10 მითი მეორე მსოფლიო ომში სტალინის როლის შესახებ
რუსული საინფორმაციო პორტალის “კავკაზსკი უზელის“ მასალა
„კავკაზსკი უზელის“ ცნობარში მოთხრობილია იმ ყველაზე ცნობილი მითებისა და სარწმუნო ცნობების შესახებ, რაც მეორე მსოფლიო ომის ომის მოვლენებში იოსებ სტალინის როლს უკავშირდება, ასევე – ომის დაწყებამდე და საომარი მოქმედებების დროს მისი საბრძოლო ქმედებების შესახებ ყველაზე სახელგანთქმულ მცდარ წარმოდგენებს.
მითი №1: „სტალინმა არ იცოდა, რომ გერმანიის მხრიდან თავდასხმა მოხდებოდა“
„ახლა სხვადასხვაგვარი ვერსია არსებობს იმის თაობაზე, ვიცოდით თუ არა ჩვენ ომის დაწყების კონკრეტული თარიღი და საომარი გეგმა.
გენერალურ შტაბს გადმობირებულმა ჯარისკაცმა გერმანული ჯარის თავდასხმის დღის შესახებ მხოლოდ 21 ივნისს აცნობა, რაც სწრაფადვე შევატყობინეთ ი. ბ. სტალინს, და მან ჯარის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანის თანხმობა მაშინვე მოგვცა. როგორც ჩანს, ის სხვა არხებიდან ასეთ მნიშვნელოვან ცნობებს მანამდეც იღებდა…“, – წერს მარშალი გეორგი ჟუკოვი 2002 წელს სრულად გამოცემულ თავის მემუარებში.
მითი №2: “მოლოტოვ-რიბენტროპის აქტმა ომის დაწყება შეაფერხა“
„ეს ფართოდ გავრცელებული, თუმცა ღრმად – არასწორი მოსაზრებაა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის ამორალურია: საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიას გაურიგდა – ეს ამორალური ფაქტია. ეს გარიგება სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების განაწილებას გულისხმობდა.
ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ფინეთი გერმანიასა და სსრკ-ს შორის გაყოფილი აღმოჩნდა – და ეს ასევე ამორალური ფაქტია. მეორეც, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერით ჩვენ გერმანიის მოკავშირეები გავხდით და სწორედ ამიტომ წამოიწყო გერმანიამ ომი პოლონეთში.
თუ ჩვენ გამოვაცხადებდით, რომ ინგლისისა და საფრანგეთის მოკავშირეები ვართ, და პოლონეთზე თავდასხმის შემთხვევაში, მას დახმარებას გავუწევდით, გერმანია პოლონეთზე თავდასხმას ვერ გაბედავდა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი არამხოლოდ სტალინური რეჟიმის დანაშაულს წარმოადგენს, არამედ მეორე მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზიცაა, რომლის ეპიზოდიც იყო დიდი სამამულო ომი“, – მიაჩნია საბჭოთა და რუს ისტორიკოსს, რელგიათმცოდნესა და პოლიტოლოგს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს ანდრეი ზუბოვს.
მითი №3: „სტალინს თავად სურდა ჰიტლერზე თავდასხმა“
ომის შესახებ ეს ყველაზე ბოროტი სიცრუეა. თვით გერმანული წყაროების მიხედვითაც კი ჩანს, რომ ჰიტლერთან დაახლოებული პირები მას მოახსენებდნენ, რომ სსრკ ძველებურად ასრულებს თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის ყველა პირობას, და უახლოეს თვეებში აგრესიის მოლოდინში არ უნდა ყოფილიყვნენ“, – აღნიშნავს რუსეთის საომარი ისტორიის ცენტრის ხელმძღვანელი გეორგი კუმარიოვი.
