ტერორისტი, რომელმაც სომხეთის პარლამენტს 20 წლის წინ ცეცხლი გაუხსნა, ციხეში დარჩება
ნაირი უნანიანმა, შეიარაღებული ჯგუფის მეთაურმა, რომელმაც 1999 წლის 27 ოქტომბერს ტერაქტი განახორციელა, პირობით-ვადამდელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა წარადგინა. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, და უკვე 20 წელიწადია, სასჯელს იხდის.
ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სამუდამო პატიმრობამისჯილებს ვადამდელი გათავისუფლების შესახებ თხოვნის უფლება აქვთ, რითაც უნანიანმა ისარგებლა კიდეც.
მაგრამ, იმისთვის, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს, სასჯელაღსრულების სამსახურსა და პრობაციის სამსახურს დადებითი დასკვნა უნდა გამოეტანათ. თუმცა, ორივე ამ სამსახურმა ნაირი უნანიანის ვადამდელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა გამოიტანა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი გათავისუფლების საკითხი სასამართლომდე ვერ მიაღწევს.
ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია, რომ მიღებიდან ათი დღის განმავლობაში სასამართლოში გასაჩივრდეს.
აქ კი პატიმარი შემდეგი არჩევანის წინაშე დგება:
• თუკი ის ადმინისტრაციისგან მიღებულ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, მაშინ მისი ვადამდელი გათავისუფლების საკითხი წელიწადნახევარში ისევ შეიძლება დადგეს განსახილველად;
• ხოლო თუკი ის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, მაგრამ სასამართლო მის თხოვნას უგულებელყოფს, ვადამდელი გათავისუფლების საკითხის განხილვის საშუალება მას მხოლოდ სამ წელიწადში მიეცემა.
რა მოხდა 1999 წლის 27 ოქტომბერს
შეიარაღებული ჯგუფი სომხეთის ეროვნული საკრებულოს შენობაში შეიჭრა და რვა ადამიანი მოკლა. მათ რიცხვში იყვნენ: პარლამენტის 2 ვიცე-სპიკერი, პრემიერ-მინისტრი, სამი დეპუტატი და ერთი მინისტრი.
ჯგუფმა ეს აქცია იმისთვის მოაწყო, რომ პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარკისიანისთვის გადადგომა ეიძულებინა, და როგორც თავად თქვეს, „ქვეყანა დანგრევისგან ეხსნათ“.
ჯგუფის ლიდერი ნაირი უნანიანი იყო. როგორც მოგვიანებით სხდომათა დარბაზში მყოფი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, უნანიანი პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარკისიანისკენ გაემართა და შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: „კმარა ჩვენი სისხლის სმა“. ვაზგენ სარკისიანმა უპასუხა: „ყველაფერი შენთვის და შენი შვილებისთვის კეთდება“. ნაირი უნანიანმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნა. ვაზგენ სარკისიანი დაიღუპა.
მის გარდა, მოკლეს კიდევ შვიდი ადამიანი, მათ შორის – პარლამენტის სპიკერი კარენ დემირჩიანი.
• გაუხსნელი საქმის დეტალები, რომლის გახსნა „რიგით მილიციელს“ შეეძლო
მოწმეები აღნიშნავენ, რომ სროლები ქუჩაში, პარლამენტის კედლებს იქით ისმოდა. პირველი სროლებიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეგროვდა, მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ძალა.
ტერორისტებმა დაახლოებით 50 დეპუტატი მძევლად აიყვანეს და პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანთან პირისპირ მოლაპარაკება მოითხოვეს.
მოლაპარაკებები შედგა. ტერორისტები მოითხოვდნენ, რომ მათთვის პირდაპირი ეთერით გამოსვლის საშუალება და სამართლიანი სასამართლოს გარანტია მიეცათ.
28 ოქტომბერს მძევლები გაათავისუფლეს, შეიარაღებული ჯგუფის წევრები კი დააპატიმრეს.
სასამართლომ გადაწყვეტილება პარლამენტში მომხდარი სროლიდან ხუთი წლის შემდეგ მიიღო. ჯგუფის ყველა წევრს, ერთის გარდა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
სომხეთში ახსოვთ, რომ სასამართლოში დასკვნით სიტყვაში არც ერთ დამნაშავეს სინანული არ გამოუთქვამს.
