პოლიტპატიმრები ყველა კრიტერიუმით
თავისუფლებაზე
აქტივისტმა ვარდგეს გასპარიმ გამოსასწორებელ დაწესებულება ‘ნუბარაშენში’ დაახლოებით რვა დღე გაატარა და შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. დილაობით ის თავის 12 წლის ვაჟთან ერთად ეროვნული საკრებულოს შენობის მეზობლად, ‘შეყვარებულების პარკში’ სეირნობს. სწორედ აქ გამოხატავდა ის საკუთარ დამოკიდებულებას სომხეთის საკანონმდებლო სისტემისა და მართლმსაჯულების მიმართ. გასპარის პროტესტი ასეთი უცნაური აქციით ვლინდება – ის მშვიდობიანად წვება მიწაზე.
ვარდგეს გასპარი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებიც საპატიმროში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამო მოხვდნენ; ამიტომ, ზოგიერთი პოლიტიკოსი პატიმრობაში მყოფ სამოქალაქო აქტივისტებსა და უკვე გათავისუფლებულ ვარდგეს გასპარის პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. სხვების აზრით კი, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო ცნებასთან ‘პოლიტპატიმარი’.
აი, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თავად ვარდგეს გასპარი:
‘სიმართლე გითხრათ, თავს პოლიტპატიმრად არ მივიჩნევ. არა იმიტომ, რომ პოლიტიკა საშიში და ბინძური საქმეა, არამედ იმის გამო, რომ ამ სფეროში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი. პოლიტიკურ საკითხებში გაუთვითცნობიერებელი ვარ. პირველ რიგში, თავს მოქალაქედ, აქტიურ მოქალაქედ, უფლებადამცველად აღვიქვამ.’
აქტივისტი იმასაც აღნიშნავს, რომ მისი დაკავება რომელიმე ძალის გამარჯვებას, ან დამარცხებას არ ნიშნავს. ვარდგეს გასპარი, უკვე დაახლოებით ათი წელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობის დამყარებისა და კანონის უზენაესობისათვის იბრძვის; დღეს კი ის თავად იქცა იმ პირად, ვინც სამართალს ეძებს და უფლებების დაცვა სჭირდება.
‘ბრალს მდებენ იმაში, რომ პოლიციას შეურაცხყოფა მივაყენე და სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოვხატე. პოლიციას ვუთხარი, რომ მდაბალი სულის, ვერაგი დამნაშავეები არიან – მკვლელები, რომლებმაც ჩემი ახლობლები დახოცეს.
ეს ცნობილი ამბავია. ამის დასტურია, თუნდაც, პირველ მარტს მომხდარი [საუბარია განსაკუთრებულ შემთხვევაზე, რომელიც 2008 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა – როდესაც ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც არჩევნების შედეგები არ აღიარეს. ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა].
ათი დაღუპულიდან სამი პოლიციის მიერ გამოყენებული იარაღის, ქლორაცეტოფენონის (‘ჩერიომუხას’ სახელით ცნობილი ცრემლსადენი გაზი, რომელსაც პოლიციელები იყენებენ) მსხვერპლი გახდა. ეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლად იქცა. და მე ჩემს ნათქვამს არც უარვყოფ.’
არის თუ არის გასპარი პოლიტპატიმარი?
სომხეთის ხელისუფლება ვარდგეს გასპარის პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ იგი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.
‘ამ შემთხვევაში მიუღებელია ტერმინები ‘პოლიტპატიმარი’ და ‘პოლიტიკური მოტივებით დაკავებული’. ამ გამოთქმებთან უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. არ მგონია, რომ გასპარის წინასწარი დაკავება მისი პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს.
სასამართლომ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მიიღო, და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გასპარი პოლიტიკური ნიშნით იდევნება,’ – განაცხადა ეროვნული კრების სახელმწიფო და სამართლებრივი საკითხების მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ, ოვანეს სააკიანმა.
თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ ვარდგეს გასპარი სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დააპატიმრეს. როგორც ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის განყოფილების ხელმძღვანელმა, არტურ საკუნცმა განაცხადა, ჯერ არ ყოფილა ხელისუფლება, რომელიც მის ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას აღიარებდა.
‘ვფიქრობ, რაც გასპარის შეემთხვა, პოლიტიკური დევნის შედეგია და ამ ადამიანის მტკიცე პოლიტიკური პროტესტითაა გამოწვეული,’ – აღნიშნა მან.
ოპოზიციური ‘სომხეთის ეროვნული კონგრესის’ (სეკ) საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, ლევონ ზურაბიანის თქმით, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა მიუღებელია იმ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვის: ‘ეს წელი გევორგ საფარიანის დაპატიმრებით დაიწყო, რის შემდეგაც აქტივისტი ვარდგეს გასპარი დააკავეს – მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლების თავგასულობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აწყობს.’
ჩვენი დროის პოლიტპატიმრები
დღეისათვის სომხეთში, პოლიტიკური შეხედულებების გამო, 18 მოქალაქე იხდის სასჯელს. ასეთია რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასება. ზემოაღნიშნული პატიმრებიდან 15 დაკავებულია საქმეზე ‘შანტ არუთიუნიანი და მეგობრები’. ისინი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ 2013 წლის 5 ნოემბერს საბაჟო კავშირში შესვლის საწინააღმდეგო აქციის მოწყობას გეგმავდნენ.
სხვებთან ერთად დაკავებულია ყარაბაღის ომის ვეტერანი, ვალოდია ავეტისიანი, რომელიც ომის მონაწილეებისა და სამხედრო მოსამსახურეების უფლებებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის იბრძოდა. თავისუფლების მოედანზე ჩატარებული რამდენიმე საპროტესტო აქციის შემდეგ იგი თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს.
