24 საათი დუბაიში
. აი, მე და ჩემი მეგობარი დუბაიში, უდაბნოში აყვავებულ ოაზისში ჩამოვედით. ორი გოგონა რუკზაკებითა და საჭმლითა და წყლით სავსე უზარმაზარი ჩანთით. ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ჩამოვედით, სადაც ბენზინი წყალზე რამდენჯერმე იაფია.
გადავწყვიტეთ, ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და დაგვედგინა, შეიძლება თუ არა დუბაიში დასვენება განსაკუთრებული ხარჯებისა და სასტუმროს გარეშე.
11.00
აეროპორტში ვართ. აქედან პირდაპირ ქალაქის ცენტრისკენ მივემართებით, სადაც დუბაი მოლი“, „ბურჯ ჰალიფა და დუბაის შადრევნები მდებარეობს. ავტობუსში უნდა ავიდეთ და უნდა მივაღწიოთ ტერმინალამდე, საიდანაც ქალაქის ცენტრამდე მეტროთიც შეიძლება მისვლა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, სულ ცოტა, სამი დირჰამი ($1) მაინც დაგიჯდებათ. ფასი მარშრუტის სიგრძეზეა დამოკიდებული და, შესაძლოა, 10 დირჰამამდე ($3) გაიზარდოს. ტაქსიტაც შეიძლება მგზავრობა, მაგრამ ეს შედარებით ძვირი სიამოვნებაა. მგზავრმა მინიმალური თანხა უნდა გადაიხადოს – მხოლოდ იმიტომ, რომ ავტომანქანაში ჩაჯდა. ამის შემდეგ თანხა ყოველ კილომეტრთან და ყოველ დამატებით წუთთან ერთად იზრდება. აეროპორტიდან მინიმალური ფასი 25 დირჰამია ($7)
12.00
ჩვენ უკვე დუბაის ცენტრში, სავაჭრო ცენტრ „დუბაი მოლში“ ვიმყოფებით. ამ ქალაქში ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობებს სწორედ სავაჭრო ცენტრები „წარმოადგენენ“. „დუბაი მოლი“ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრად ითვლება – აქ ათასზე მეტი ბუტიკი და ფირმა, გასართობი ადგილი და, რა თქმა უნდა, უფასო ინტერნეტია. შეიძლება რამდენიმე დღის მანძილზე იარო ამ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე და ყოველ წუთს რაიმე ახალი აღმოაჩინო. შეიძლება, თოვლსაც კი გადააწყდე – ხელოვნურს, მაგრამ მაინც თოვლს.
სავაჭრო ცენტრის ტუალეტები ნამდვილი დასასვენებელი ზონებია. საპირფარეშოებში ბავშვებისათვის ცალკე ოთახებია გამოყოფილი. სხვათა შორის, მსგავსი ოთახები მამაკაცების ტუალეტებშიც არის, იმიტომ რომ აქაური მამები შვილების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ და ხელში აჰყავთ ხოლმე მაშინ, როდესაც მათი შვილების დედები საყიდლებზე დადიან.
გვინდოდა, სადმე შეგვენახა ჩვენი ნივთები – რათა ნაკლებად დატვირთულებს გვევლო. ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობის გამოცდილებაზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ, ჩანთები სუპერმარკეტის საცავი დაგვეტოვებინა, მაგრამ… აღმოჩნდა, რომ დუბაიში მსგავსი არაფერი არსებობს. ქურდობაში მხილებულ ადამიანს აქ ხელს აჭრიან. ამ ქვეყანაში ქურდობა არ არის მიღებული, ასე რომ შეგიძლიათ, სადაც გინდათ, იქ დატოვოთ თქვენი ნივთები. საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ ეს მართლაც ასეა.
13.00
ჯერ კიდევ „დუბაი მოლში“ ვართ. თავიდან არ ვიცოდით, გვქონდა თუ არა მოღიავებული მხრების მქონე ტანსაცმლითა და მოკლე ქვედაბოლოებით სიარულის უფლება, მაგრამ სავაჭრო ცენრში აღმოვაჩინეთ, რომ გრძელ, მთლიანად შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალების გვერდით საკმაოდ შილიფად ჩაცმული ტურისტები დადიან. ზოგიერთ მათგანს გამჭვირვალე ტანსაცმელიც კი აცვია. მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება და ყველა კომფორტულად გრძნობს თავს იმ სამოსში, რომელიც აცვია. არაბი ქალები მეტწილად შავ ტანსაცმელს ატარებენ, მამაკაცები კი თეთრი სამოსი აცვიათ. და დუბაის ცენტრში ძეგლიც კი დგას სახელწოდებით „შავი და თეთრი“.
13.30
როგორც იქნა გამოვედით „დუბაი მოლიდან“ და ზღვისკენ გავეშურეთ. ზამთრის ცივი ერევნიდან გამოქცეულ ტურისტებს ზაფხულის მზე მოგვენატრა. ჩემი ტელეფონის რუკაზე აღნიშნული იყო,რომ ზღვამდე მხოლოდ სამი კილომეტრი გვაშორებდა. გადავწყვიტეთ გაგვესეირნა და ქალაქის ცენტრი შეგვესწავლა. მაგრამხელი მოგვეცარა. არც კი იფიქროთ დუბაიში სეირნობაზე.