24 ოქტომბერი 2019
„საქმის დასასრული აშკარაა“ – იუსტიციის მინისტრი
ნაირი უნანიანის თხოვნა 80 დღის განმავლობაში უნდა განიხილონ.
იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა, ბანდის მეთაურის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით პარლამენტის დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ივარაუდა, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია. მან დეტალურად განმარტა ის პროცედურა, რომელიც პატიმრის მხრიდან ვადამდელი გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის მიღებას მოსდევს, და ახსნა, თუ რატომ არ სჯერა დადებითი დასასრულის.
თხოვნის მიღების შემდეგ პრობაციის სამსახურმა და სისხლის სამართლის აღმასრულებელმა სამსახურმა თავიანთი დასკვნა უნდა დადონ. თუკი ეს ორივე სამსახური დადებით დასკვნას დაწერს, მაშინ პატიმრის შუამდგომლობა სასამართლოში იგზავნება. თუკი ერთ-ერთი ამ სტრუქტურათაგანი დადებით დასკვნას იძლევა, მეორე კი – უარყოფითს, მაშინ საკითხი, პატიმრის წერილობით თანხმობით, სასამართლო წესით განიხილება. თხოვნა უქმდება, თუკი ორივე სტრუქტურა უარყოფით დასკვნას გამოიტანს.
მინისტრმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის აღმასრულებელმა სამსახურმა უარყოფითი დასკვნა უკვე გამოიტანა, და ალბათ პრობაციის სამსახურიც ასევე მოიქცევა.
„ვფიქრობ, რომ საქმის დასასრული აშკარაა“, – თქვა ბადასიანმა.
ანუ, იუსტიციის მინისტრის აზრით, საქმე სასამართლომდეც კი არ მიაღწევს.
სხვა მოსაზრება
უშიშროებისა და თავდაცვის მუდმივი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ანდრანიკ კოჩარიანი ვარაუდობს, რომ ნაირი უნანიანის შუამდგომლობა – ეს, პირველ რიგში, აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და მცდელობაა:
„თუკი ნაირი უნანიანი მზად იქნება, რომ საგამოძიებო ორგანოს არსებითი, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ეპიზოდები წარუდგინოს, მაშინ, ბუნებრივია, შევეცდებით, რომ ეს შესაძლებლობა ბოლომდე განვახორციელოთ…
მაგრამ ეს, შესაძლოა, სხვა სიგნალიც იყოს. ვიღაც ადამიანებმა იმედი მისცეს, რომ მას შეიძლება გათავისუფლების საშუალება მიეცეს. მაგრამ ეს ხელისუფლებას არანაირად არ უკავშირდება“
გაუხსნელი დანაშაული
დანაშაულის შემსრულებლები დაისაჯნენ, თუმცა სომხეთში ბევრი მიიჩნევს, რომ იყვნენ ასევე დამკვეთები, რომელთა სახელები აქამდე უცნობია. ასევე გაურკვეველი რჩება დანაშაულის ჭეშმარიტი მოტივიც.
არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთის მიხედვით, სომხეთის პარლამენტში მომხდარი ტერაქტი სხვა სახელმწიფოების სპეც-სამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.
სხვა ვერსიის მიხედვით, დანაშაულის ორგანიზატორი მაშინ მოქმედი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი იყო. და თითქოს, მას ამ გზით პოლიტიკური კონკურენტების – ტერაქტის დროს მოკლული სპიკერის კარენ დემერჩიანისა და პრემიერ ვაზგენ სარგსიანის ჩამოშორება სურდა.
რა ბედი ეწიათ შეიარაღებული ჯგუფის წევრებსა და ტერაქტის მოწმეებს
თუკი ჯგუფის ლიდერი ნაირი უნანიანი სრულიად ჯანმრთელი ისევ ციხეში იმყოფება, მისი ბევრი თანამოაზრე, ასევე ტერაქტის მოწმეები, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ.
