"ღამე ბიძას დაურეკა, თხოვდა კლინიკაში დამაწვინეთო". რა ხდება საქართველოს ფსიქიატრიული ჯანმრთელობის სისტემაში?
თებერვლის დასაწყისში რუსთავში საშინელი ტრაგედია დატრიალდა – 29 წლის ბიძამ 13 წლის ძმისშვილი სამზარეულოს დანით მოკლა.
მამაკაცი დაკავებულია. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, მას მწვავე ფსიქიკური აშლილობა აქვს.
მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ის აგრესიული იყო და ნათესავებმა რამდენიმე საავადმყოფოში მიიყვანეს.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ მწვავე ავადმყოფი არ მიიღო და სახლში გაუშვა. რამდენიმე საათში მან 13 წლის ბავშვი მოკლა.
JAMnews-ი არკვევს რა მოხდა რუსთავში და რატომ არ აღმოჩნდა სისტემაში მწვავე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის ადგილი.
________________
რუსთავში, მე-8 მიკრორაიონის მე-7 კორპუსის ეზოში რამდენიმე ფერად საქანელას ქარი აქანავებს.
ეზოში სიჩუმეა. ბავშვების ხმა არ ისმის.
კორპუსის მაცხოვრებელი ქალები ამბობენ, რომ მათი ხმაურიანი და ბავშვებით სავსე ეზო რამდენიმე კვირაა დაცარიელდა, მას შემდეგ, რაც აქ 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ – მამის ძმამ დანით მოკლა.
29 წლის კაცმა ბავშვს დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა. წინასწარი ინფორმაციით, მას ფსიქიკური აშლილობა აქვს, რომელსაც, სავარაუდოდ, ერთვოდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება.
მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, გამწვავებული ფსიქიკური აშლილობის მქონე კაცი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. თუმცა ის ვერც ნარკოლოგიურ და ვერც ფსიქიატრიულ განყოფილებებში ვერ მოხვდა.
“გრძელი თმა ჰქონდა ჩამოშლილი… ზურგში იმდენი ჭრილობა ჰქონდა, კიდევ ყელში, გულთან”
10 თებერვალს, დაახლოებით დილის 09:30 საათზე, რუსთავის მე-8 მიკრორაიონის მაცხოვრებლები მეზობლის, გიორგი ასანიძის ხმამაღალმა ყვირილმა გამოაღვიძა.
— გამიღე, – ისმოდა კაცის ყვირილი. ასანიძე პირველ სართულზე, კართან იდგა და ბინაში შესვლას ცდილობდა.
კარს მიღმა ასანიძეს მისი ბავშვობის მეგობარი ეგულებოდა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა. სახლში მასთან ერთად 13 წლის ძმისშვილი იყო ჩაკეტილი.
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან ინტერვიუში გიორგი ასანიძე იხსენებდა, რომ ოთახიდან ბავშვის ხმა შემოესმა. ის დახმარებას ითხოვდა.
როდესაც ბინაში პოლიცია შევიდა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
„გამოიყვანეს, გრძელი თმა ჰქონდა ჩამოშლილი… ზურგში იმდენი ჭრილობა ჰქონდა, კიდევ ყელში, გულთან,” – ორი კვირის შემდეგ, რუსთავის ამ ეზოს მაცხოვრებლები ჯერ ისევ მხოლოდ ამ ამბავზე ლაპარაკობდენ.
29 წლის მამაკაცს უკვე წარუდგინეს ბრალი. დაკავების შემდეგ მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს. ექიმები შეთანხმდნენ, რომ ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მკურნალობას საჭიროებდა.
პირველი გაჩერება: კლინიკა „რუსთავი“
ბრალდებულის მეგობრები იხსენებენ, რომ ბოლო კვირა ის განსაკუთრებით აგრესიული იყო მეუღლისა და შვილების მიმართ და ამბობდა, რომ „ვიღაცეების დახოცვა უნდოდა“.
პირველი დაწესებულება, სადაც ის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიიყვანეს, კლინიკა „რუსთავი“ იყო.
ეს 9 თებერვალს, შუადღეს მოხდა, 13 წლის ბავშვის მკვლელობამდე დაახლოებით 24 საათით ადრე.
კლინიკა “რუსთავში” პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანამ მიიყვანა.
კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლუკა სალუქვაძე მის სამედიცინო ბარათს გვაცნობს:
„უჩიოდა თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, საერთო სისუსტეს, გულის რევის შეგრძნებას, უძილობას. პაციენტის და მისი მეუღლის გადმოცემით, მიღებული ჰქონდა მარიხუანა, რის შემდეგადაც დაიწყო აღნიშნული ჩივილი. ასევე აღნიშნავდა, რომ პერიოდულად ჰქონდა მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, უმადობა”. – წერია სამედიცინო ისტორიაში.
გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა რევაზიშვილი ამბობს, რომ ოჯახის წევრებს არ უთქვამთ, რომ ის აგრესიული იყო და ცოლ-შვილს ერჩოდა. მისი თქმით, პაციენტს “შესაბამისი მკურნალობა” ჩაუტარდა, ის უკეთ გახდა და ოთხ საათში გაწერეს.
განსხვავებულად იხსენებენ ამ ამბავს ბრალდებულის მეგობრები, რომლებიც იმ დღეს მასთან იყვნენ:
“რუსთავის კლინიკაში გვითხრეს, ეს ავადმყოფი ფსიქიატრიულშია დასაწვენიო”, – იხსენებს გიორგი ასანიძე.
ამას ადასტურებს კლინიკის ექიმი ლუკა სალუქვაძე. ის ამბობს, რომ პაციენტის ახლობლებს მართლა ურჩიეს მისი თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანა.
სალუქვაძის თქმით, კანონის თანახმად, კლინიკა “რუსთავი” სხვას ვერაფერს გააკეთებდა გარდა ფსიქიკურ აშლილობაზე “ეჭვის მიტანისა” და პაციენტის ნათესავებისთვის რჩევის მიცემისა, რადგან დაწესებულება საერთო პროფილისაა და ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო ლიცენზია არ აქვს.
გაჩერება მეორე: თბილისის „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი”
ფსიქიკური აშლილობის მქონე და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდა კაცი რუსთავიდან თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” გადაიყვანეს.
ეს ერთ-ერთი მსხვილი ცენტრია თბილისში, სადაც ერთ განყოფილებაში ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტები, მეორეში კი, ნარკოდამოკიდებულები მკურნალობენ.
რატომ არ დაიტოვა თბილისის ფსიქიატრიულმა ცენტრმა რუსთაველი პაციენტი?
ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა კილაძის თქმით, ნარკოლოგიურ განყოფილებაში პაციენტს ძალით ვერ უმკურნალებდნენ, რადგან ამას კანონი კრძალავს.
„მეგობრები გამოხატავდნენ სურვილს ნარკოლოგიურ სტაციონარში მისი დაწვენის, თვითონ მოქალაქე კი უარს აცხადებდა მკურნალობაზე”, – განაცხადა კილაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ნარკოლოგიურში პაციენტს ურჩიეს კლინიკის სხვა განყოფილებისთვის – ფსიქიატრიულისთვის მიემართა. თუმცა, პაციენტი იქ არ მისულა, ამბობს კილაძე.
ბრალდებულის ახლობლები ამბობენ, რომ ის ჯერ მართლაც ნარკოლოგიურში მიიყვანეს, თუმცა იქ უარის მიღების შემდეგ იქვე, ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს:
„ფსიქიატრიულშიც ვიყავით. შეიყვანეს სულ 2 წუთით… მერე მის ცოლს ესაუბრნენ. გვითხრეს ადგილი არ გვაქვსო“, – იხსენებს ბრალდებულის მეგობარი გიორგი ასანიძე.
ის გვიყვება, რომ ფსიქიატრიულიდან გამობრუნების შემდეგ, პაციენტი ისევ ნარკოლოგიურში მიიყვანეს:
„იქედან გამოვიდა დაცვის თანამშრომელი და გვითხრა, უყურეო და ანკეტა დამანახა. 3000 ლარი უნდაო ამ ანკეტასო. თუ ვიტყუები, ვიდეო კამერებში გადაამოწმონ”, – ამბობს გიორგი.
ის იხსენებს, რომ მეგობრებმა კლინიკის ხელმძღვანელობას პირობა მისცეს, ოღონდ დღეს დააწვინეთ და ფულს მეორე დღესვე მოვიტანთო, მაგრამ ამან არ გაჭრა.
