ჰინდი, ვორქაუთი და ფოტონადირობა აფხაზეთში: ჰობი თუ თვითრეალიზაცია
აფხაზეთში ახალგაზრდებს თვითრეალიზაციის განსაკუთრებული შესაძლებლობები არ აქვთ. ოფიციალური სტრუქტურები შემოქმედებითი და სპორტული კლუბების, სექციების და მოძრაობების შექმნით არ ინტერესდებიან. ამით არც საზოგადოებრივი ჯგუფები არიან დაინტერესებულები.
ამიტომ, თითოეული თავისთვის იგონებს საქმიანობას. ჩვენ ბევრი ადამიანი გამოვკითხეთ და გართობის სამი ისტორია ავარჩიეთ: ვორქაუთი, ჰინდი და ფოტოგრაფია.
მილანე აგრბა: 23 წლის. ის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს და ასევე დამოუკიდებლად ეუფლება უცხო ენებს. მილანა ამბობს, რომ უცხო ენების შესწავლა მხოლოდ ერთი შეხედვით არის რთული:
„როდესაც ადამიანებს ვუყვები, რომ ჩინური ენის შესწავლა და ჩინეთში მოგზაურობა მინდა – სერიოზულად არ აღმიქვამენ, ჰგონიათ, რომ ვხუმრობ. მე უკვე კარგად ვფლობ ინგლისურ და თურქულ ენებს, და ახლა ჰინდის ვსწავლობ, ინდოეთის ოფიციალურ ენას. ჰინდის იოლად ვითვისებ, წარმოსათქმელად მართლაც ადვილია, რაღაც დონეზე ამ ენაზე უფრო მიადვილდება ლაპარაკი, ვიდრე აფხაზურად“.
მილანა აგრბა ენებს სწავლობს სპეციალური პროგრამით, რომლებიც ინტერნეტში თავისუფლად ხელმისაწვდომია.
„ენებს იმიტომ ვსწავლობ, რომ მინდა ბევრი ვიმოგზაურო, მსოფლიო გავიცნო, სხვათა კულტურისა და ყოფისგან შთაგონება მივიღო. ინდოეთს ვაღმერთებ, რაღაც დროით იქ საცხოვრებლად გადავიდოდი და სარიში გამოწყობილი ვივლიდი. ინდოეთში ხომ სრულიად სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობენ: ჰინდი, ინგლისური, ბენგალი, ტელუგუ, ურდუ და სხვა მრავალი.
„ჩაცუცქულ ჯდომასა და მზესუმზირის კნატუნს ვორქაუთი ჯობს“
ანრი — აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია და ის, უკვე ოთხი წელიწადია, რაც გატაცებულია ვორქაუთით – ქუჩის სპორტის ნაირსახეობით.
„ვერ ვიტყვი, რომ ადრე სპორტი ძალიან მიყვარდა, მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფერი შეიცვალა; მეგობრებმა მითხრეს, რომ სპორტით პირდაპირ ქუჩაში შეიძლებოდა დაკავება, და არა სპორტულ დარბაზში. თავიდან ეს უცნაურად მომეჩვენა – რა სპორტი უნდა ყოფილიყო სპეციალური ტრენაჟორების გარეშე? მაგრამ ვორქაუთი არამხოლოდ „კუნთების დაყენებას“ გულისხმობს – ეს არის სირბილი, ველოსიპედი, კროსფიტი (ფიზიკური ვარჯიშების სისტემა) და ბევრი სხვა“.
ანრის თქმით, სპორტი მისი ბევრი მეგობრისა და ნაცნობისთვის – უფრო მოდაა, ვიდრე გასართობი.
„განსაკუთრებით გოგონებისთვისაა ასე, ამის ყურებაც კი სახალისოა: სელფები სპორტდარბაზში და ჰეშთეგები ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან პოპულარული გახდა”.
ანრი ამბობს, რომ სპორტმა მისი ცხოვრება შეცვალა და ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის.
„მოზარდობის ასაკში არც ისეთი კარგი გარემოცვა მყავდა და სრულიად შესაძლებელი იყო ნარკოდამოკიდებული გავმხდარიყავი, და პარალელურად, დამსვენებლებისთვის ჩანთები მომეპარა. ასეთი კამპანია ადამიანს სწრაფად უყალიბებს ცხოვრების სხვაგვარ აღქმას, დარწმუნებული ხდები, რომ თუ არ იპარავ და არ „ბოლდები“- თითქოს კაცურად არ ცხოვრობ”.
ვორქაუთმა, რომელიც მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშების სისტემაა, ის კარდინალურ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანა.
„მოზარდობის ასაკში ჩემსავით ბევრს აქვს ის პერიოდი, როდესაც „ზღვარზე დგას“ და ხვდება, თუკი ახლა არ გაჩერდება, უკან დასახევი გზა აღარ იქნება. და აი, სწორედ ამ დროს დავიწყე დაღლილობამდე ვარჯიში და სწავლა. უბრალოდ მივხვდი, რომ ცხოვრებაში გაცილებით საინტერესო რაღაცეები არსებობს, ვიდრე მთელი დღე ჩაცუცუქული ჯდომა და მზესუმზირის კნატუნი.
ფოტონადირობა
მარინა აჩბა – დაწყებითი კლასების მომავალი პედაგოგია და სერიოზულად არის გატაცებული ფოტოგრაფიით.
„კვირაში ხუთი დღე სწავლაა, დასვენების დღეები კი სოხუმში ძალიან მოსაწყენია. წასასვლელი არსადაა, კინოთეატრიც კი არ არის. ერთხელაც ეს მუდმივად ერთფეროვანი ცხოვრება მომბეზრდა. ფოტოგრაფია კი სულ მომწონდა – და უბრალოდ, სადაც ვხვდებოდი, იქ დავიწყე ლამაზი ადგილების გადაღება.
მარიანას ნათელი ფოტოები უყვარს და ადამიანების გადაღება მოსწონს. პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს ხშირად თავად არ სურთ, რომ ფოტო გადაუღონ.
„ერთხელ ასეთი შემთხვევაც მქონდა – სანაპიროზე ადამიანების შეუმჩნევლად გადაღება მინდოდა, მაგრამ დამინახეს და სკანდალი მოაწყვეს. ასეთი რამ ხშირად ხდება, ადამიანები ყვირილს იწყებენ, არაადეკვატურად რეაგირებენ და მე ეს მაშინებს. ამიტომ უფრო მეტად ბუნების გადაღება მიწევს. ყოველ შემთხვევაში, ის არ აღშფოთდება მაინც“.