სტიქიის მესამე დღე: ბორჯომში ხანძარს ვერ აქრობენ
უკვე მესამე დღეა, ბორჯომის ხეობაში სტიქია მძვინვარებს. ძლიერმა ხანძარმა, სხვადასხვა ინფორმაციით, 12 ჰექტრამდე ტყე გაანადგურა.
ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარების თხოვნით საქართველომ მეზობელ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის მასშტაბები გაიზარდა და ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ სტიქიასთან საბრძოლველად დამატებითი ტექნიკა მობილიზდეს.
ფოტოები სტიქიის ზონიდან ტელეკომპანია “ბორჯომი”
წაღვერის ტყეში ცეცხლს სპეციალური ტექნიკით 500-მდე მეხანძრე-მაშველი და მეტყევე ებრძვის. ჰაერიდან ხანძრის ჩაქრობას ცდილობს 3 ვერტმფრენი, მათ შორის ერთი აზერბაიჯანული.
დღეს დილიდან მათ კიდევ 2 თურქული ვერტმფრენი უნდა დახმარებოდა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ვერტმფრენები თურქეთიდან საქართველოში დილით უამინდობის გამო ვერ გამოფრინდნენ, თუმცა უკვე გზაში არიან და მალე იქნებიან ადგილზე.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ღამის სამუშაოების შედეგად ტყეში 3-კილომეტრიანი გზა გაიჭრა, რომლითაც ცეცხლის კერებთან მისვლა შეძლეს სახანძრო ავტომანქანებმა.
ხეობაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედებს საგანგებო შტაბი, რომელიც კონტროლს უწევს სტიქიასთან ბრძოლის პროცესს. შტაბში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის არ არსებობს მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაციის და ასევე მოხალისეების ჩართვის არანაირი აუცილებლობა.
თუმცა ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ძალიან შეშინებულია. ბევრი მათგანი სოფლებს არ ტოვებს, რათა ხანძრის სოფელში გაჩენის შემთხვევაში საკუთარი ძალებით დაიცვან სახლ–კარი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წაღვერის ტყე იწვის. ამ ადგილას ცეცხლი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც გაჩნდა. მაშინ ცეცხლის კერის მიზეზი საომარი მოქმედებები იყო.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი. ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან, ტყიან ფერდობზე 20 აგვისტოს გაჩნდა დაახლოებით ნახევარ ჰექტარ ფართობზე. თუმცა, ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო მალე მოედო უზარმაზარ ფართობს.
გ არემოსდამცველთა აზრით, სტიქიის ასეთი მასშტაბი მხოლოდ ამინდს არ განუპირობებია. ისინი მთავრობას დაგვიანებულ და არაეფექტურ რეაქციაში ადანაშაულებენ.
21 აგვისტოს შუადღისთვის საგანგებო შტაბში აცხადებდნენ, რომ ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხერხდა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ხანძარი არათუ ლოკალიზებულია, არამედ ახალი კერებიც გაჩნდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, უკვე დამწვარია 12 ჰექტარზე მეტი.
როგორც გარემოს დამცველები, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ ცეცხლთან ბრძოლისთვის აუცილებელი ტექნიკის ნაკლებობაზე.
გარემოსდამცველთა თქმით, ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად გამკლავებოდა ზაფხულის ხანძრების მზარდ საფრთხეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ უცხოელი დონორების დაფინანსებით არაერთი დოკუმენტი მომზადდა, რომელიც ტყის ხანძრებთან ბრძოლისთვის სათანადოდ მომზადებას ითვალისწინებდა, თუმცა შედეგები არ ჩანს.
გარემოსდამცველი თვლის, რომ თუკი სახელმწიფო ვერ ახერხებს სათანადო ტექნიკის შეძენას, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან, რომ მათგან მიიღოს დროული და ეფექტიანი დახმარება. მეზობელი ქვეყნებთან დახმარებისთვის კომუნიკაცია მხოლოდ 21 აგვისტოს შედგა, რაც გარემოსდამცველების აზრით, დაგვიანებული იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად ეფექტურად აფასებს ის იმ ღონისძიებებს, რომელიც ხელისუფლებამ სტიქიასთან ბრძოლისას გაატარა, საკმაოდ ორაზროვანი პასუხი გასცა – მან თავი შეიკავა მთავრობის მოქმედებების შეფასებისგან.
ასე მოჩანს ხანძარი ბორჯომის ცენტრიდან, ტელეკომპანია “ბორჯომი”