2018 წლის შვიდი მნიშვნელოვანი მოვლენა სომხეთისთვის
1. ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა
წლის ყველაზე გარდამტეხი მოვლენა – „ხავერდოვანი“ რევოლუცია – დაიწყო კამპანიით „გადადგი ნაბიჯი“. საპროტესტო მოძრაობის ინიციატორმა – ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა თანამოაზრეებმა სომხეთის მეორე ქალაქ გიუმრიდან დედაქალაქამდე გზა ფეხით გაიარეს. ეს მარათონული მსვლელობა სადღეღამისო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, შემდეგ კი მასობრივ საპროტესტო მოძრაობაში.
• სომხეთის პრემიერ-მინისტრად ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერი აირჩიეს
• სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები რევოლუციის შემდეგ: რატომ არ მოხდა გარღვევა
• რა ხდება სომხეთში, ვინ არიან მთავარი მოქმედი გმირები და ვის რისი მიღწევა სურს
საპროტესტო აქციის დევიზი იყო ფრაზა „უარყავი სერჟი“ – სერჟ სარგსიანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 23 აპრილს, ათობით ათასი ადამიანის ზეწოლით, სერჟ სარგსიანმა გადაგომის შესახებ განაცხადა. პარლამენტში კი მმართველი რესპუბლიკური პარტია დათმობაზე წავიდა – და პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.
რევოლუციის შემდეგ სომხეთში ახალი ხელისუფლება ჩამოყალიბდა. ახალმა ხელისუფლებამ კორუფციასა და ყოფილი ხელისუფლების კორუმპირებულ უმაღლეს ეშელონთან – მათ უახლოეს გარემოცვასა და ნათესავებთან ბრძოლა თავის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად გამოაცხადა.
2. პოლიტპატიმრების გათავისუფლება
რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული მთავრობის სხვა დაპირება იყო ყველა იმ პირის გათავისუფლება, ვისაც სომხეთში პოლიტპატიმრებად მიიჩნევდნენ.
წინა მთავრობების დროს პოლიტპატიმრების საკითხი უამრავ შეკითხვას და შეუსაბამობას ბადებდა. უფლებადამცველებსაც კი ურთიერთსაპირისპირო შეხედულებები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, არსებობენ თუ არა სომხეთში პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპატიმრებული ადამიანები.
• განსაზღვრების მიხედვით – პოლიტპატიმრები
• სომხეთი. შეიარაღებული ჯგუფი ჩაბარდა
• სომხეთში დღე-ღამის განმავლობაში ასობით პატიმარი გათავისუფლდა
უფლებადამცველები, რომლებიც მაინც იმ აზრისკენ იხრებოდნენ, რომ სომხეთში პოლიტპატიმრები არიან, მათ რაოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვა რიცხვს ასახელებდნენ. მთლიანობაში, მათი სიებით, 25 ადამიანს ითვლიდნენ. ამავდროულად, ევროპის საბჭოს არც ერთი მათგანი პოლიტპატიმრად არ უცვნია.
2016 წლიდან მათი რიგები შეავსეს შეიარაღებული დაჯგუფების „სასნა ცრერის“ წევრებმა, რომლებმაც იმ წელს ერევნის პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის პოლკი დაიპყრეს. ისინი პირველები გამოვიდნენ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, და თან სახელმწიფო დაწესებულების შეიარაღებული დაპყრობის გზას მიმართეს. მიუხედავად ამისა, მათი მცდელობა ჩაიშალა.
მათი მოქმედებების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა. პოლკის დაპყრობიდან ორი კვირის შემდეგ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ჩაბარდნენ, და ისინი დააპატიმრეს. მაცხოვრებელთა ერთი ნაწილი მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევდა, მეორე ნაწილი კი – ტერორისტებად.
მიუხედავად ამისა, საზოგადოება რევოლუციის შემდეგ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვდა. და 2018 წელს ისინი ასევე განთავისუფლებულები აღმოჩნდნენ.
3. ექს-პრეზიდენტი – ციხეში
სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი ახალ წელს ციხის საკანში შეხვდა. მას ბრალად 2008 წელს ქვეყანაში საკონსტიტუციო წყობის დამხობა აქვს წაყენებული.
ნიკოლ ფაშინიანის „რევოლუციური“ მთავრობის მთავარი დაპირებების რიცხვში 2008 წლის 1 მარტის მოვლენების სამართლიანად გამოძიებაც შედიოდა.
