შეთანხმება ჩინეთთან - ქართული პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება
გაზიარება
გაზიარება
ჩინეთსა და საქართველოს შორის 13 მაისს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ეს იმას ნიშავს, რომ ქართული პროდუქციისთვის 1.4 მილიარდიანი ბაზარი გაიხსნება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში, ქართული პროდუქციის 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.
„ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით – 270%). სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას”, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.
ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს. მათ ამის დასტურად სხვა ქვეყნების ჩინეთთან ურთიერთობის მაგალითები მოჰყავთ, როდესაც გაიზარდა ამ ქვეყნების მიერ ჩინეთში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა. ჩილეს ექსპორტი – 132 პროცენტით, ახალი ზელანდიის ექსპორტი – 30 პროცენტით, პერუდან ექსპორტი 13 პროცენტით და ა.შ.
საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისები უკვე სრულდება 2016 წლის 23 სექტემბრიდან კვირაში ორჯერ. “აბრეშუმის გზის” პროექტის ფარგლებში პირველად შესრულდა ტრასნპორტირება ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებლის მიერ. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია-ევროპას.
2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.