ყასემ სოლეიმანის სიკვდილი - რას ამბობენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ასევე, მსოფლიო საზოგადოების რეაქცია
მსოფლიოში მშფოთვარე და განსხვავებული რეაქცია მოჰყვა გენერალი ყასემ სოლეიმანის სიკვდილს – ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ირანსა და მთელ ახლო აღმოსავლეთში.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელი სოლეიმანი, ერაყში, ბაღდადის აეროპორტთან, ავტომობილების კოლონაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
თავდასხმის ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა.
• ყასემ სოლეიმანი – ვინ იყო ის და რა საფრთხეს შეიცავს მისი სიკვდილი
ირანმა ყასემ სოლეიმანის მკვლელობა „ომის აქტად“ შეაფასა. ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ჰამენეიმ განაცხადა, რომ „აშშ სასტიკად აგებს პასუხს სოლეიმანის მკვლელობისთვის“.
ირანში, ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ყასემ სოლეიმანის გლოვის ნიშნად.
მსოფლიოს ყველა გამოცემა განიხილავს სავარაუდო შედეგებს, მათ შორის, ტერორისტული თავდასხმებისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შესაძლებლობას.
ტვიტერზე პოპულარობა და მილიონობით გამოხმაურება მოიპოვა ჰეშთეგებმა #WorldWar3 და #WWIII.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლების მიერ მომხდარი ინციდენტის შეფასებისა და მსოფლიო საზოგადოების რეაქციის შესახებ.
________________________________________________________
საქართველო: „აშშ-ს კანონიერი უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა:
„ჩვენ ვგმობთ ბოლოდროინდელ ძალადობრივ პროვოკაციულ თავდასხმას ბაღდადში, აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს კანონიერი უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ამასთან, მოვიდა დიპლომატიის დრო, რომ შეამსუბუქოს დაძაბულობა“.
ქართველმა პოლიტოლოგმა, თენგიზ ფხალაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ვარაუდი გამოთქვა, რომ ახლა აშშ-ის წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობის საფრთხე გაიზარდა:
„ამერიკელების წინააღმდეგ ტერაქტები შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში მოეწყოს, საქართველოც შეგვიძლია ასეთ ადგილად ჩავთვალოთ. ამიტომ, საქართველომ ანტიტერორისტული ზომები უნდა გააძლიეროს“.
აზერბაიჯანი: სამძიმარი ირანისადმი გენერალი სოლეიმანის გარდაცვალების გამო
4 იანვარს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მზარდი დაძაბულობის საკითხები.
„აზერბაიჯანი მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ერთგულნი იყვნენ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში. მინისტრმა მამედიაროვმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა ხელისუფლებასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობას გენერალი სოლეიმანის გარდაცვალების გამო“, – განუცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვებგვერდ 1news.az-ს.
ახალგაზრდული მოძრაობა Nida-ს აქტივისტმა, ილქინ რუსტამზადემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა „აზერბაიჯანში ირანული აგენტურისა და პროპაგანდის ძლიერ და საშინელ გავლენაზე“:
„ირანის ბევრი გულშემატკივარი ოცნებობს, რომ დემოკრატიის ნიღბის ქვეშ, ქვეყანაში შუა საუკუნეების სიბნელე შემოიტანოს. ყურადღებით დააკვირდით“.
სომხეთი: „მშვიდობას ახალი საფრთხე“ დაემუქრა
„ჩვენ, ძლიერ შეშფოთებული ვართ, ბაღდადში, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით, რომელმაც მსხვერპლიც გამოიწვია. ამის გამო, რეგიონში, შესაძლოა, მშვიდობას კიდევ უფრო მეტი საფრთხე დაემუქროს და სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ. სომხეთი მხარს უჭერს სიტუაციის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას“, – წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა კი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მოუწოდა „პანიკის გავრცელების მოსურნე სახლში მსხდომ გეოპოლიტიკოსებს, მშვიდად ისხდნენ საკუთარ ადგილებზე“.
„სომხეთის რესპუბლიკაში არსებობს ინსტიტუტები, რომელთაც შეუძლიათ თვალყური ადევნონ სიტუაცია, გააანალიზონ მიმდინარე მოვლენები და აუცილებლობის შემთხვევაში – გადადგან სიტუაციის შესაბამისი ნაბიჯები, რის შესახებაც ყველა საჭირო რეკომენდაცია უკვე გაცემულია“, – დაწერა პაშინიანმა.