წინა ისტორია ასეთია: 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ორი ძირითადი კანდიდატი იყო – სერჟ სარგსიანი და სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი. უკანასკნელმა კენჭისყრის ოფიციალური შედეგები – ანუ საკუთარი დამარცხება არ ცნო. მისი მომხრეები ქუჩებში გავიდნენ, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები სამართალდამცავ ორგანოებთან ფართომასშტაბიან შეტაკებებში გადაიზარდა. შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
ამ მოვლენების დროს სომხეთის პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი იყო, და სწორედ მან შემოიღო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტად სერჟ სარგსიანი აირჩიეს, მაგრამ იმ დროს მას უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა.
• სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო
იმ დროს ნიკოლ ფშინიანი ლევონ ტერ პეტროსიანის წინასაარჩევნო შტაბის წევრი იყო. 1 მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერს ბრალად მასობრივი არეულობის ორგანიზება ედებოდა. ის წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში იმალებოდა, შემდეგ კი ნებაყოფლობით ჩაბარდა და, „ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის გამოყენების“ გამო, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გათავისუფლების შემდეგ, თავისი აქტიური პოლიტიკური საქმიანობის დროს ის მუდმივად აცხადებდა, რომ რობერტ კოჩარიანისა და 1 მარტის მოვლენებში სხვა დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას აპირებდა.
თავად კოჩარიანი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ ცნობს. მეორე პრეზიდენტის მომხრეები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის დევნა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე აისახა. ეს რუსეთის მხრიდან სხვადასხვა დონეზე გაკეთებული განცხადებების მიხედვით აშკარა ხდება. ბოლო ხანს სომხეთის მედიაში რობერტ კოჩარიანისა და ვლადიმირ პუტინის მეგობრობის შესახებ ვარაუდები გაისმის. ამის დასტურად იმას ასახელებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაპატიმრებულ კოჩარიანს ახალი წელი მიულოცა, თუმცა ფაშინინისთვის ახლახან გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს.
4. სომხეთში შარლ აზნავურს მისი ვაჟი წარმოადგენს
„საფრანგეთში პოეტები არასდროს კვდებიან“ , – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხური წარმოშობის ფრანგ შანსონიესთან გამოსათხოვარ ცერემონიაზე.
სომხეთში საყვარელი მომღერლის გარდაცვალება ბევრმა პირად ტრაგედიად აღიქვა. თუმცა, შარლ აზნაურის – მეგობრისა და ქველმოქმედის დაკარგვის შემდეგ, სომხეთის მაცხოვრებლებმა ის თავიდან, მისი ვაჟის ნიკოლა აზნავურის სახით შეიძინეს.
მამის დაკარგვიდან ძალიან მალე ნიკოლა ერევანში ჩავიდა. ის ფონდ „აზნავურს“ სათავეში ჩაუდგა და მამის საქმეს გააგრძელებს – საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ პროექტებს.
დეკემბერში ნიკოლა მეუღლესთან ერთად სომხეთის მეორე ქალაქ გიუმრის ესტუმრა, და ბინები აჩუქა იმ ოჯახებს, რომლებმაც 1988 წლის მიწისძვრის დროს საცხოვრებელი დაკარგეს. ნიკოლა, რომელიც ერთდროულად სომხეთის მოქალაქეცაა და საფრანგეთისაც, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. ახლახან მან განაცხადა, რომ ისტორიულ სამშობლოში დაფუძნება აქვს გადაწყვეტილი.
5. ფრანკოფონიის სამიტი ერევანში
შარლ აზნავური ფრანკოფონიის მორიგი, მე-17 სამიტის ცენტრალური ფიგურაც გახდა. ის ამ ღონისძიებაზე სომხეთის „ელჩობას“ აპირებდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას ფიზიკურად ვერ დაესწრო, მან მაინც შეძლო ფრანკოფონიის სამყაროს გამაერთიანებელ სიმბოლოდ ქცეულიყო, – ამბობდნენ სამიტის მონაწილეები.
სამიტი სომხეთის დამოუკიდებლობის პერიოდში ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა. ღონისძიებას 80-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. 38 მათგანი პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე იყო წარმოდგენილი. კერძოდ, მათ შორის იმყოფებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, და კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრიუდო.
