"ჩვენია შახტა!"
უკვე მეთორმეტე დღეა, ტყიბულში ათასზე მეტი მაღაროელია გაფიცული.
ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების 40 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.
მეშახტის საშუალო ხელფასი 400-500 ლარია (175-200 დოლარი).
ტყიბულელები ასევე ითხოვენ ქალაქისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დაბრუნებას, რომელიც ტყიბულს 2016 წელს ჩამოერთვა. [ასეთი სტატუსის მქონე რეგიონების მოსახლეობა საგადასახადო და სხვა შეღავათებით სარგებლობს]
გაფიცულების საპროტესტო აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს ქსნის მინის ქარხნის, ჭიათურის მაღაროსა და ზესტაფონის ფეროს პროფკავშირების წარმომადგენლებმაც.
ტყიბული ქვანახშირის მომპოვებელი ქალაქია დასავლეთ საქართველოში.
კომპანია “საქნახშირი GIG”-ის ადმნისტრაციის შენობასთან, რომელიც ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელ სამუშაოებს ასრულებს, კარვებია გაშლილი. მეშახტეები იქ დღე და ღამე მორიგეობენ.
“საქნახშირი GIG”-ის წარმომადგენლები მეშახტეების მოთხოვნებს არ ეთანხმებიან. მათი თქმით, კომპანია საქართველოს შრომითი კოდექსის შესაბამისად მოქმედებს და ზედმიწევნით იცავს იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც მეშახტეებთანაა დადებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციების დაწყებამდე მეშახტეებმა ადმიანისტრაცია არ ჩააყენეს საქმის კურსში, რაც შრომითი კანონმდებლობის დარღვევაა, ამიტომ მათი პროსტესტი უკანონოა.
ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტები კომპანია “საქნახშირი GIG” -ის კუთვნილებაა. ეს კომპანია თავის მხრივ “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) შვილობილი კომპანიაა. GIG-ის ბიზნესპორტფელში როგორც ქვანახშირის მოპოვება, ასევე ელექტროენერგიის წარმოება, ბუნებრივი აირის რეალიზაცია, ლოჯისტიკა და სხვა მიმართულებები შედის.
ამ ხნის განმავლობაში ერთადერთი შედეგი, რაც მაღაროელების გაფიცვას მოჰყვა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის თანადგომაა, რაც პროტესტის მეათე დღეს მისი აქციაზე მისვლით გამოიხატა. გარდა ამისა, აქციის მეათე დღის ბოლოს მინდელის სახელობის შახტის დირექტორმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.
მეშახტეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ზღვის დონიდან 590 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ქალაქ ტყიბულში, უკვე მეთორმეტე დღეა, უჩვეულოდ თენდება და ღამდება. ტყიბულელები ამ ხნის განმავლობაში პირველად, როგორც თავად ამბობენ, ყოველ წუთს მათთვის სასარგებლო განაჩენის მოლოდინში არიან.
ტყიბულში მცხოვრებლებისთვის უკვე წესად იქცა ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრციული შენობის წინ შეკრება. იქ ისინი ოჯახისა და ქალაქის გადარჩენას ელოდებიან.
ტყიბულის ცენტრალურ ბაღში შეკრებილი ახალგაზრდობა პოლიტიკაზე, საკუთარ მძიმე ცხოვრებასა და მთავრობაზე საუბრობს.
ქალაქის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი მთავარ ტრიბუნადაა ქცეული.
„ბრძოლა დავიწყეთ სამართლისა და თანასწორობისთვის. ბრძოლა ადამიანური ცხოვრებისთვის არავის წაუგია. წაგებას და დანებებას არც ჩვენ ვაპირებთ“, _ ამბობს ტყიბულში მცხოვრები, ერთ-ერთი მაღაროელი რუსლან ბუცხრიკიძე. დღის განმავლობაში ტყიბულელები ერთმანეთს მიმართვებით, პატრიოტული ლექსებითა თუ ხალხური გამონათქვამებით ამხნევებენ.
„ერთ მუშტად შეკრული ტყიბული არ დანებდება!”