სიაში ირიცხება აიკ კიურეგიანიც, რომელმაც ‘შანტ არუთუნიანისა და მეგობრების’ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის წინ პოლიციელს ‘გაზის პისტოლეტით’ ესროლა. კიურეგიანი მანქანაში ჩაძვრა და ცდილობდა, პროტესტი გამოეხატა შანტ არუთიუნიანისა და მისი მეგობრების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.
ამ სიაში მოხვდა მოძრაობა ‘ნორ აიასტანის’ აქტივისტი გევორგ საფარიანიც, რომელიც ცოტა ხნის წინათ დააკავეს. საფარიანი ცდილობდა, თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხე დაედგა, მაგრამ პოლიციელებმა ამის უფლება არ მისცეს. იგი დააკავეს, შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს.
ვინ შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტპატიმრად?
სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს ცნება ‘პოლიტპატიმარის’ განმარტება.
სამაგიეროდ, არსებობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც:
პოლიტიკურ პატიმრად შეიძლება მიიჩნეოდეს პირი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცითა და მისი ქვემდებარე სიტყვის, სინდისისა და რწმენის თავისუფლების, აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის გადაცემის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების პროტოკოლებით გარანტირებული რომელიმე ფუნდამენტური უფლების დარღვევითაა დაკავებული.
პოლიტპატიმრად მიიჩნევა ასევე ის ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ‘თავისუფლების აღკვეთას ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური მიზეზებით მიმართავენ და ეს ქმედება დაპატიმრებულის მხრიდან ჩადენილ რაიმე სახის დანაშაულს არ უკავშირდება’, ასევე მაშინ, როდესაც ‘პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები აშკარად შეუსაბამოა იმ სამართალდარღვევის, რომლის ჩადენაშიც პირი დამნაშავედ არის ცნობილი.’
ადვოკატების თქმით, აღნიშნულ კრიტერიუმებს თვრამეტივე პატიმარი აკმაყოფილებს.
თუმცა, ისევე როგორც 2008 წლის პირველი მარტის მოვლენების შემდეგ სომხეთის ხელისუფლება არც ახლა აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ცხოვრობენ. ამის შესახებ თავის დროზე თავად პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და გენპროკურორმა კოსტანიანმა განაცხადეს. ახლახან ვარდგეს გასპარისთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში მსგავსი მოსაზრება იუსტიციის მინისტრმა, არპინე ოვანისიანმაც გამოთქვა.
გასპარის მომხრეების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის კადრები
პარტია ‘მემკვიდრეობის’ თავმჯდომარის მოადგილის, არმენ მარტიროსიანის აზრით, ამის მიზეზები სავსებით გასაგებია – ხელისუფლებას ეშინია, რომ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ზიანი მიადგება; მაგრამ თან არც იმის დაშვება შეუძლიათ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ უფლებებს აცნობიერებენ, სხვებისთვის მაგალითის მიმცემები გახდნენ.
‘მოქმედი ხელისუფლებისათვის ყველაზე საშიშია საკუთარი უფლებების მცოდნე მოქალაქე, რომელსაც უსამართლობასთან ბრძოლის არ ეშინია. შესაძლოა, ფართო საზოგადოებისთვის გადამდები აღმოჩნდეს იმ ადამიანების ქცევა, რომლებიც ყველას აჩვენებენ, რომ ბრძოლაზე უარი არ უნდა თქვა, რომ დაპირისპირებას შეიძლება ეფექტი ჰქონდეს, რომ სიტუაციის შესაცვლელად ნების გამოვლენაა საჭირო. რამდენიმე ადამიანი მათ საფრთხეს ვერ შეუქმნის, თუმცა იმ რამდენიმემ შეიძლება თავის გამწყობა სხვა რამდენიმეს გადასდოს და ა.შ.’
სამართლიანობის საფასური
ვარდგეს გასპარის თავისი ოჯახი მუდამ ამხნევებს და გვერდში უდგას, მაგრამ თავად აქტივისტი აღნიშნავს, რომ ბრძოლა მას ბევრ ენერგიას ართმევს და მძიმე ტვირთად აწვება, პირველ რიგში, მის ოჯახს.
‘ადამიანები დილიდან საღამომდე მუშაობენ და ფინანსურ თუ საყოფაცხოვრებო პრობლემებს ვერ აგვარებენ. რთულია… განსაკუთრებით, თუ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევი – და თან ასე აქტიურად, საკუთარი პრობლემების გადაჭრას ვეღარ ახერხებ. ერთი წლის განმავლობაში 500 ათასი დრამის (ათას დოლარზე მეტი) ოდენობის ჯარიმები გამომიწერეს და მთლიანად გადავიხადე.
არადა, შვილისთვის ფეხსაცმლის საყიდელი ფულის დაზოგვა მიწევს. არ მგონია, ჩემი ოჯახი ასეთ სასტიკ მოპყრობას იმსახურებდეს. მხოლოდ ომის დროს ექცეოდნენ კაცები თავიანთ ოჯახებს ასე უმოწყალოდ – ცოლებსა და შვილებს ტოვებდნენ და ომში მიდიოდნენ. აღარ მინდა, ასე სასტიკად მოვეპყრო საკუთარ ოჯახს,’- ამბობს ვარდგეს გასპარი.
ახლა ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ოჯახთან, განსაკუთრებით – ვაჟთან.
სხვათა შორის, გასპარის თორმეტი წლის ვაჟი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სკოლაში არ დადის. მას ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში გაუჩნდა პრობლემები, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აქტივისტის ოჯახზე უხეში ზეწოლის შედეგია.
გამოქვეყნდა: 19.04.2016
ფოტო/ვიდეო: გევორგ ყაზარიანი, არმინე მარტიროსიანი