5 საავადმყოფო 440 საწოლით - სახელმწიფო ჰოსპიტალების მზადყოფნა კორონავირუსისთვის
გაზიარება
გაზიარება
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში კერძო საავადმყოფოები 3600 საწოლს გაათავისუფლებენ.
14 მარტს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხუთით გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა:
„გვაქვს ე.წ მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. სამწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები გვაქვს.“
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსთან საბრძოლველად მობილიზებულია კიდევ 4 სახელმწიფო საავადმყოფო.
15 მარტიდან პაციენტებს მიიღებს 5 კლინიკა: ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი მერვე საავადმყოფო), სადაც განთავსებულია 140 საწოლი. ასევე გამოთავისუფლდება რესპუბლიკური საავადმყოფო, გორის ჰოსპიტალი (140 საწოლი) და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა. სულ ხუთივე კლინიკაში 440 საწოლია.
არსებობს გეგმა ბ-ც, რომლის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, 3600 საწოლს გაათავისუფლებენ კერძო კლინიკები. ეს კლინიკებია: “ევექსი”, “ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფო”, “ნიუ ჰოსპიტალი” და “ავერსი”.
“ყველაზე ცუდი სცენარის შემთვხევავშიც კი, ამ საწოლების ათვისების საჭიროება არ დადგება, თუმცა სისტემა ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად,” – აცხადებს ცერცვაძე.
14 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 30 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54.