როგორც წესი, აქ სეირნობითვის ძალიან ცხელა, ამიტომ ყველაფერია შექმნილი იმისათვის, რომ ადამიანი ერთი პუნქტიდან მეორეში დახურული და კონდიციონერით აღჭურვილი სივრცეების საშუალებით მოხვდეს. ავტობუსის გაჩერებებიც კი დახურულია. დუბაიში მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა გაჩერება კონდიციონერითაა აღჭურვილი. გზა გაიწელა, იმიტომ რომ უამრავი მაგისტრალის გავლა მოგვიწია (დუბაიში საკმაოდ გადატვირთული საგზაო მოძრაობაა – ყველა ავტომობილებით გადაადგილდება).
17.00
პლაჟზე გავედით, მაგრამ უკვე ციოდა. მიუხედავად ამისა, სანაპიროზე წოლა და დასვენება მაინც მოვასწარით. ზღვამ სიმშიდე მოგგვგვარა. ბნელდებოდა და ღამის გასათევი უნდა გვეპოვა. პლაჟი გამოირიცხა. გამაფრთხილებელ პლაკატებზე აღნიშნულია, რომ სანაპიროზე ღამით წოლა აკრძალულია. სხვა ადგილი უნდა გვეპოვა. გადავწყვიტეთ, „დუბაი მოლში“ დავბრუნებულიყავით. ეს სავაჭრო ცენტრი შუაღამემდე ღიაა.
21.00
საინფორმაციო ცენტრში ვიკითხეთ, იყო თუ არა ჩვენ მახლობლად რაიმე კლუბი. აღმოჩნდა, რომ, იქვე, „ბურჯ ხალიფაში“, ფუნქციონირებს კლუბი სახელწოდებით „არმანი“, რომელშიც გოგონებისათვის შესვლა უფასოა.
ადგილების დასაჯავშნად კლუბში დავრეკეთ (სხვაგვარად კლუბში ვერ მოხვდებით) და მომზადება დავიწყეთ. კლუბის დრესკოდის მიხედვით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა გვცმოდა. იძულებულნი გავხდით მაღაზიები მოგვევლო და მაღალქუსლიანი და იაფფასიანი ფეხსაცმელები გვეშოვა. კლუბის შესაფერისი ფეხსამოსის შესაძენად 40 დირჰამი ($11) გადავიხადე.
01.00
ჩვენი სახელები კლუბის სტუმრების სიაში გადაამოწმეს და მსოფლიოს უმაღლეს შენობაში, ბურჯ ხალიფაში შეგვიშვეს. იმედი გვქინდა, რომ ამ კლუბში ადგილობრივები დაგვხვდებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაბები სულ სხვა ადგილებში ისვენებენ და იმ დაწესებულებებში უცხოელები ვერასდროს მოხვდებიან.
გაერთიანებულ არაბულ საემიროებში ძირითადი სასაუბრო ენა ინგლისურია. მაღაზიებისა და კაფეებში შესული ადგილობრივებიც კი იძულებულნი არიან, ინგლისურად ისაუბრონ, იმიტომ რომ მომსახურე პერსონალმა არაბული არ იცის. თუმცა, ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია ადგილობრივებისათვის, შეექმნათ განვითარებული ფეოდალიზმის სისტემა, რომლის კანონების მიხედვითაც მხოლოდ ისინი არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები.
უცხოელი აქ ვერასდროს იგრძნობს თავს სრულფასოვან მოქალაქედ, იმიტომ რომ მოქალაქეობა მხოლოდ სისხლით გადაიცემა და შერეულ ქორწინებაში შობილ ბავშვებსაც კი არ ენიჭებათ ავტომატურად.
02.00
კლუბში მყოფი ყველა მამაკაცი საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების დემონსტრირებას ცდილობდა და ამისათვის შამპანურის ფოეიერვერკს უკვეთავდა. იმისათვის, რათა წარმოიდგინოთ, თუ რა ხარჯებზეა საუბარი, უნდა იცოდეთ, რომ 1 ჭიქა წვენი აქ 40 დირჰამი ($11) ღირს, ერთი ბოთლი წყლის ფასი კი 30 დირჰამია ($8)
03.00
თავაზიანად, ღიმილით გამოგვაცილეს კლუბიდან, რომელიც ამ დროს იკეტება. ისევე როგორც სხვა ყველაფერი დუბაიში. ისევ ქუჩაში აღმოვჩნდით. გათენებამდე კიდევ 4 საათი რჩება.
გულგრილად მივაბიჯებთ კომფორტული გაჩერებების გვერდით, იმიტომ რომ აქ ღამის გათევა აკრძალულია.
04.00
ერთსაათიანი სეირნობის შემდეგ სადღეღამისო პიცერია ვიპოვეთ და განთიადს პიცის ნაჭრებითა და მეზობელ სუპერმარკეტში ნაყიდი ცხელი ყავით შევხვდით.
დილით სასტუმროში დავბინავდით. მხოლოდ გამოძინებაზე ვოცნებობდით. ჩვენს მიზანს მივაღწიეთ – სასტუმროს გარეშე ვიცხოვრეთ და ძალიან ცოტა ფული დავხარჯეთ.
სომხეთში დაბრუნებამდე კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ… და ჩვენი ოჯახების წევრები გაოცებით უცქერდნენ შავ ნიქაბებში გამოწყობილ ორ გოგონას, რომლებიც მათ მიუახლოვდნენ. უცქერდნენ და ვერ ხვდებოდნენ, თუ რა ენაზე უნდა დაეწყოთ მათთან საუბარი.