უკონკურენტო ჩირი
სამეგრელოს რეგიონში, ოფიციალური მონაცემებით, შრომისუნარიანი მოსახლეობის 30 პროცენტზე ნაკლებია დასაქმებული. გასაკვირი არ არის, რომ ეს მხარე, მოსახლეობის გადინების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში. ადამიანები (მეტწილად ქალები) ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ (ყველაზე ხშირად თურქეთში, იშვიათად ევროპაში) მიემგზავრებიან; მუშაობენ მომვლელებად, ძიძებად, პლანტაციების დაქირავებულ მუშებად და არჩენენ ოჯახებს, რომლებსაც წლობით ვერ ნახულობენ.
ადგილზე დარჩენილთაგან ცოტამ თუ მოახერხა ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება; ხოლო წარმატებული მცირე მეწარმე აქ იმდენად იშვიათია, რომ ასეთებს ხშირად კონკურენტიც კი არ ჰყავთ.
კონკურენტები არ ჰყავს, მაგალითად, მაია შენგელიას. იგი 45 წლისაა და ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ცხოვრობს. მაია ჩირს, ცუკატსა და ტყლაპს ამზადებს. მისი ჩირი ძალიან გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთაა, და თან განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა.
ქართველი მეწარმეები, უმეტესწილად, თავიანთი პროდუქციის გარეგნულ მხარეს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ. ზოგიერთი თავისი უშნო საქონლით ამაყობს კიდეც, რითაც იმაზე მიუთითებენ, რომ მათი აზრით, ლამაზი მხოლოდ უცხოური, იმპორტული პროდუქტი შეიძლება იყოს, რომელიც სათბურში, მავნე ნივთიერებების დამატებით მზადდება.
მაიამ სულ სხვა გზა აირჩია. წარმოუდგენლად თხელი, ნაზი მსხლის ჩირისგან იგი ვარდის კოკრებს აკეთებს; კოპლებიან ტყლაპს ამზადებს და ვაშლის ჩირისგან როგორღაც ქართულ საახალწლო „ჩიჩილაკსაც“ კი თლის. ჩვეულებრივი ხურმის ჩირი სამეგრელოში ყველა აივანზე კიდია, მაგრამ საქორწინო სუფრის მოსართავად,საბავშვო ზეიმების დასამშვენებლად ან უბრალოდ საჩუქრის გასაგზავნად მაიას მიმართავენ ხოლმე.
მაია მთელ რაიონში ყიდულობს ვაშლს, მსხალს, ციტრუსებს, ფეიხოას, კივის და ა.შ. ოცნებობს, საკუთარი ხილის ბაღი გააშენოს და სურს, საგანგებო დასაფასოებელი აღჭურვილობაც შეიძინოს. სწორედ ამ დანადგარის უქონლობის გამო, ის თავის პროდუქტს მაღაზიებში ვერ აბარებს და მხოლოდ კერძო შეკვეთებს ასრულებს.
რამდენიმე წლის წინათ მაიამ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ორგანიზებულ კერძო მეწარმეების კონკურსშიგაიმარჯვა და მას 40 ათასი ლარის ღირებულების საშრობი დანადგარი გადასცეს. საშრობი ეზოში დგას. ამჟამად, ნედლი ხილის გასაშრობად მაიას 3 დღიდან 2 კვირამდე დრო სჭირდება.
“ყველაფერი 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც ბავშვები პატარები იყვნენ, მაღაზიები ცარიელი იყო და ომი მძვინვარებდა. ძალიან მინდოდა, ახალ წელს ოჯახი რამით გამეხარებინა და ამიტომ გადავწყვიტე, ლეღვის ჩირი გამეკეთებინა. დაახლოებით ვიცოდი, როგორ კეთდებოდა _ ბავშვობიდან მახსოვდა,როგორ ამზადებდნენ ჩემი მშობლები ლეღვის, ხურმისა და ვაშლისგან ჩირს , – იხსენებს მაია.
თანდათანობით სხვა ხილითაც სცადა და ამჟამად ის საქართველოში მოწეული თითქმის ყველა სახეობის ხილისგან ამზადებს ცუკატებს და ტყლაპს.
მეწრმე ქალი ბევრად უფრო ნაყოფიერად იშრომებდა, ავად რომ არ იყოს. მას მკერდის კიბო აქვს. დაავადებამ მორალურადაც და ფინანსურადაც გატეხა. მკურნალობას დიდი თანხა დასჭირდა. იძულებული გახდა, ბანკიდან კრედიტი ეღო. ამ დავალიანების გასტუმრება არც ისე ადვილია,რადგან ბოლო დროს მაიას შემოსავალი მკვეთრად შემცირდა. ამჟამად მისი ჩირი ოჯახს თვეში დაახლოებით 500 ლარის (215 დოლარი) შემოსავალს აძლევს. თუმცა, სეზონურად შემოსავალი იზრდება ხოლმე; მაგალითად _ ახალი წლის წინა დღეებში,როდესაც შემოსავალი ორმაგდება კიდეც.
მაია მუშაობას აგრძელებს. იგი მკურნალობს და იმედი აქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება.
‘ქიმიურ დანამატებს არც ადრე ვიყენებდი. ახლა კი უკეთ ვაცნობიერებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა იყოს’,_ ამბობს მეწარმე.