უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში გაეროს სამშვიდობო ჯარის შეყვანის წინადადებით გამოდის
ჰრომადსკოეს მასალების მიხედვით
უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების ლიდერებთან – საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დონბასის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა.
გარდა ამისა, მოსაუბრეებმა უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის მისიის თავმჯდომარის ერტურულ აპაკანისა და მისი მოადგილის ალექსანდრ ხუგას მოხსენებაც მოისმინეს, – გადმოსცემს ქვეყნის მეთაურის პრეს-სამსახური.
როგორც ჰრომადსკოე იუწყება, ორსაათიანი საუბრის დროს პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა დონბასში გაეროს სამშვიდობო მისიის შეყვანის მნიშვნელოვნება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყარომ ჰრომადსკოესთან საუბრისას დააზუსტა, თუკი რუსეთი ამ გადაწყვეტილებას გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს დაადებს, ეს „მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ ის აგრესორი და კონფლიქტის მხარეა. ის ასე უკვე მოიქცა, როდესაც МН17-ზე ტრიბუნალს ვეტო დაადო“. ამასთანავე ჰრომადსკოეს თანამოსუბრეებმა დააზუსტეს, რომ უკრაინის მხარე ეუთოს შეიარაღებულ მისიაზე უარს არ ამბობს.
გარდა ამისა, მოლაპარაკებების მონაწილეებმა გადაწყვიტეს, უსაფრთხოების მიზნით გადადგმული საბოლოო ნაბიჯები ერთმანეთთან შეათანხმონ და მინსკის შეთანხმებათა იმპლემენტაციის საგზაო რუკაზე მუშაობა გააგრძელონ. ამ მიზნით, აგვისტოს მეორე ნახევარში „ნორმანდიის ფორმატის“ სახელმწიფოთა მეთურების შიდაპოლიტიკური მრჩევლების შეხვედრა უნდა შედგეს.
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია ეგრეთ წოდებული „მალოროსიის“ შექმნის შესახებ განცხადებების გაკეთება. ასეთი პასუხი გაეცა თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურის ალექსანდრ ზახარჩენკოს განცხადებას.
უკრაინა კიდევ ერთხელ მოითხოვს ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის მათ გათავისუფლებასაც, ვისაც რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ აკავებენ, ასევე ცეცხლის სრულ შეწყვეტას, მძიმე ტექნიკის გაყვანას და ეუთოს საგანგებო მონიტორინგის მისიის მიერ ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგის საშუალებით ძალების განზავებას.
დონბასში ეუთოს მისიის მეთურის მოადგილე ალექსანდრ ხუგი ჰრომადსკოესთან გაკეთებულ კომენტარში ჰყვება, რომ „ნორმანდიის ოთხეულის“ ქვეყნების ლიდერებისთვის წარდგენილ ანგარიშში დონბასში გამყოფ ზოლზე სიტუაციის გაუარესებასა და დამკვირვებელთა მუშაობისთვის ხელის შეშლაზე იყო ლაპარაკი. ამგვარი შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ბოევიკების მხრიდან აღინიშნებოდა.
“უკრაინის კრიზისის დარეგულირების მიზნით, პირდაპირი დიალოგი კონკრეტული ქმედებებისთვის, ბერლინის, პარიზის, მოსკოვისა და კიევის ერთობლივი მუშაობის დასტურია“, – დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა „ნორმანდიული ოთხეულის“ სახელმწიფოების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
7-8 ივლისს გერმანიაში, ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტი ჩატარდა. შეხვედრების დროს მერკელი, პუტინი და მაკრონი მინსკის შეთანხმებათა შესრულების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰამბურგში G20-ის სამიტის დროს შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ნორმანდიის ფორმატში მორიგი სატელეფონო საუბრის გამართვა.