მითი №4: „ომი პირადად სტალინმა მოიგო“
“არა სტალინმა, არამედ მთლიანად პარტიამ, საბჭოთა მთავრობამ, ჩვენმა გმირულმა არმიამ, მისმა ნიჭიერმა მთავარსარდლებმა და თავდადებულმა მეომრებმა, მთელმა საბჭოთა ხალხმა – აი, ვინ უზრუნველყო დიდ სამამულო ომში გამარჯვება“, – განაცხადა 1956 წლის 25 თებერვალს სკკპ-ის XX ყრილობის დახურულ, ისტორიულ სხდომაზე ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა.
მითი №5: „სტალინი ომში საკუთარი როლის შესახებ დუმილს ამჯობინებდა“
“საერთოდ, ურიგო არ იქნებოდა იმის ცოდნა, რომ ჩვენს გამარჯვებაში სტალინის შეუცვლელი როლისა და მტრის გამანადგურებელი მისი „გენიის“ შესახებ მითი შეთხზულია … თვით სტალინის მიერ. 1948 წელს გამოქვეყნდა ბელადის მოკლე ბიოგრაფია, რომლის ტექსტიც მან თავად დაარედაქტირა.
მეტიც, სწორედ მან შეიტანა მასში ის პასაჟები, რომლებიც მის სამხედრო დამსახურებებს ასხამდა ხოტბას. და გასაგებია, რატომაც – თავი უნდა ემართლებინა იმ უნიჭო, ზოგჯერ კი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც იღებდა, და რომლების შესახებაც თვითონ კარგად იცოდა; ისევე როგორც იმ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს სტალინის „სამხედრო გენიის“ შედეგები”, – აღნიშნავს ისტორიული ჟურნალ „დილეტანტის“ მთავარი რედაქტორი ვიტალი დიმარსკი.
მითი №6: „არმიის ხელმძღვანელობაში ჩატარებულმა წმენდამ მის ბრძოლისუნარიანობაზე გავლენა არ იქონია“
„ამხანაგ სტალინს მნიშვნელოვანი ბრალი მიუძღვის ომის წინ სამხედრო კადრების განადგურებაში, რაც ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე აისახა. აი, რატომ იყო, რომ ვიდრე დაგეგმილი ოპერაციის გეგმის მოსმენას დაიწყებდა, ჩემი შესწავლის მიზნით, საუბარი კადრებზე გადაიტანა…
ამ საუბრის განმავლობაში ამხანაგმა სტალინმა არაერთხელ ახსენა ბევრი ისეთი გენერალი, რომლებიც უშუალოდ ომის დაწყების წინ გაათავისუფლეს პატიმრობიდან, და კარგად იბრძოდნენ. – „და ვინ არის დამნაშავე, – გაუბედავად ვკითხე სტალინს, – რომ ეს საწყალი, უდანაშაულო ადამიანები დააპატიმრეს?“
– „ვინ, ვინ… – გაღიზიანებულმა მომიგო, – ის, ვინც მათი დაპატიმრების სანქციები გასცა, ვინც მაშინ არმიის სათავეში იდგა“, – საბჭოთა კავშირის მარშლის ანდრეი ივანოიჩ ერიომენკოს მოგონებებიდან.
მითი №7: „ჯარისკაცები შეტევისას ყვიროდნენ: „სამშობლოსთვის! სტალინისთვის“
„ეს არის აბსოლუტური მითი, რომელსაც უკვე მაშინ უწევდნენ პროპაგანდას. „სამშობლოსთვის! სტალინისთვის!“ – პოლიტხელმძღვანელები ყვიროდნენ. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ ასე ეყვირათ. უბრალოდ, პოლიტხელმძღვანელს ეს რომ არ დაყვირა, ამას მისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. დანარჩენებს კი – რიგითებსა და მეთაურებსაც კი, შეტევაზე გადასვლისას სტალინი საერთოდ არ ახსოვდათ…
ამიტომ ყვიროდნენ: „დედა!“, გაჰყვიროდნენ რაიმე უხამსს, უბრალოდ ღრიალებდნენ, რომ შიში ჩაეხშოთ, მაგრამ, რასაკვირველია, არავითარი „სამშობლოსთვის და სტალინისთვის“ არ ყოფილა. ჰკითხეთ ნებისმიერ მებრძოლს, რომლებიც, სხვათა შორის, ძალიან ცოტანი დარჩნენ“, – აღნიშნავს ისტორიკოსი და ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე.
