აფხაზეთში სუვერენიტეტის საკითხი სისხლის სამართლის კოდექსში შედის
აფხაზეთში მიიღეს და სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს კანონი ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის ხელშეუხებლობის შესახებ.
ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მის დარღვევას, სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა და ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.
პარლამენტში მიაჩნიათ, რომ აფხაზეთს სჭირდებოდა კიდევ ერთი დამცავი მექანიზმი მისი სუვერენიტეტის ხელშეუხებლობისთვის.
აფხაზეთის კონსტიტუციის მეშვიდე თავში წერია, რომ მასში არ შეიძლება ცვლილებების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებლობის ლიკვიდაციას ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. თუმცა, ასეთი მცდელობისთვის სასჯელი არ იყო შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსში.
აფხაზეთში ხაზს უსვამენ საკუთარ განსხვავებას სამხრეთ ოსეთისგან, სადაც პოლიტიკური ელიტის ძირითადი ნაწილი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას მხოლოდ პლაცდარმად განიხილავს მისი რუსეთის ფედერაციის ნაწილად ქცევის გზაზე.
აფხაზეთში განსხვავებული შეხედულება აქვთ თავიანთი მომავლისადმი. ნებისმიერი საუბარი ქვეყნის სუვერენიტეტის ცვლილების შესახებ, როგორც პოლიტიკურ ელიტაში, ისე თავად აფხაზურ საზოგადოებაში, აღიქმება უკიდურესად უარყოფითად.
პარლამენტში აცხადებენ, რომ არ გეგმავენ შესვლას არც საქართველოს შემადგენლობაში, რომელთანაც რესპუბლიკა ჯერ ისევ გადაუწყვეტელი კონფლიქტის მდგომარეობაშია და არც რუსეთის შემადგენლობაში, რომელიც, პირიქით, მოკავშირეა.
სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლი შეეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირების მოქმედებებს, არამედ მათ მიერ ნებისმიერ მოლაპარაკებას ან განხილვას სუვერენიტეტის შეცვლის საკითხზე – აფხაზეთის რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის უცხო ქვეყნისთვის გადაცემა იქნება თუ რესპუბლიკისგან მისი რომელიმე ნაწილის გამოყოფა.
ასევე დანაშაულად ითვლება ნებისმიერი „საჯარო მოწოდება ისეთი ქმედებისკენ, რომელიც მიმართულია ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის რესპუბლიკის ხელშეუხებლობის დარღვევისკენ“. მოწოდებად ჩაითვლება, მათ შორის, პუბლიკაციები და განცხადებები მედიასა და სოციალურ ქსელებში, რომლებშიც განხილული იქნება აფხაზეთის სუვერენიტეტში ცვლილებების შეტანა.
_________________________________________________________________________________________________
კომენტარი თემაზე:
ჟურნალისტი, პოლიტოლოგი
ინალ ხაშიგი
“აფხაზეთში არსებობს კონსტიტუციის მეშვიდე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ რეფერენდუმის გზითაც კი შეუძლებელია აფხაზეთის დამოუკიდებელი სტატუსის შეცვლა. ამიტომ, სუვერენიტეტის დასაცავად სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის შეტანა, შეიძლება ჩანდეს, როგორც მცდელობა, კარაქი კიდევ უფრო ცხიმიანი გახადოს.
მაგრამ ეს ზედაპირული შეხედულებაა. ამიტომ, ახალი კანონი, სავარაუდოდ, არის მცდელობა, პრევენციული დარტყმა მიაყენოს შესაძლო განწყობებს – სხვაგან დაიწყონ იმათი ძებნა, ვინც წესრიგის დამყარებაში დაგვეხმარება”.
_________________________________________________________________________________________________
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო