Facebook-იდან 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს. კომპანიამ ამის შესახებ იცოდა
The New York Times-მა და The Guardian-მა მარტში გამოაქვეყნეს საგამოძიებო მასალების სერია, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წელს კომპანია Cambridge Analytica-მ მოიპოვა 50 მილიონი ამერიკელის ფეისბუკ-მონაცემების შესახებ ინფორმაცია. Cambridge Analytica-მ ეს ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის გასაყიდად გამოიყენა.
ირკვევა, რომ ფეისბუკმა იცოდა პერსონალური მონაცემების გაჟონვის შესახებ, მაგრამ არავითარ ზომას არ მიმართა.
მარკ ცუკერბერგს, რომელიც კვირაზე მეტია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, კონგრესში გამოძახებით ემუქრებიან.
და ეს ყველა პრობლემა არ არის, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის წინაშე დადგა.
აღნიშნული სკანდალის გამო ფეისბუკის აქციები მკვეთრად დაეცა. ნიუ იორკში ვაჭრობის შედეგების მიხედვით, 19 მარტს ფეისბუკის აქციების ფასმა 8 პროცენტით დაიწია, მარკ ცუკერბერგმა კი, ექვსი მილიარდი ამერიკული დოლარი დაკარგა.
აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ განაცხადა, რომ გამოძიებას დაიწყებს ფეისბუკის საქმეზე.
ამერიკის კვალდაკვალ, საკუთარ გამოძიებას იწყებს ევროპაც.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთი წლით ადრე, 2014 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ალექსანდრ კოგანმა შეიმუშავა ფსიქოლოგიური ტესტი. ამ ტესტის გასავლელად ავტორიზაცია ფეისბუკით ხდებოდა. ტესტი მომხმარებლებს “პიროვნების ტიპის განსაზღვრას” სთავაზობდა და ფასიანი იყო. ამავდროულად, აპლიკაციაში აღნიშნული იყო, რომ მომხმარებელთა პირად მონაცემებზე წვდომა მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით ხდებოდა და მათი მესამე პირისთვის გადაცემა არ მოხდებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ აპლიკაცია აგროვებდა არა მხოლოდ იმ ადამიანის პირად ინფორმაციას, რომელიც ტესტს გადიოდა, არამედ მისი მეგობრებისაც – მათ ლაიქებს, კომენტარებს. მთელი ეს მონაცემთა ბაზა კი, მოგვიანებით კომპანია Cambridge Analytica-ს ხელში მოხვდა, რომელმაც ეს ინფორმაცია თარგეტირებული პოლიტიკური რეკლამის გასავრცელებლად გამოიყენა.
ტესტი, რომელიც ამერიკელებზე იყო ორიენტირებული, 270-მა ათასმა ადამიანმა გაიარა. მათი მეშვეობით კი 50 მილიონი ფეიბუკ-მომხმარებლის ინფორმაციამ გაჟონა.
კომპანია Cambridge Analytica თანამშრომლობდა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების, ტედ კრუზისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბებთან.
გაჟონილ მონაცემებზე დაყრდნობით Cambridge Analytica-ს სპეციალისტებმა შეძლეს დაახლოებით 30 მილიონი ამერიკელი ამომრჩევლის პორტრეტის განსაზღვრა. ფეისბუკზე მათი ქცევის – კომენტარების, ლაიქების და ა.შ. მიხედვით შეისწავლეს მათი ინტერესები, გატაცებები, პოლიტიკური პრეფერენციები, ხასიათის თვისებები. მოგვიანებით ეს ინფორმაცია მიზანმიმართული პოლიტიკური რეკლამისთვის გამოიყენა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.
Canbridge Analytica-ს წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ Facebook-ის მომხმარებელთა მონაცემების მიღების უკანონობას. თუმცა, ამერიკის ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს.
რუსი ტროლების საქმე
ამასთან, ფესბუკს ტოვებს მისი ერთ-ერთი საკვანძო თანამშრომელი – უსაფრთხოების სპეციალისტი ალექს სტამოსი. სტამოსმა თქვა, რომ საქმეებს სხვას გადააბარებს და 2018 წლის აგვისტოში კომპანიას დატოვებს.
ბოლო დროს სტამოსი იძიებდა რუსული “ტროლების ფაბრიკის” საქმეს და მის როლს დონალდ ტრამპის გამარჯვებაში. როგორც The New York Times-ი წერს, სტამოსის სურვილი იყო, გამოძიების შედეგები გამჭვირვალე ყოფილიყო, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს სცოდნოდა, როგორ გამოიყენეს რუსმა ტროლებმა სოციალური ქსელები დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად. თუმცა, ფეისბუკის ხელმძღვანელობამ მას ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ მისცა.
The New York Times-ი წერს, რომ ფეისბუკის ტოპ-მენეჯერები ყველანაირად ხელს უშლიდნენ სტამოსს გამოძიებაში და სთხოვდნენ, რომ რუსული კვალის შესახებ ინფორმაცია არ გაესაჯაროვებინა, ვიდრე სერიოზულ მტკიცებულებებს არ მოიპოვებდა.
საბოლოოდ მოხდა ისე, რომ რუსი ტროლების შესახებ ინფორმაცია ამერიკელებმა მაინც შეიტყვეს, ოღონდ არა ფეისბუკის ხელმძღვანელობისგან, არამედ – პრესიდან.