2018 წლის პირველი თებერვლისთვის ამერიკის ფინანსთა სამინისტრო რუსი ოლიგარქებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ “ინდივიდუალური სანქციების“ შესახებ მოხსენების მომზადებას აპირებს.
საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა მომავალი „ფიგურანტების“ შერჩევის კრიტერიუმები ჩამოაყალიბა, რომლებსაც, შესაძლოა, ფინანსური აქტივების გაყინვა და აშშ-ში შესვლის აკრძალვა ელოდეთ.
მოხსენებაში განხილული უნდა იყოს ამ ადამიანების კავშირები ვლადიმირ პუტინთან, დადგინდეს კორუფციაში მათი მონაწილეობა, შეფასდეს მათი ქონების რაოდენობა და შემოსავლის წყაროები.
სავარაუდოდ, „შავ სიაში“ მოხვდებიან:
პოლიტიკური მოღვაწეები, ნახევრად სამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესმენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აგრესიული, კორუფციული ან დანაშაულებრივი ქმედებების გამო;
„პუტინის სანკტ-პეტერბურგელი მეგობრების“ უახლოესი გარემოცვა, რომლებთან ერთადაც 1990-იანი წლების დასაწყისში ის ბიზნესით იყო დაკავებული;
რუსეთის ელიტის ე.წ. „ოქროს შვილები“;
პუტინის პირადი მეგობრები, რომლებიც მისი „პირადი აქტივების მფარველთა“ როლს ასრულებენ;
მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც კრემლთან ერთობლივი ბიზნესის წარმართვით იღებენ სარგებელს;
სახელმწიფო კომპანიების კორუმპირებული მენეჯერები, რომლებიც თავიანთ მდგომარეობას პუტინთან ახლო ურთიერთობას უნდა უმადლოდნენ;
იმ ნახევრადსახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც წინა კატეგორიაში მითითებულ პირებს ეკუთვნით.
მნიშვნელოვანია, რომ კონგრესისადმი ამ მოხსენებას პირდაპირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ის თითოეულ პალატაში სამმა კომიტეტმა – საგარეო საქმეთა, ფინანსთა და საბანკო საქმიანობის კომიტეტებმა უნდა განიხილოს. მოხსენება ღია ფორმატისაა, თუმცა, შესაძლოა, გასაიდუმლოებულ ნაწილებსაც შეიცავდეს.
მზადება გასაიდუმლოებულ რეჟიმში მიმდინარეობს და ამერიკულ პრესაში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟონვა არ მომხდარა. Но The Bell მოხსენების პოტენციური ფიგურანტების გვარებს ასახელებს: ოლეგ დერიპასკა, მიხაილ ფრიდმანი, ალიშერ უსმანოვი, რომან აბარამოვიჩი.
საბოლოოდ რა მოხდება, ტრამპის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული.
საეჭვოა, პრეზიდენტმა თავი კანონმდებელთა კრიტიკის მორიგი ქარ-ცეცხლის, ან პრესის მხრიდან პუტინისადმი მისი „გაუგებარი“ სიმპათიების შესახებ სპეკულაციებისთვის გაიმეტოს.