აზერბაიჯანის ოპოზიცია ტელევიზიაში წინასაარჩევნო აგიტაციის სიძვირით უკმაყოფილოა
ოპოზიციური და დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც აზერბაიჯანის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, ტელევიზიაში წინასაარჩევნო აგიტაციის სიძვირით უკმაყოფილოები არიან.
ყველა ტელეარხიდან (ყველა მათგანს კი ასე თუ ისე მთავრობა აკონტროლებს) ფასიანი აგიტაციისთვის ეთერის დათმობას მხოლოდ საზოგადოებრივი ტელევიზია დათანხმდა და წუთში 22-დან 65 მანათამდე [დაახლოებით $13-38] ფასი დაადგინა – იუწყება ვებ-გვერდი „კავკაზსკი უზელი“.
• რა ხდება აზერბაიჯანში – რევოლუცია ზემოდან, თუ იმიჯის კორექცია?
• პროტესტანტი ახალგაზრდობა აზერბაიჯანის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთობლივად ემზადება
ანუ, აგიტაციის ერთი წუთი, სულ მცირე, $780 დაჯდება. ოპოზიციის კანდიდატებისა და თავის წარმდგენთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათთვის ასეთი ფასები წარმოუდგენლად მაღალია, და ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ტელეაგიტაციაზე უარი უნდა თქვან.
მაგალითად, ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარე არიფ გაჯილი აცხადებს, რომ ასეთ პირობებში მათი პარტია პლაკატებსა და ბუკლეტებს გაავრცელებს, ამომრჩეველთან ურთიერთობა პირისპირ ექნება და სოციალურ ქსელებს გამოიყენებს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს სიძვირე იმას უკავშირდება, რომ ხელისუფლებას მეტოქეების ეთერში დაშვება არ სურს.
რიგგარეშე არჩევნები
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 9 თებერვალს მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2019 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა თვითდათხოვნის შესახებ განაცხადა. ამის ინიციატორი იყო მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანი“, რომელსაც საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტად ის მოჰყავდა, რომ საჭიროა ახალი, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გატარებული რეფორმებისთვის უფრო შესაბამისი პარლამენტის შეკრება.
რიგგარეშე არჩევნებში, პარტია „ენი აზერბაიჯანთან“ ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი კანდიდატები. ოპოზიციურმა დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ ამ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ამჯობინა, რადგან მისი დემოკრატიულობის იმთავითვე არ სწამს.
წინასაარჩევნო აგიტაცია 17 იანვარს დაიწყება და 8 თებერვალს დილით დასრულდება.
უფასო აგიტაცია – მხოლოდ რჩეულებისთვის
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტელევიაზიასა და სახელმწიფო გაზეთებში უფასო აგიტაციას, კანონმდებლობის თანახმად, ის მხოლოდ იმ პარტიებისა და ბლოკებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც 125 საარჩევნო ოლქიდან 65-ზე მეტში ჰყავთ დარეგისტრირებული კანდიდატები.
„საზოგადოებრივ ტელევიზიასა და რადიოში ხელმისაწვდომობა მხოლოდ მმართველ პარტიას „ენი აზერბაიჯანს“ ექნება, რადგან თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში მხოლოდ მისი კანდიდატები დაარეგისტრირეს“, – განმარტავს პოლიტიკურ თავისუფლებათა დაცვის ალიანსის კოორდინატორი სამირ ქიაზიმლი.
არანორმალური სიტუაცია
„ის ფაქტი, რომ რომ არც ერთმა სხვა ტელეარხმა ფასიანი აგიატაციის წარმართვის მზადყოფნა არ გამოთქვა, ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების შესახებ მეტყველებს, რომ კამპანია, რაც შეიძლება, ჩუმ გარემოში ჩატარდეს და არჩევნებზე აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს. ბოლო წლებში ხელისუფლება არჩევნებს სწორედ ასეთი სცენარით ატარებს“ – დასძენს სამირ ქიაზიმლი.
მისი აზრით, ამან, შესაძლოა, დაბალი გამოცხადება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, შედეგების გაყალბებას ამარტივებს.
მედიის უფლებათა სფეროს ექსპერტი ალექსერ მამედლი ასევე არანორმალურად მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რეკლამა კომერციულზე 15-ჯერ უფრო ძვირი ღირს; ასევე იმასაც, რომ – არც ერთმა სხვა არხმა არ დაუშვა ფასიანი აგიტაციის შესაძლებლობაც კი, თუმცა მათთვის ეს არცთუ დაბალი შემოსავლის წყარო შეიძლებოდა გამხდარიყო. მამედლის აზრით, ეს იმის დამადასტურებელია, რომ ყველა არხი ხელისუფლების მიერ მკაცრად კონტროლდება.