16 დეკემბრიდან უცხოელები საქართველოში მიწას ვერ იყიდიან. რა წერია ახალ კანონში
“ქართულ მიწას არ გაგაყიდინებთ!” – ამ ლოზუნგით, ულტრანაციონალისტური მოძრაობის, “ქართული მარშის” წევრები და მათი მხარდამჭერები თბილისში, იუსტიციის სახლთან ერთი კვირის განმავლობაში აქციებს გამართავენ.
მათი პროტესტის ადრესატები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც “ქართული მიწის ყიდვას” აპირებენ.
რისი ეშინიათ ულტრამემარჯვენეებს და რა წერია ახალ კონსტიტუციაში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის შეძენის წესს განსაზღვრავს?
_______________
აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.
10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან ნამდვილი face control-ი გაჩაღდა.
• “ქართული ოცნების” კონსტიტუცია
• “ქართული მარში”: მიგრანტების წინააღმდეგ და საგარეო “ნეიტრალიტეტის” მხარდასაჭერად
• გია ნოდიას თვალსაზრისი: რა გავიგეთ ამ არჩევნებით?
აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეებისგან კანის ფერით გამოარჩევდნენ და მათ იუსტიციის სახლის შენობაში არ უშვებდნენ.
აქცია 11 დეკემბერსაც გაგრძელდა. პიკეტი ერთი კვირა გასტანს და 16 დეკემბრს დასრულდება.
აქციის მონაწილეებს შორის მხოლოდ ულტრანაციონალისტი “მარშელები” როდი იყვნენ.
იუსტიციის სახლთან იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები ადა მარშანია და ემზარ კვიციანიც.
რას აპროტესტებენ იუსტიციის სახლთან?
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავვიდიმ და დიანა შამანიდიმ. ისინი საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დარეგისტრირებაზე მორატორიუმი მოქმედებდა.
ისინი მოითხოვდნენ, რომ შეზღუდვა, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის 21-ე მუხლს ეწინააღმდეგება, გაუქმებულიყო.
დღეს მოქმედი კონსტიტუციის 21-ე მუხლი ამბობს:
“საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”.
7 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა და მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოაცხადა.
თუმცა, აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა.
16 დეკემბერს საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაა. ინაუგურაციის შემდეგ კი ძალაში ახალი კონსტიტუცია შედის, რომელიც ძველი კონსტიტუციისგან განსხვავებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებას კრძალავს.
სწორედ ამიტომ მორიგეობენ იუსტიციის სახლთან ულტრანაციონალისტები 16 დეკემბრამდე. შემდეგ მათ საქმეს უკვე ახალი კონსტიტუცია გააკეთებს.
ამგვარად, უცხოელებმა, რომლებსაც საქართველოში მიწის დარეგისტრირების სურვილი აქვთ, ის ხუთი სამუშაო დღეს ვადაც ვერ გამოიყენეს, რომელიც 7 დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე კანონით ჰქონდათ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნაციონალისტური პოლიტიკური მოძრაობის „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ხელისუფლების კორუმპირებული ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს გაურიგდა.
“უკვე 2 500 განაცხადია მომზადებული, რომ ამ ხუთ დღეში უცხოელებმა ქართული მიწები იყიდონ,” – უთხრა ბაღათურიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
რა წერია ახალ კონსტიტუციაში?
მას შემდეგ, რაც არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს, ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა.
ახალ კონსტიტუციაში არის ახალი ჩანაწერი:
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში”, გამონაკლისი შემთხვევები კი ორგანული კანონით უნდა დადგინდეს.
ორგანული კანონის პროექტი უკვე მომზადებულია პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას მიერ.
კანონპროექტის ინიცირება ინაუგურაციის შემდეგ მოხდება.
კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვეღარ იყიდის.
მეტიც, მიწის რეგისტრაციის უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებითაც ვეღარ მიიღებს.
მიწის დარეგისტრირების უფლება მიეცემათ უცხოეთში მცხოვრებ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მიწა საქართველოში მემკვიდრეობით მიიღეს.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ მიწის შეძენის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ კომპანიის მფლობელებს შორის საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი იქნება.
კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის ინიციატორი მმართველი პარტიაა.
მომხრეების და მოწინააღმდეგეების არგუმენტები
უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის კონსტიტუციური აკრძალვას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები.
აკრძალვის მომხრეთა მთავარი არგუმენტი ის არის, რომ თუ მკაცრი რეგულაციები არ იმოქმედებს, იაფ ქართულ მიწას მდიდარი უცხოელები იოლად დაეპატრონებიან.
გავრცელებული არგუმენტია ასევე ის, რომ თუ ქართულ მიწას უცხოელები მასობრივად იყიდიან, ქართველები საქართველოში უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აზრით, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის გამო ქვეყანაში შემცირდება ინვესტიციები. ქვეყანა ამ აკრძალვით დაკარგავს კვალიფიციურ ინვესტორს და მასთან ერთად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ცოდნის, გამოცდილების და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის და მიწის უკეთესი მფლობელის ხელში მოხვედრის პერსპექტივას.
გარდა ამისა, თუ ქვეყანაში მდიდარ მყიდველებს არ შემოვუშვებთ, ბაზარზე მიწის ფასი დაეცემა, რაც ყველაზე მეტად ისევ გლეხებს დააზარალებს, ფიქრობენ აკრძალვის მოწინააღმდეგეები.