიერიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიებზე განხორციელებული ნებისმიერი ტერორი და პროვოკაცია მტკიცედ იქნება აღკვეთილი – ხოლო საპასუხო ზომები კიდევ უფრო გამანადგურებელი.” – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარი ბაქოდან
„თუ ყურადღება მიაქციეთ, კიდევ ერთი ესკალაცია მოხდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრის შემდეგ“, – ასე ეხმაურება აზერბაიჯანელი პოლიტიკური დამკვირვებელი შაჰინ ჯაფარლი მიმდინარე მოვლენებს.
მისი თქმით, რუსეთი არ არის დაინტერესებული აზერბაიჯანისა და სომხეთის პრობლემების მხოლოდ ერთმანეთთან, ორმხრივი განხილვით.
„მოსკოვი გვირჩევს გადავიდეთ მხოლოდ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში“, – განაცხადა მან.
ჯაფარლი ამტკიცებს, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რეგიონში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის არსებობას და სწორედ ამიტომ, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია დაძაბულობის მართვა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ზოგჯერ მხარეებს პროვოკაციების უფლებას აძლევს.
„კონფლიქტური სიტუაციის გაგრძელება აუცილებელს ხდის სამშვიდობოების ყოფნას და, როგორც იქნა, ლეგიტიმაციას უწევს ამ ფაქტს. რუსეთი აგზავნის მსოფლიოსთვის გზავნილს, რომ აზერბაიჯანელები და სომხები მზად არიან ცოცხლად დაჭამონ ერთმანეთი და თუ იქ რუსული ჯარი არ იქნება. რეგიონში არსებული მდგომარეობის ამ მოცემულობით, დასავლეთი იძულებულია დაეთანხმოს, რომ რუსი ჯარისკაცი არის რეგიონში სომხების უსაფრთხოების გარანტი.
ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ყარაბაღში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები არ ემორჩილებიან ფაშინიანის მთავრობას. სომხეთის შეიარაღებული ძალები ხვალვე რომ გავიდნენ ყარაბაღიდან, რუსეთი გააგრძელებს პროვოკაციებს ამ ფორმირებების მეშვეობით.
მეორეს მხრივ, ფაშინიანის მთავრობის ხერხემალი ძალიან მყიფეა და პრორუსული ოპოზიცია ძალიან ძლიერია რესურსების მხრივ. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია სომხეთში სიტუაციის დესტაბილიზაცია და იქ ქაოსის შექმნა. ამის გამო, ფაშინიანის მთავრობა აზერბაიჯანთან დიალოგში ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ ყველაფერი: ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ.” – განაცხადა შაჰინ ჯაფარლიმ.