მითი №8: „სტალინის დროს ნაციონალურ ნიადაგზე კონფლიქტები არ ხდებოდა“
“ბევრმა არ იცის, ან არც სურს იცოდეს, რომ სტალინის დროს ნაციონალური ნიშნით მასობრივი დაპატიმრებები, დეპორტაციები და დახვრეტები ხდებოდა, და რომ ზოგიერთ ხალხებს მთლიანად „მტრებად“ აცხადებდნენ. ნუთუ ეს უწყობდა ხელს ეროვნებათაშორისი ერთობის განმტკიცებას?
ჩვენ ნაციონალურ ნიადაგზე მომხდარი მრავალი მწვავე კონფლიქტის შესახებ ვფლობთ დოკუმენტებს. სტალინმა ამ თვალსაზრისით ძალიან რთული მემკვიდრეობა დატოვა“, – მიაჩნია ნაციონალური კვლევის უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“, მეორე მსოფლიო ომის ისტორიის და სოციოლოგიის საერთაშორისო ცენტრის მეცნიერ თანამშრომელს, ბიოგრაფიის „სტალინი. ერთი ბელადის ცხოვრება“ ავტორს ოლეგ ხლევნიუკს.
მითი №9: „ცდილობდნენ, დიდ სამამულო ომში სტალინის როლი მიეჩქმალათ“
“სტალინი ისტორიიდან არავის არასდროს ამოუშლია დ არც შლის, თავად მისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარ ოპონენტებსა და მის მიერ განადგურებულ ადამიანებს მარტივად შლიდა ენციკლოპედიებიდან და მთელ მათ წიგნებს ანადგურებდა.
სტალინი დიდ საბჭოთ ენციკლოპედიაშიც დარჩა, და ყველა სხვა ენციკლოპედიებშიც, სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებშიც და კიდევ უფრო გლამურული სახით, ვიდრე ის ამას იმსახურებდა“, – აღნიშნავს რუსული საზოგადოება „მემორიალის“ მმართველობის წევრი იან რაჩინსკი.
მითი №10 „სტალინის№ 227-ე განკარგულებამ ომის მსვლელობაში გარდატეხა მოახდინა“
“ № 227 ბრძანებას (არც ერთი ნაბიჯი უკან!) ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთი მხრივ, მან ჯარის სიმტკიცე გაამყარა, და ისეთი შემთხვევები შეამცირა, როდესაც ჯარი ბრძანების გარეშე იხევდა უკან. მეორე მხრივ კი, ის მეთაურები, რომლებსაც ზემოდან მიღებული სანქციის გარეშე უკან დახევის ბრძანების გაცემის ეშინოდათ, ხშირად უკან დახევას აგვიანებდნენ, და ჯარი ალყაში ექცეოდა.
სტალინი იმედოვნებდა, რომ დახვრეტებისა და ჯარიმების შიშით წითელარმიელები მეტი მონდომებით იბძოლებდნენ და მტერს უფრო დიდ ზიანს მიაყენებდნენ“. სინამდვილეში კი ზოგჯერ პირიქით ხდებოდა. რეპრესიების შიშით ყველა დონის მეთაურები ზოგჯერ უკან დახევას აგვიანებდნენ, რაც მხოლოდ დამატებით დანაკარგს იწვევდა“, – ბორის სოკოლოვის წიგნიდან „მითიური ომი. მეორე მსოფლიო ომის მირაჟები“.