• ფრანკოფონიის სამიტზე სომხეთში 80-ზე მეტი დელეგაცია ჩამოვიდა
სამიტი ჩატარდა სლოგანით „ერთად ცხოვრება“, და მისი შედეგების მიხედვით მიიღეს იმავე დასახელების დეკლარაცია, რომელშიც შემდეგი პრინციპები შევიდა: სოლიდარობის, ჰუმანიტარული ფასეულობების და მრავალფეროვნების პატივისცემა როგორც მშვიდობისა და განვითარების საფუძველი ფრანკოფონიის ქვეყნებში.
სამიტი სომხეთის ახლანდელ ხელისუფლებას საფრანგეთისა და კანადის მეთაურებთან ურთიერთობის გაღრმავების საშუალებას მისცემს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა „აფრიკული მიმართულებით“ მჭიდრო კავშირების დამყარების მნიშვნელობაც,
[youtube youtubeurl=”A09JKHiht14″ ][/youtube]
ღონისძიების მონაწილეები სომხური მუსიკის ქვეშ ცეკვავენ
6. „რევოლუციონერებმა“ პარლამენტში უმრავლესობა მიიღეს
„ხავერდოვან“ რევოლუციის ბოლო აკორდი დეკემბერში გამართული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გახდა. „რევოლუციური“ მთავრობა ჩამოყალიბების პირველი დღიდანვე საბოტაჟის პირობებში მუშაობდა, – განაცხადა არჩევნების წინ ნიკოლ ფაშინიანმა.
რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ოპოზიციურ ძალას პარლამენტში უმრავლესობა არ ჰყავდა. უმრავლესობას ყოფილი მმართველი პარტიის დეპუტატები და მისი მომხრეები წარმოადგენდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი ამჟამად საპარლამენტო რესპუბლიკას წარმოადგენს, ახალი მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეროვნულ საკრებულოში უმრავლესობა ჰყოლოდა.
ნიკოლ ფაშინიანმა და ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“, რომელსაც ის მეთაურობს, არჩევნებში ხმათა 70%-ზე მეტი მიიღ. და იანვრიდან მათ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ექნებათ.
თუმცა, ეროვნულ საკრებულოში სერიოზული ოპოზიცია არსებითად არ იქნება. პარლამენტში გასული ორი სხვა პოლიტიკური ძალიდან ერთ-ერთი – პარტია „განათლებული სომხეთი“ – წინა მოწვევის პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული; ხოლო პარტია „აყვავებული სომხეთი“ პოლიტიკურ არენაზე მკვეთრ ოპოზიციურ ძალად საერთოდ არასდროს აღიქმებოდა.
• სომხეთის პარლამენტში უმრავლესობა რევოლუციის ლიდერს ფაშინიანს ექნება
• არჩევნები სომხეთში: შესაძლო გამოსავალი კრიზისიდან
ამ არჩევნების ერთ-ერთ სიურპრიზად ის იქცა, რომ ყოფილმა მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად ხმათა საკმარისი რაოდენობის დაგროვება ვერ შეძლო. თუმცა, პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარცხის მიუხედავად, არასაპარლამენტო ოპოზიციის სხით, ბრძოლას მაინც გააგრძელებენ.
7. ფეხბურთის მოყვარულთა მცირედი სიხარულები
წლის ყველაზე მთავარ სპორტულ მოვლენად იქცა ფეხბურთის 21-ჩემიპონატი, რომელიც რუსეთში ჩატარდა.
სომხეთში პირველად ჩამოიტანეს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ოქრის თასი. სომხეთში თასი ჩამოიტანა მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ კრისტიან კარემბიომ, რომელიც 1998 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
• ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს თასი სომხეთში პირველად ჩაიტანეს
ფიფა 2006 წლიდან ყველა მსოფლიო ჩემიპიონატის წინ ორგანიზებას უწევს თასის ტურნეს. ცნობილი 6,2- კილოგრამიანი თასი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში გამოიფინება. წელს თასი გამოიფინა 50 ქვეყანაში, მათ შორის 24 ქვეყანაში – პირველად.
იმ ქვეყნებმა, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ, მსოფლიო ჩემპიონატის თასის წყალობით, საფეხბურთო დღესასწაულის სულისკვეთების შეგრძნება შეძლეს.
სომხეთში ეს მოვლენა ახალგაზრდებს შორის ფეხურთისადმი ინტერესის ამაღლების მიზნითაც მნიშვნელოვნად მიიჩნიეს.