ერაყი: „ამერიკამ დაარღვია პირობები, რომლის გათვალისწინებითაც ის ერაყში იმყოფებოდა“
ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ-მაჰდიმ ირანელ გენერალზე თავდასხმას „ამერიკელი სამხედროების ერაყის ტერიტორიაზე ყოფნის პირობების დარღვევა უწოდა“.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ბარჰამ სალეჰმა თანამემამულეებს ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა „ათწლეულებით გაგრძელებული ძალადობის შემდეგ, თავიდან აირიდონ სისხლისღვრის ახალი ტალღა“.
ისრაელი: „ტრამპი მხარდაჭერას იმსახურებს“
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო, საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა.
მან განაცხადა, რომ ტრამპი „მხარდაჭერას იმსახურებს სწრაფი, ენერგიული და გადამწყვეტი მოქმედებისთვის“.
ჩინეთი: „მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ შემდგომი ესკალაცია“
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა შეშფოთება გამოხატა“, მოუწოდა ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი აშშ-ს „სიმშვიდისა და გაწონასწორებულობისკენ“ და გააფრთხილა, თავიდან აირიდონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია.
ჩინეთი – ირანის თანმიმდევრული მოკავშირე და ერაყში ამერიკელების ყოფნის მოწინააღმდეგეა. 2019 წლის დეკემბერში, მისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი შეუერთდა ირანისა და რუსეთის ერთობლივ სწავლებას ინდოეთის ოკეანეში.
საფრანგეთი: „თავიდან უნდა ავირიდოთ სამხედრო ესკალაცია“
ევროპული ქვეყნებიდან პირველმა სოლეიმანის ლიკვიდაციაზე რეაგირება საფრანგეთმა მოახდინა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ამელი დე მონშალინმა რადიო RTL-ს განუცხადა:
„ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროში ვიღვიძებთ. ესკალაცია სრული სვლით მიდის და სამხედრო ესკალაცია ყოველთვის სახიფათოა“.
გერმანია: „ამერიკამ რეაგირება მოახდინა ირანის პროვოკაციაზე, მაგრამ ესკალაციამ სახიფათო ნიშნულს მიაღწია“
გერმანიის ხელისუფლების პრეს-მდივანმა, ულრიკე დემერმა განაცხადა, რომ აშშ-მა „რეაგირება მოახდინა სამხედრო პროვოკაციების მთელ სერიაზე, რომელზეც პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება“ და დაასახელა საუდის არაბეთში ტანკერებსა და ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სიტუაციამ ახლო აღმოსავლეთში, „ესკალაციის სახიფათო ნიშნულს“ მიაღწია და რეგიონში კონფლიქტი მხოლოდ დიპლომატიის გზით უნდა გადაიჭრას.
დიდი ბრიტანეთი: „ჩვენ ვაღიარებდით საფრთხეს, რომელიც გენერალი სოლეიმანისგან მოდიოდა“
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ თავშეკავების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, თუმცა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა აღნიშნა:
„ჩვენ ყოველთვის ვაღიარებდით საფრთხეს, რომელიც გენერალ სოლეიმანის ხელმძღვანელობით, „ქუდსის“ ქვედანაყოფისგან მოდიოდა“.
რუსეთი: „აშშ-ის ავანტიურა“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცალსახად დაგმო სოლეიმანის მკვლელობა და განაცხადა, რომ ეს გააძლიერებს დაძაბულობას მთელ ახლო აღმოსავლეთში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინკოგნიტო დიპლომატმა საინფორმაციო სააგენტო ტასს-ს (ТАСС) განუცხადა, რომ აშშ-მა „ავანტიურული ნაბიჯი“ გადადგა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა Facebookის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ახლა ირანს შეუძლია დააჩქაროს ბირთვული იარაღის შექმნა, მაშინაც კი, თუ ადრე საერთოდ არ გეგმავდა ამის გაკეთებას“.
აშშ: „უპასუხისმგებლო მკვლელობა თუ „ძლიერი თავდაცვითი მოქმედება?“
ამერიკელი პოლიტიკოსები სიტუაციის შეფასებისას პარტიული კუთვნილების მიხედვით გაიყვნენ.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი მიეკუთვნება, ეს სპეცოპერაცია შეაფასეს, როგორც „ძლიერი თავდაცვითი მოქმედება“.
ოპოზიციაში მყოფი დემოკრატიული პარტიის ლიდერების უმრავლესობამ კი სოლეიმანის მკვლელობას „უპასუხისმგებლო“ უწოდა.
თავად ტრამპმა კი განაცხადა, რომ სოლეიმანის მკვლელობა „ომის თავიდან აცილების“ მიზნით მოხდა.