5 რამ, რაც სომხეთში ჩასულ ქართველს აკვირვებს
წელს პირველად ვიმოგზაურე სომხეთში, მართალია მხოლოდ ორი დღით, მაგრამ ამ მოკლე დროშიც მოვასწარი ბევრი რამის შემჩნევა, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა:
“როგორ ვგავართ ერთმანეთს!”
პირველად ვიყავი ქვეყანაში, რომელიც ასე ჰგავს საქართველოს. ერევნამდე მანქანით წავედით და ყველაფერი, რაც გზად შეგვხვდა, ძალიან მშობლიური და ნაცნობი იყო – ლანდშაფტი, სახლები, ეზოები, ძროხები, თივის ზვინები, ხალხი, მანქანები, მარკეტები, რესტორნები. პირველი შთაბეჭდილებაც ზუსტად ეს იყო – როგორ ვგავართ ერთმანეთს!
•ექსტრემალური ტურიზმი სომხეთის სოფლებში
•ძველი თბილისი და ახალი საქართველო. არის თუ არა ქვეყანა მზად ტურისტული ბუმისთვის
წიწმატი!
გზაში ორჯერ გავჩერდით საჭმელად, იქეთობისას – სევანში და უკანანა გზაზე – დილიჟანში (რომელსაც, როგორც გუგლმა გვაცნობა, სომხეთის შვეიცარიას ეძახიან). ორივეგან შევუკვეთეთ “მწვანილეულობა” . მოიტანეს ბოლოკი, მწვანე ხახვი, ოხრახუში, ტარხუნა და წიწმატი (!). რომელიმე მისი ნათესავი კი არა, არამედ ნამდვილი ჩვენებური წიწმატი, რომელიც აქამდე მხოლოდ ქართული “ფენომენი” მეგონა და არსად სხვაგან არ შემხვედრია. ზოგადად, ყველაფერი, რაც სომხეთში რესტორნებში მოაქვთ, ძალიან გემრიელია. იმაზე აღარაფერს დავწერ – როგორი იდენტური სუფრის კულტურა გვაქვს.
სერვისი
ეს ის პუნქტია, რაშიც საქართველო და სომხეთი ძალიან განსხვავდება. სერვისი ერთნაირად კარგი იყო ერევანშიც და პატარა ქალაქებშიც.
ერევნის ცნობილ “ჯაზ კლუბში” მთელი საღამო გაოგნებული ვუყურებდი როგორ ცეკვავდა სტუმრებთან ერთად მომსახურე პერსონალი ლაივ ბენდის სიმღერებზე. ვიფიქრე, რომ ამაზე აუცილებლად დავწერდი, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის დავაზუსტე, ჯაზ კლუბის მეპატრონე მიმტანებს ცეკვას ხომ არ აიძულებდა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ნებაყოფლობითია.
•რატომ არ ვითრდება აზერბაიჯანში ტურიზმი – 5 მიზეზი
•ბორჯომი – ბოლო გაჩერება. 35 ფოტო სევდიანი ქალაქიდან
ლუდის ბარში კი ისეთი მხიარული მიმტანები იყვნენ, ერთმა რაღაცაზე მაგრად დამცინა კიდეც და მერე მთელი გულით ერთად ვიცინოდით. და ეს ყველაფერი დიდი თავაზიანობით და უშუალობით ხდება. ზოგადად, სომხეთში ძალიან თავაზიანი ხალხი ცხოვრობს.
როგორ მაგრად მღერიან!
“ჯაზ კლუბშიც” და მოგვიანებით, ერევნის “ბომონდის” წვეულებაზეც, ვინც კი პირი გააღო, ყველა საოცრად მღეროდა. ისეთ სიმღერებს ასრულებდნენ უნაკლოდ მათ ავტორებსაც რომ უჭირთ ლაივში სიმღერა. არამხოლოდ მღერიან, ძალიან ენერგიულადაც მოძრაობენ და ცეკვავენ. ყველა ერთობა “დიდიან-პატარიანად”. ამ ქალაქში აშკარად იციან გართობა.
ქრთამი
როგორც კი ფეისბუქზე დავწერე, რომ სომხეთში მანქანით ვაპირებდი წასვლას, ეგრევე გამაფრთხილებელი კომენტარები წამოვიდა – რა გინდა სომხეთში მანქანით, “გაის” ვერ გადავურჩები, ქრთამი უნდა გაამზადო და ა.შ.
ერევანში ისე ჩავედით, არავის გავუჩერებივართ. უკანა გზაზე კი ყველა პროგნოზი გამართლდა – 50 კილომეტრის მანძილზე ორჯერ გაგვაჩერეს – ორივეჯერ მოგონილი, აბსურდული მიზეზით. საქმე რომ დიდი რაოდენობის “ჯარიმის გამოწერაზე” მიდგა, მალევე შემოგვთავაზეს “პრობლემის გადაჭრის გზა”: მხარზე კამერა მიმაგრებულმა პატრულებმა თითებით ჩუმად გვანიშნეს რამდენი უნდა მიგვეცა ქრთამი. ბანკომატიც თავად მიგვასწავლეს, საიდანაც დრამების გამოტანას შევძლებდით. ასე გადავიხადეთ ცხოვრებაში პირველი ქრთამი.
პოლიციელებს რომ გავცდით, ჩვენი სასტუმროს ახალგაზრდა ბარმენი გამახსენდა, რომელმაც საუზმისას მტვერსასრუტის ხმით შეწუხებულებს გვანიშნა – რა ვქნა, ჩვენი პრეზიდენტი მოდის და მის დასახვედრად ვემზადებითო. პრეზიდენტს რომ ამბობდა, ჰაერში ბრჭყალები მოხაზა. როცა ვკითხე, ბრჭყალებში რას გულისხმობდა, მიპასუხა, ჩვენი პრეზიდენტი ხომ სინამდვილეში პუტინიაო. შემდეგ იმაზეც ვილაპარაკეთ, რა მაგარია ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა და რა კარგი იქნებოდა, საქართველოს და სომხეთს ორივეს ერთად რომ ევლო ევროპისკენ.
მოკლედ, ჩემი დასკვნით, სომხეთი საქართველოა, რომელმაც უბრალოდ შეცდომით აირჩია სხვა გზა. თუ გაინტერესებთ როგორია ეს სხვა გზა – აუცილებლად ესტუმრეთ ამ ქვეყანას. ოღონდ მანქანით არა.