ედუარდ გრიგორიანი, რომელსაც 1999 წლის 27 ოქტომბრის ტერაქტში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 2017 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა.
მანამდე ედუარდ გრიგორიანმა 27 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით იმის მოყოლის პირობა დადო, „რის დამალვასაც საზოგადოებისგან ასე ჯიუტად ცდილობენ.“
არსებული ინფორმაციის თანახმად, ედუარდ გრიგორიანს ღამით გულის არეშე მწვავე ტკივილი დაეწყო. სასწრაფო დახმარებამ ის გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც გრიგორიანი გარდაიცვალა.
ედუარდ გრიგორიანამდე 27 ოქტომბრის ტერაქტის მონაწილე კიდევ რვა ადამიანი გარდაიცვალა.
2000 წელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, საკუთარ საკანში, ოფიციალური მონაცემებით, დენის დარტყმით გარდაიცვალა საქმეში ეჭვმიტანილი ნორაირ ეგიაზარიანი, რომელიც სპეციალობით ელექტრიკოსი იყო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, ეგიაზარიანი 220-ვოლტიანი მუხტით დაიღუპა. ამავდროულად, ნორაირ ეგიაზარიანს თავზე აღმოაჩნდა დარტყმის კვალი, რაც ოფიციალურად არ დადასტურდა.
მოგვიანებით, 2004 წელს, ოფიციალური ვერსიით, საკუთარ საკანში თავი მოიკლა 27 ოქტომბრის ტერაქტის მონაწილე ვარამ გალასტიანმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
სასამართლო განხილვის დროს ვარამ გალასტიანი პერიოდულად აცხადებდა, რომ მას ფსიქოტროპულ პრეპარატებს უკეთებდნენ და ყველანაირად უბიძგებდნენ სუიციდისკენ, რათა ადამიანებს ჭეშმარიტება არ შეეტყოთ.
2010 მაისში იმავე სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა ჰამლეტ სტეპანიანი, რომელსაც 27 ოქტომბრის ტერაქტის საქმეზე 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მისი პატიმრობის ვადა ორ წელიწადში იწურებოდა. წინასწარი დასკვნის მიხედვით, 57 წლის ჰამლეტ სტეპანიანის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. თუმცა, მისი დამცველები ამტკიცებდნენ, რომ სტეპანიანს მანამდე გულის პრობლემა არ ჰქონია.
ჟურნალისტი, საზოგადოებრივი ტელევიზიის საბჭოს თავმჯდომარე ტიგრან ნაგდალიანი, რომელიც ნაირი უნანიანს ახლოს იცნობდა და 27 ოქტომბრის საქმეზე მოწმედ გამოდიოდა, 2002 წელს ერევანში თავისი მშობლების სახლიდან გამოსვლისას მოკლეს.
2004 წელს აპარანი-ერევნის ავტოსტრადაზე ავარიაში მოხვდა დეპუტატი მუშეგ მოვსისიანი. თავის დროზე ის 27 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ის გაათავისუფლეს. ავარიის შემდეგ მას რამდენჯერმე გაუკეთეს ოპერაცია, თუმცა მოვსისიანი გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. იმავე 2004 წელს ასევე ავარიის შედეგად აშშ-ში გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი მედდა როზა ოგანესიანი, რომელიც ამ საქმის მოწმე იყო. ტერაქტის დღეს ის პარლამენტში იმყოფებოდა.
2004 წელს ეროვნული საკრებულოს შენობაში თავი ჩამოიხრჩო პარლამენტის ოქმების განყოფილების თანამშრომელმა, 45 წლის ასმიკ აბრამიანმა. ის ასევე ამ საქმის მოწმე იყო.
2014 წელს აშშ-ში გარდაიცვალა ერთ-ერთი მთავარი მოწმე. სომხეთის ეროვნული ტელევიზიის კომენტატორი და კორესპონდენტი, ნაირი უნანიანის ახლო მეგობარი, ტიგრან ნაზარიანი, რომელიც ტერაქტის დღეს ეროვნული საკრებულოს შენობის დარბაზში შევიდა და შეიარაღებული ჯგუფის მეთაურს ორი საათის განმავლობაში ესაუბრა.