საქართველოს ხელისუფლებამ მომიტინგეთა ერთი მოთხოვნა შეასრულა
ქართული ოცნება თანახმაა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, პარტია არჩევნების მოქმედი წესის შეცვლას 2024 წლის არჩევნებისთვის გეგმავდა, თუმცა იმის გამო, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს, გადაწყვეტილება შეცვალა.
ივანიშვილის განცხადებით, მომავალ დღეებში პარლამენტში ახალ რეფორმაზე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.
საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნების თაობაზე, რომლებიც 21 ივნისის აქციის დაშლისას ძალადობაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც სამართლებრივი შედეგებიც. უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა”.
ოპოზიციის პირველი რეაქცია
2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება საზოგადოების გამარჯვებაა – მიიჩნევენ ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოში“.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ “ არცერთი შემთხვევა ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი მსგავსი უღირსი და უკანონო საქციელის შედეგად“.
ამავე დროს, მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” აქციის მონაწილეების მხოლოდ ერთი მოთხოვნა შეასრულა და უნდა შეასრულოს მთავარი მოთხოვნაც – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.
იგივეს მოითხოვს პარტია “ნაციონალური მოძრაობაც”
„ეს არის მთავარი მოთხოვნა, გახარიას რეალურად ვერ აყენებს, იმიტომ რომ გახარია მას სჭირდება ქვეყნის შიგნით სიტუაციის სამართავად. მეორეს მხრივ გახარია არის შუამავალი რგოლი რუსეთთან. თუ გახარიას არ გაათავისუფლებენ და ასევე არ გაათავისუფლებენ სუს-ის ხელმძღვანელს, ყველაფერი დარჩება იგივე,“-აცხადებს დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს ნულოვანი ბარიერით, სამადაშვილი ამბობს, რომ საჭიროა ამ გადაწყვეტილების კარგად გაანალიზება. “დასაფიქრებელია, რას გამოიწვევს ეს. როდესაც ქაოსური ვითარებაა, სადაც არის ბევრი წვრილი მოთამაშე, რადგან ამ წვრილ მოთამაშეებს ოლიგარქები ძალიან იაფად იმორჩილებენ და ამის მაგალითი ბევრგან იყო”, – განაცხადა სამადაშვილმა.