3 წელი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან - ომბუდსმენმა დისკრიმინაციის 30-ზე მეტი ფაქტი დაადგინა
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს სახალხო დამცველმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი შეაფასა. მან პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კანონში არსებული ხარვეზები და მათი აღმოფხვრის ხედვა გააცნო.
უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებიდან დღემდე 350-ზე მეტი საქმიდან დისკრიმინაციის ფაქტი 30 შემთხვევაში დადგინდა, ან გამოიკვეთა დისკრიმინაციის ხელშეწყობა. სახალხო დამცველის აპარატში შესული განცხადებები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი ეხებოდა სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.
სახალხო დამცველმა კანონში არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემაა, რომ კერძო სექტორს არ აქვს ვალდებულება სახალო დამცველს რეკომენდაციებზე უპასუხოს, ან ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე კანონით პირდაპირ არ არის აკრძალული დისკრიმინაციის ცალკეული ფორმები, როგორებიცაა, შევიწროება და სექსუალური შევიწროება. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველმა ძალიან ბევრი საქმე ვერ დაასრულა, რადგან მისი წარმომადგენლები არ შეუშვეს კონკრეტულ საწარმოში და არ ჰქონდა წვდომა სხვადასხვა დოკუმენტებზე.
ომბუდსმენის რეკომენდაციით, ფიზიკური და იურიდიული პირები კანონმა უნდა დაავალდებულოს სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის წარდგენა. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს სასამართლოსთვის მიმართვის ვადა, გაძლიერდეს მტკიცების ტვირთის სტანდარტი და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სახალხო დამცველს საქმის შესწავლის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ აღნიშნეს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს ცვლილებების განხორციელებას. თუმცა კანონპროექტში ცვლილებებს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, მათ შორის მმართველ პარტიაშიც