ტყიბული ვაჟკაცების ქალაქია!“
„ტყიბული მშრომელების ქალაქია!“
“ჩვენია შახტა!”
“საწარმო მუშებს!”
„ასჯერ რომ გითხრან, რომ შენ ხარ მონა, შენ ათას ერთხელ უთხარი არა!“ _ ისმის მაღაროლთა აქციაზე მეგაფონებიდან.
„ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, გვინდა ადამიანებად ჩაგვთვალონ. 21-ე საუკუნეში არავინ არავის ემონება. აქამადე ვდუმდით და ეს დუმილი იყო უკეთესობის მოლოდინით.მაგრამ ტყიბული ყველას დაავიწყდა. დაავიწყდათ, რომ აქაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრებენ. გაიხედეთ, როგორი მთაგორიანი ქალაქია. ტყიბული მთებს შორის არის მოქცეული. აქ ცხოვრებისთვის კომპენსაცია გვეკუთვნის და არა დამონება,“ – გვეუბნება მაღაროელი გიორგი ცირეკიძე.
ცირეკიძე გვიყვება, თუ როგორ შრომობენ, როგორ გადიან ათობით კილომეტრს ყოველ დღე მიწის ქვეშ, როგორ ჩადიან დაახლოებით 9–სართულიანი კორპუსის სიღრმეზე მიწაში.
“ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიწაში ჩასულებს გარედან ბოქლომით კეტავენ, რომ ვინმემ ჰაერზე გამოსვლა არ მოინდომოს სამუშაო დროს, _ ემოციურად ჰყვება ცირეკიძე.
მაღაროელები ამბობენ, რომ მწირი ხელფასით ოჯახის რჩენა უჭირთ.
“ფილტვებიდან შავი ნახველი ამოგვაქვს და წამლის ფული არ არის. ბანკის ვალები გვახრჩობს. სხვა თუ არაფერი, სპეცტანსაცმელი ტანზე გვაპლება.
საპენსიო ასაკამდე მეშახტეები იშვიათად აღწევენო, _ ამბობენ აქ: “და ასე გრძელდება უსასრულოდ და ჩვენ ეს უსასრულობა უნდა შევაჩეროთ.
„ამიტომაც მნიშვნელოვანია, მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი დაგვიბრუნდეს,რადაგან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ხელფასები ტყიბულში 20 პროცენტით შეგვიმცირეს“, _ განმარტავენ ადგილობრივები.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედებამ ტიბულის მუნიციპალიტეტს მაღალმთიანი ზონის სტატუსი მოუხსნა, რამაც მეშახტეებისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება გამოიწვია.
სწორედ ამ სტატუსის დაბრუნების პირობა მისცა საპარალამენტო უმარვლესობის ტყიბულელმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ თანაქალაქელებს, თუმცა ხელისუფლება ტყიბულისთვის სტატუსის აღდგენას არ ჩქარობს.
“საქნახშირის წინააღმდეგ თავიანთი უძლურება ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.
„ჩვენც ისეთივე შეშფოთებულები ვართ, როგორც _ აქ აქციაზე მდგომი მაღაროლები და მათი ოჯხის წევრები. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩვენც შევეცდებით ამ საკითხის მოგვარებას.
“ საქნახშირის წარმომადგენლები მეშახტეებისთვის ხელფასების 40–პროცენტიან მატებას არ განიხილავენ. ‘საქნახშირის’ გენერალური დირექტორის მოადგილე, ტექნიკური დირექტორი ბეჟან ბალავაძე ამბობს, რომ „მას შემდეგ , რაც 2006 წელს ჰოლდინგ ინდუსტრიულმა ჯგუფმა თავის თავზე აიღო მიტოვებული და დატბორილი ტყიბულის მაღაროების აღდგენა, კომპანიაში დასაქმდა 1500-მდე ადამიანი. მათი საშუალო ხელფასი 815 ლარს შეადგენს. კომპანია ყოველწლიურად ბიუჯეტში იხდის 15 მილიონ ლარს, აქედან 2 მილიონი ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხება.
ღამით მაღაროელები სახელდახელოდ მოწყობილ კარვებში შეშის ფეჩს ანთებენ და მორიგეობენ.