ზარი ღამის სამ საათზე
საბედისწერო დილამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე საკუთარ ძმისშვილს დანით 20-მდე ჭრილობას მიაყენებდა, 29 წლის მამაკაცმა ნათესავს დაურეკა:
“ღამის 3 საათი იქნებოდა, ბიძამისს დაურეკა და თხოვდა წამიყვანეთო… ორშაბათს ხომ უეჭველი დამაწვენთო, რომ მკურნალობა დავიწყოო. ბიჭი შველას ითხოვდა და არავინ ყურადღება არ მიაქცია,” – ამბობს გიორგი ასანიძე, ბრალდებულის მეგობარი.
ვინ არის დამნაშავე, ანუ რატომ არ მუშაობს სისტემა?
იყვნენ თუ არა ექიმები ვალდებულები, რომ თვალი მიედევნებინათ პაციენტისთვის და ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ ის აუცილებლად ფსიქიატრთან მოხვედრილიყო?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემის შესაძლებლობას ის ხარვეზები არ იძლევა, რომლებიც რუსთავის შემთხვევამ ფსიქიატრიულ სისტემაში გამოავლინა.
ხარვეზი 1: კოორდინაციის ნაკლებობა
ყველაზე მთავარი, რაც ამ შემთხვევამ აჩვენა არის ის, რომ ფსიქიატრიული სფერო არასათანადოდ კოორდინირებულია ჯანდაცვის ერთიან სისტემასთან, ხოლო კლინიკები – ერთმანეთთან.
გამოდის, რომ ექიმები პასუხისმგებლობას არ იღებენ მათ კლინიკაში შესული, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტის ერთი განყოფილებიდან მეორეში გადამისამართებაზეც კი.
აშკარაა, რომ ექიმებს საკმარისი ინფორმაციაც კი არ აქვთ მოქმედი ფსიქიატრიული სერვისების შესახებ.
„როდესაც ადამიანი მიიყვანეს საერთო პროფილის საავადმყოფოში, რუსთავში… წესით, იქ მას ხელს უნდა ჰკიდებდეს სისტემა და უზრუნველყოფდეს მის მოთავსებას, სადაც ესაჭიროება და არ ტოვებდეს მეგობრების ამარა“, – ამბობს ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი, მანანა შარაშიძე.
ფსიქიატრიული პაციენტებისთვის საავადმყოფოებში ადგილების ძებნა პაციენტების ოჯახის წევრებს და მეგობრებს რომ არ უნდა დაეკისროთ, ამას ეთანხმება ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონიაც. მისი აზრითაც, მთავარი პრობლემა აქ სამედიცინო დაწესებულებებს შორის შიდა და გარე კოორდინაციაა.
ხარვეზი 2: ნარკოლოგიური კანონმდებლობა
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც რუსთავის შემთხვევამ აჩვენა, ნარკოლოგიურ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებია.
ნარკოლოგიური კლინიკები საქართველოში ძირითადად მხოლოდ წამალდამოკიდებულების დეტოქსიკაციისა და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ახორციელებენ.
განსხვავებით ფსიქიატრიული პაციენტებისგან, ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობა მხოლოდ ნებაყოფლობითია – მათ იძულებით მკურნალობას კანონი კრძალავს და ამ მხრივ არანაირ გამონაკლისს არ ითვალისწინებს. სწორედ ამ არგუმენტს იშველიებენ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის ცენტრში იმის გასამართლებლად, თუ რატომ აღმოჩნდა სისტემის გარეთ მწვავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი.
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელი, მანანა შარაშიძე ამბობს, რომ ეს კანონი შესაცვლელია:
„მაგალითად, ადამიანს აქვს ფსიქოტროპული ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქოზი და ჯდება სოციალური საშიშროების კრიტერიუმებში. თუმცა, კლინიკაში დაწოლაზე უარს აცხადებს. ვერაფერსაც ვერ იზამ, რადგან ხელში არ გიჭირავს კანონმდებლობა, რომლითაც ასეთ პაციენტს დააწვენ. ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია,” – ამბობს ის.
