ივანიშვილის წერილი: კელი დეგნანთან შეხვედრაზე, ომში ჩართვაზე და მმართველ გუნდზე
ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ იგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.
წერილში, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა, საუბარია ასევე იმაზე, რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელიც საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ.
რა წერია ივანიშვილის განცხადებაში:
პოლიტიკიდან წასვლაზე და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე
წერილის დასაწყისშივე ივანიშვილი ცდილობს ახსნას, რომ ნამდვილად არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში.
ივანიშვილი წერს, რომ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ გავიდა და მას შემდეგ, ამ გადაწყვეტილებას სრულად იცავდა და იცავს.
“არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის”.
● ყველა ამბობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. რაში გამოიხატება ის? მაგალითები
● ქადაგიძე: 10 ნაბიჯი რასაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა, უკრაინას ნამდვილად რომ უჭერდეს მხარს
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
-
კონტექსტი: დეოლიგარქიზაცია
ევროკავშირის მიერ, საქართველოსთვის გადაცემულ 12 პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს, დეოლიგარქიზაციაა. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “დეოლიგარქიზაციაში” ბიძინა ივანიშვილი არ იგულისხმება, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ქვეყნის მთავარი ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი, რომელიც ქვეყანას ჩრდილიდან მართავს, სწორედ ბიძინა ივანიშვილია. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ პირდაპირ თქვა, რომ “დეოლიგარქისაციის” ქვეშ სწორედ “დებიზინიზაცია” იგულისხმება.
საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე
წერილში ივანიშვილი იმეორებს აზრს, რომელიც რამდენიმე თვეა მუდმივად ისმის “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან – არიან ძალები, რომლებიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ.
სიტყვას “ომი” ივანიშვილი რვაჯერ ახსენებს წერილში.
“რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე… გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია”, – აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.
ივანიშვილი აქებს მმართველ გუნდს, რომლის “სწორი და პრინციპული პოზიციის” წყალობით, “ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადაილახა”.
თუმცა, საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რჩება, აფრთხილებს იგი საქათველოს მოსახლეობას:
“უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან”.
-
კონტექსტი: აბა ომი გინდა?!
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველო ოფიციალურად არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის საქციებს. ხელისუფლების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რადგან სანქციების მიერთების შემთხვევაში რუსეთი დაიწყებდა საქართველოს წინააღმდეგ ომს. უკრაინის ომის პირველივე დღეებიდან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ავრცელებენ და აძლიერებენ ნარატივს, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს უბიძგოს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისკენ და ამრიგად ჩართოს ომში. “ომი გინდა?!” – ეს ფრაზა, რომელსაც ხელისუფლების წიარმომადგენლები ბოლო თქვეების განმავლობაში ნებისმიერი კრიტიკის საპასუხოდ იყენებენ, საქართველოში უკვე იქცა მემად.
უკრაინის ომზე
მიუხედავად იმისა, რომ ეს ივანშვილის პირველი საჯარო განცხადებაა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თავად ომს და რუსეთის აგრესიას იგი წერილში არ ეხება და არ აფასებს. “რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარება” – ასე აფასებს იგი მოვლენებს.
ფრაზას “უკრაინის ომს” ორჯერ ახსენებს, ორივეჯერ დროის აღნიშვნის კონტექსტში:
“უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება…”
“რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ..,”
ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან
ივანიშვილი წერს, რომ დღეს, როდესაც “ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული”, მმართველ გუნდს შეუძლია სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებითაც დაკავდეს – “იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს”.
კონტექსტი:
შვეიცარიული ბანკი
ივანიშვილი პირდაპირ მიანიშნებს, რომ შვეიცარიულმა ბანკმა მას პრობლემები იმის გამო შეუქმნა, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში.
“პრობლემას… რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია… საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხემ გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო”.
აქვე ივანიშვილი მიანიშნებს, რომ შვეიცარული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას საზოგადოების საჭიროებისთვის გეგმავდა.
-
კონტექსტი: დავა შვეიცარულ ბანკთან
საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის და პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებს. ივანიშვილის ადვოკატების თქმით, შვეიცარულმა ბანკმა ხელოცნურად და უკანონოდ შეაფერხა ივანიშვილის ტრანზაქციები, რითიც დიდი თანხით აზარალა.
ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ხელისუფლების წარმომადგენლები და ივანიშვილის მხარდამჭერები განცხადებებით გამოვიდნენ – ისინი აცხადებდნენ, რომ ეს ფული შვეიცარულმა ბანკმა, ფაქტობრივად, ქართველ ხალხს წაართვა, რადგან ივანიშვილს ეს თანხა ქველმოქმედებაში უნდა დაეხარჯა. ასევე გაკეთდა განცხადებები, რომ შვეიცარული ბანკის უკან ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები დგას, რომ აშშ შანტაჟს მიმართავს, რათა აიძულოს საქართველო, რომ ომში ჩაერთოს. მსგავსი განცხადებები ისმის მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდანაც. მაგალითად, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე თქვა, რომ “ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია კითხვებს აჩენს.”
შეხვედრა ელჩ დეგნანთან
საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შესახებ ივანიშვილი წერილის სულ ბოლო აბზაცში საუბრობს.
იგი ამბობს რომ შეხვედრა 21 მარტს ელჩის თხოვნით შედგა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ივანიშვილი არ აკონკრეტებს საუბრის დეტალებს და არც შეხვედრის ადგილს.
ციტატა:
“დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.
-
კონტექსტი: ქართული ოცნების ანტიდასავლური კამპანია
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი უკანასნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი გახდა. ისინი ელჩს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებენ ბრალს.
ამან კამპანიური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” რიგებს გამოეყო სამი დეპუტატი – სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე. მათ პირდაპირ თქვეს, რომ “ოცნებიდან” გავიდნენ იმიტომ, რომ ღიად აკრიტიკონ დასავლეთი და კერძოდ კი კელი დეგნანი, რომელიც მათი თქმით, ქვეყნის ჩართვას ცდილობს ომში. პირველი განცხადება იმაზე, რომ დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა უკრაინაში ომის შემდეგ, სწორედ მათ გააკეთეს. ამ სამეულის ვერსიით, დეგნანი ივანიშვილს ომში ჩართვას აიძულებდა.
_____________________________________
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს გამოჩნდა – შექმნა ოპოზიციური პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაარქვა, შემოიკრიბა მთელი იმდროინდელი ოპოზიციური სპექტრი და დაუპირისპირდა პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ მოიგო და „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა. 2012 წლის ნოემბერში ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.
13 თვის შემდეგ – რაც მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო – ივანიშვილმა თქვა, რომ მან შეასრულა თავისი ამოცანა და საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერის თანამდებობა.
ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორში ინაცვლებდა. მისი გადადგომის შემდეგ ქვეყანამ ოთხი პრემიერი გამოიცვალა.
2018 წლის აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა საჯარო პოლიტიკურ სივრცეში და მმართველი გუნდის – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გახდა.
2021 წლის 11 თებერვალს, მოგებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ [რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა] ივანიშვილი პოლიტიკიდან მეორედ წავიდა – როგორც თავად ამბობს, ახლა უკვე საბოლოოდ.
პოლიტიკიდან წასვლის მთავარი მიზეზი, მისი თქმით, არის ის, რომ “მის მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი მიღწეულია”.
ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველია. მის ქონებას „ფორბსი“ 4.8 მილიარდი დოლარად აფასებს.