2 თებერვალს "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის დაგეგმვის შემდეგ სტრატეგიული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა
სტრატეგიული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა
2 თებერვალს დღის 4 საათზე “თბილისი მოლთან” საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის დაგეგმვის მეორე დღეს 31 იანვარს “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა სპეციალური განკარგულება მიიღო. ამ დოკუმენტით, სტრატეგიული და განსაკუთრებული ობიექტების სიას საერთაშორისო საავტომობილო გზები დაემატა. N407 დადგენილებით დამტკიცებულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს შორის მოიაზრება თბილისის შემოსასვლელიც, სადაც “თბილისი მოლი” მდებარეობს.
განკარგულებას წინ უძღოდა მსჯელობის გააქტიურება პროევროპული საპროტესტო აქციების მაგისტრალზე გადატანის შესახებ. საპროტესტო აქციების მონაწილე მოქალაქეები განიხილავდნენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, მაგისტრალის გადაკეტვასაც მას შემდეგ, რაც 27 იანვარს მაგისტრალის გადაკეტვამ სერბეთში შედეგი გამოიღო და ქვეყნის პრემიერმინისტრი გადადგა.
კობახიძის მიერ მიღებული განკარგულების შემდეგ, 1 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
“მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას.
აქვე, გვსურს, განვმარტოთ, რომ სტრატეგიული ანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, ასევე, მაგისტრალებსა და დედაქალაქში შესასვლელ და გასასვლელ ცენტრალურ გზებს. კერძოდ – იმ ტერიტორიასაც სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული”, – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 თებერვლის განცხადებაში. მსგავსი შნაარსის გაფრთხილება მათ 2 თებერვალსაც გამოაქვეყნეს.
იურისტების შეფასებები
იურისტები ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებებით “ქართული ოცნება” ცდილობს შეზღუდოს პროტესტის ახალი ფორმები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას მსგავს შეზღუდვებს შორის აღნიშნა პიროტექნიკის და ლაზერული მანათობლების საკანონმდებლო აკრძალვა, ასევე პირბადეების აკრძალვა.
იურისტმა გურამ იმნაძემ თქვა, რომ „ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება”.
“მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს”, – განაცხადა იმნაძემ.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ფეისბუქპოსტში აღნიშნანა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული დადგენილება ძალაში მიღებიდან 15 დღის შემდეგ შედის.
“რუსეთის მსახური ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ხშირად იურიდიული აქსიომები არ მუშაობს, შსს უკვე დაგვემუქრა, ხვალ მოლთან გზის გადაკეტვის გამო დაგიჭერთო.
სტატუსის დადების შემდეგ, კითხვები გაჩნდა, როგორ იმოქმედებს შსს, პროკურატურა, სასამართლო. ბუნებრივია, სისულელეა, იმის მტკიცება, რომ ისინი კანონს არ დაარღვევენ. მეტიც, საამისოდ ემზადებიან”, – წერს ბასილაია.
აქტივისტების ჩხრეკა და დაკავებები აქციამდე ერთი დღით ადრე
საპროტესტო აქციის წინა დღეს, 1 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ სამოქალაქო აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში. ჩატარდა მათი ბინების ჩხრეკა. ამ პირებს შორის არიან: ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლები – ქრისტინე ბოტკოველი (ნენსი ვოლანდი) და ილია ღლონტი;
დააკავეს აქტივისტი და ყოფილი ჟურნალისტი მირიან ბერულავა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო და სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ისაკო დევიძის სახლიდან წაიღეს ფული 2000 ლარი, რომელიც დევიძემ დედის ოპერაციისთვის სესხად აიღო რამდენიმე დღით ადრე.