კარანტინის შერბილების აზერბაიჯანში
27 აპრილიდან აზერბაიჯანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი შერბილდა.
კერძოდ:
- აღდგა ვაჭრობა მანამდე დაკეტილ ყველა მაღაზიაში, გარდა სავაჭრო ცენტრებში განთავსებული მაღაზიებისა;
- გაიხსნა ატელიეები, მეწაღეების სახელოსნოები, ფოტოსტუდიები;
- ნებადართულია ინდივიდუალური რეპეტიტორობა და ბინების დალაგების მომსახურება.
SMS-ნებართვა, რომელიც აუცილებელია იმ ადამიანების სახლიდან გასასვლელად, რომლებსაც სამსახურიდან ცნობა არ აქვთ, ახლა 3 საათით (მანამდე ის ორსაათიანი იყო) გაიცემა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. ამავდროულად კიდევ 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
ამრიგად, ამ მომენტამდე ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1 678 ადამიანს, რომელთაგან 22 გარდაიცვალა, 1 162 კი უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის შერბილების პირველ დღესვე ბაქოში ორჯერ მეტი მანქანა და ადამიანი გამოჩნდა, გზებზე საცობები წარმოიშვა.
გარეუბანში მდებარე დასახლების მაცხოვრებელი ქალაქის ცენტრში თავის დღევანდელი „გაძრომის“ შთაბეჭდილებებს ჰყვება:
„გაზეთების და ჟურნალების საყიდლად წავედი, რადგან როგორც იქნა, ჯიხურები გაიხსნა. ქუჩებში უამრავი ხალხია, ვიტრინებს რეცხავენ, ქალები ბავშვებს ასეირნებენ, მანქანაც ძალიან ბევრია“.
ერთ-ერთი საცხოვრებელი უბნის მოსახლე სახლიდან ტყუილად გავიდა:
„ბანკში უნდა წავსულიყავი. სადილის შემდეგ წავედი და აღმოჩნდა, რომ ბანკი მხოლოდ 14:00-მდეა ღია. იდიოტიზმია. ყველანაირი საიუველირო დახლი და ავტოსალონი გახსნეს, და მართლაც საჭირო ადგილას ვერ მოხვდები. და თან ქუჩაში უამრავი ხალხია. თითქოს არავითარი კარანტინი არ იყოს. სამაგიეროდ, ყველა მათგანი სახლიდან sms-ით გავიდა. რა აზრი აქვს ასეთ ზომებს, გაუგებარია“;
ზოგიერთს, ვისაც მუშაობის უფლება ოფიციალურად მისცეს, ამით ცხოვრება მაინც არ შეუმსუბუქდა. მაგალითად, სევდა გასანოვა ბინებს ალაგებს, და რამდენიმე მუდმივი კლიენტი ჰყავს. ახლა ის სხვა სამსახურის შოვნას ფიქრობს, რადგან ხელისუფლების მიერ წამოყენებული პირობები მისთვის სრულიად არახელსაყრელია.
„დიახ, დალაგება დაუშვეს. მაგრამ, ამისთვის „კერძო პირად“ უნდა დარეგისტრირდე და რაღაც გადასახადის მაგვარი უნდა იხადო. მეტიც, როდესაც კლიენტთან მიდიხარ, წინასწარ უნდა მიუთითო, რა მისამართზე და რა მარშრუტით მიხვალ. თუკი შემთხვევით სადმე სხვა ადგილას შეგხვდნენ, დაგაჯარიმებენ. ეს ყველაფერი ჩემთვის ხელსაყრელი არ არის, უკვე ყველას დავურეკე, ვისთანაც ვალაგებდი, და ვუთხარი, რომ ვერ მივალ, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით. მოკლედ, არც კი ვიცი, რას გავაკეთებ“, – ჰყვება სევდა.