ხარვეზი 3: მრავალპროფილურ კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილების არარსებობა
რუსთავის შემთხვევაზე საუბრისას ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას – მისი თქმით, აუცილებელია, რომ ფსიქიატრიული განყოფილება, რომელსაც მწვავე ავადმყოფები მიაკითხავენ, არა მხოლოდ სპეციალიზებულ, არამედ სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში არსებობდეს. მაგალითად, ისეთში, როგორიც კლინიკა „რუსთავია“.
„არ აქვს მნიშვნელობა, რაიმე ნივთიერების ზემოქმედების შედეგი იყო, თუ ქრონიკული დაავადების მწვავე ეპიზოდთან გვქონდა საქმე. ადამიანს დაუყოვნებელი კრიზისული დახმარება ესაჭიროებოდა. ფსიქიკური აშლილობის მწვავე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის დახმარების გაწევა უნდა ხდებოდეს ჩვეულებრივ, მრავალპროფილურ კლინიკებში, სადაც ქირურგიულ, ნევროლოგიურ, კარდიოლოგიურ და ა.შ. განყოფილებებთან ერთად, უნდა იყოს მწვავე ფსიქიატრიული განყოფილებებიც“, – ამბობს ჯავახიშვილი.
2017 წლამდე ასეც იყო. ორი წლის წინ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დაფინანსება შეეზღუდათ სახელმწიფო პროგრამის მონაწილე სამ მსხვილ კერძო კლინიკას, სადაც მწვავე ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის განყოფილებები ფუნქციონირებდა. ეს კლინიკებია ღუდუშაურის კლინიკა, N5 კლინიკურ საავადმყოფო და რეფერალური საავადმყოფო.
ამ ცვლილებებმა სპეციალისტების აზრით, ცუდი შედეგი მოიტანა – ქვეყანაში შემცირდა მწვავე ფსიქიკური პაციენტებისთვის საწოლი ადგილები და ასევე გართულდა მწვავე პაციენტების მყისიერად მიღება.
გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტები “ჩვეულებრივ” საავადმყოფოებში მკურნალობდნენ, სადაც ფილტვების ანთების მქონე ან ფეხმოტეხილი პაციენტები არიან, ხელს უწყობდა საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირებასაც.
ხარვეზი 4: “საწოლების” ნაკლებობა
„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ უარყოფენ, რომ რუსთაველი პაციენტი ფსიქიატრიულ განყოფილებაში უადგილობის გამო ვერ მოათავსეს.
თუმცა, იმას, რომ 10 თებერვალს ცენტრში მართლაც არ ჰქონდათ თავისუფალი საწოლი, სახალხო დამცველი ადასტურებს.
„საწოლების ნაკლებობა” წლებია საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებების ერთ-ერთ მთავარ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სტაციონარების გადატვირთულობას ორი მთავარი მიზეზი აქვს: ფინანსების არასწორი გადანაწილება და სპეციალიზებული სერვისების გაუმართაობა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ერთმანეთისგან სიმწვავის ხარისხით განსხვავდება. ზოგ პაციენტს სტაციონარი სჭირდება, ზოგს სხვა სერვისი. ეს “სხვა” სერვისები საქართველოში დიდი პრობლემაა, ამიტომ სტაციონარში ხშირად ნახავთ ისეთ პაციენტს, რომელიც იქ არ უნდა იყოს, ხოლო მართლაც მწვავე პაციენტისთვის ადგილი არ რჩება.
დღეს ქვეყანაში, ყველა ფსიქიატრიულ სტაციონარში ერთად 1400-მდე საწოლია გათვალისწინებული. თითოეულ მათგანზე დღე-ღამეში სახელმწიფო კლინიკებს 19 ლარს აძლევს.
„ჩვენ თუ ყველა შემთხვევას, სადაც საჭიროა სპეციალიზირებული დახმარება, შევეცდებით რომ სტაციონარით მოვუაროთ, ეს არის წარმოუდგენელი ხარჯი და ამას ვერანაირი სისტემა ვერ გაწვდება“, – ამბობს ეკა ჭყონია. მისი აზრით, გამოსავალი იქნებოდა სწორედ ალტერნატიული, უფრო “იაფი” სერვისების განვითარება შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის.
* სტატიის მომზადებისას ავტორი რამდენჯერმე დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარისთვის, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.