"უბრალოდ მწერი" თუ "სასტიკი მტერი"? ქართველი პოლიტიკოსები ფაროსანაზე მსჯელობენ
ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველო” გამოდის ინიციატივით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო -Halyomorpha halys)- ასე ჰქვია მწერს, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ეს მწერი მცენარეებით იკვებება. გასულ წელს ფაროსანამ სამეგრელოში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო თხილის მსოფლიო ექსპორტიორების ხუთეულშია, ზარალი, რომელიც ამ მწერმა ქვეყანას მიაყენა, მილიონობით ლარს ითვლის.
თხილის გარდა ფაროსანა სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებსაც, მათ შორის სიმინდსაც აზიანებს.
გასულ წელს ფეისბუკი სავსე იყო ფოტოებით, სადაც კარგად ჩანდა ამ მწერის შემოსევის მასშტაბები.
ახლა, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, როდესაც ფერმერები და გლეხები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს იწყებენ, ფაროსანას თემა კვლავ აქტუალური გახდა.
ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და საგანგებო ზომების მიღება ითხოვს. მათი თქმით, “ქართულ ოცნებას” არ აქვს გაცნობიერებული პრობლემის მასშტაბი.
“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფაროსანასთან ბრძოლას და დიდი ტერიტორიების შეწამვლას დასჭირდება ბევრი ადამიანი, ამიტომ საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება – სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხისა და მოხალისეების მასობრივი მობილიზება. ასევე საჭიროების შემთხვევაში არმიის ჩართვაც და ამ საქმეში მეზობელი ქვეყნების ჩართვაც.
“ფაროსანას გამო 2017 წელს მხოლოდ თხილის ექსპორტი 151 მილიონი ლარით შემცირდა. ფაროსანა ანადგურებს სიმინდსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს. დასავლეთ საქართველოში ის უკვე ეპიდემიურ ხასიათს ატარებს,” – განაცხადა უგულავამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი პრობლემას სხვაგვარად უყურებს. მისი თქმით, ფაროსანა არ არის ის საკითხი, რომელიც პარლამენტში განხილვის მთავარი თემა უნდა იყოს და ოპოზიციის მიერ მისი ხელოვნურად პოლიტიზირება ხდება.
“ფაროსანა არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი, მარტივად რომ ვთქვათ, ის არის უბრალოდ მწერი და მასზე ამდენი ყურადღების გამახვილება ცოტა გადაჭარბებულიც არის. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ არა ერთადერთი და არა უმნიშვნელოვანესი,” – განაცხადა სოფლის-მეურნეობის მინისტრმა. მისი თქმით, 2018 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრულად მომზადებული ხვდება.
“ჩატარებულია ყველა ის მოსამზადებელი სამუშაო, რაც საჭიროა ჩვენი ფიტოსანიტარული შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მერწმუნეთ, ამისთვის მზად ვართ”, – განაცხადა დავითაშვილმა.
• სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს მავნებლის გამო მიყენებული ზარალის ოდენობამ 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2017 წელს კი, ზარალმა 150 მილიონანს გადააჭარბა.
• საქართველო ევროკავშირში თხილის ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების ხუთეულში შედის და ევროკავშირის ბაზარზე თურქეთის შემდეგ ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად ითვლება.
• ქართული თხილის 90 პროცენტზე მეტი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის საზღვართან – სამეგრელოში მოდის. 90-იანი წლების ომებისგან ამ ყველაზე დაზარალებულ რეგიონს, დღემდე თხილი აცოცხლებს. თუმცა, ეს მოცემულობა შეიძლება მალე შეიცვალოს – გასულ წელს სამეგრელოში იმის ნახევარი მოსავალიც ვერ აიღეს, რამდენიც 2016-ში.