55 ათასი ადამიანი გავიდა საქართველოდან ევროპაში უვიზოდ და მათგან 3 ათასი უკან არ დაბრუნებულა
გაზიარება
გაზიარება
დღეის მონაცემებით, 28 მარტიდან, ანუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების დღიდან, საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით. მათგან ამ დროისთვის 3 ათასი მოქალაქე საქართველოში არ დაბრუნებულა.
დაარღვია თუ არა ამ 3 ათასმა მოქალაქემ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის პირობები, ამ კითხვაზე ცალსახა და პირდაპირი პასუხი ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან შესაძლებელია, რომ მათგან ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს, ამბობს მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, ყველა ის პირი, რომელიც უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული 90 დღის გასვლის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.
„შეიძლება მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი – ბელარუსში, ზოგი – თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყავს პოტენციურ რისკ ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს – რომელი რეგიონებიდან წავიდნენ, ვინ არიან, რა კავშირები აქვთ, პოტენციურად რა შეიძლება აინტერესებდეთ და ა.შ. დიდი რისკები ჯერჯერობით არ გვქონია, ვინაიდან ძირითადი მასა, რომელიც გადის ქვეყნიდან, უკან ბრუნდება. იმ ქვეყნებიდანაც, სადაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან, ჯერჯერობით სიგნალები არ გვაქვს“, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.
შს მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ მონაცემებში არ შედიან ის პირები, რომლებმაც სახმელეთო საზღვრებით ისარგებლეს ან ევროკავშირში სხვა რომელიმე ქვეყნიდან მოხვდნენ.
„მაგალითად, თუ ვინმე ჩავიდა ბელარუსში, დარჩა იქ ერთი კვირა და მერე ჩავიდა ლიტვაში, ასეთი ხალხი ამ მონაცემებში არ ხვდება“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
2017 წლის 28 მარტს ამოქმედებული ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პირობების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში (და ასევე ამ ზონაში შესვლის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია) 180 დღეში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ. უფრო დეტალურად უვიზო მიმოსვლის პირებებზე წაიკითხეთ აქ