სომხურ-ქართული გარჩევები ფეისბუკში
ქართველი მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ სომეხმა მეღვინეებმა ქართული ღვინოები (“საფერავი” და “კახეთი”) მიისაკუთრეს, სომხები კი ბრალდებას უარყოფდნენ. ქართველი “ფეისბუკელები” დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ სომხებმა საკუთარ ღვინოს ქართული ტოპონიმის, კახეთის სახელი უწოდეს. საქართველოს ამ რეგიონის სახელი სომხურად ჟღერს, როგორც “კახეთ”. სწორედ ასე ჰქვია სომხურ ღვინოს. სომხები არ ეთანხმებოდნენ ამ მოსაზრებას. მათი თქმით, ყურძნის სომხურ ჯიშსაც მსგავსი სახელი აქვს…
სწორედ ეს კამათი გახდა იმ მცირე გამოძიების მიზეზი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. ვის მხარესაა სიმართლე?
თუკი საძიებო სისტემაში ჩავწერთ სიტყვას Кахети, ან Кахетия, მივიღებთ ინფორმაციას საქართველოს რეგიონის შესახებ, მაგრამ თუკი ჩავწერთ სიტყვას Кахет, საძიებო სისტემა იპოვის მასალებს, რომლის მიხედვითად “კახეთ” არის “გვიანდელი პერიოდის სიმწიფის სომხური საღვინე ყურძენი”, რომელიც ფართოდაა გავრცელებული არტაშატში, არარატის ხეობასა და კოტაიკსის ოლქში.
ქარხანა “МАП”-ის, პროშიანის კონიაკის ქარხნისა და კომპანია “365 wines”-ის ღვინოების ეტიკეტებზე შეგვიძლია წავიკითხოთ: “ღვინო დამზადებულია ყურძნის სომხური ჯიშით “კახეთი””.
კომპანია, რომელიც მუშაობს სავაჭრო ნიშნით “365 wines”, ღვინოს მხოლოდ ზემოაღნიშნული ჯიშისგან ამზადებს. კომპანიის დირექტორი ვაან გევორკიანი ამბობს, რომ მათ ამ სახელთან დაკავშირებით არასდროს ჰქონიათ პრობლემები.
მეღვინე გარუშ სამველიანი:
“კახეთის” ვენახები მაქვს. მომყავს ყურძენი და ვყიდი. თვითმყოფადი ადგილობრივი ჯიშია, რომელსაც ხავერდოვანი ფოთლები აქვს და ყველა სხვა ჯიშისგან გამოირჩევა.”
ახალგაზრდა მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტმა, ზარუი მურადიანმა კავკასიისა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ამპელიოგრაფიული კრებული (Caucasus and Northern Black sea Region Ampelography), გვაჩვენა, სადაც ორმოცდამეთოთხმეტე გვერდზე აღნიშნულია სომხური ყურძენი, რომელსაც “კახეთ” ჰქვია.
“ჩვენს შიდა ბაზარზე ხშირად ჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს ქართული ჯიში. თუმცა, ამპელოგრაფიულ (ამპელოგრაფია – მეცნიერება ღვინისა და ყურძნის ჯიშების შესახებ – JAMnews-ის შენიშვნა) და სხვა ხასიათის წიგნებში შეიძლება ამოვიკითხოთ ყურძნის ადგილობრივ სომხურ ჯიშზე, სახელწოდებით “კახეთ”,- აღნიშნავს ზარუი მურადიანი, – უკვე დიდი ხანია, რაც ამ სფეროში ვმუშაობ, მაგრამ მსგავსი შენიშვნები ქართველი კოლეგებისგან არასდროს მსმენია. ისინი აღიარებენ, რომ ეს სომხური ჯიშია და მათ მსგავსი მახასიათებლების მქონე სახეობის ყურძენი არ აქვთ. სხვათა შორის, ამ ჯიშისგან მშვენიერი ღვინო გამოდის.”
“კახეთის” ჯიშის ყურძნის სახელის ეტიმოლოგიაზე საუბრისას ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ სავარაუდოდ, ეს სახელი მომდინარეობს სომხური სიტყვიდან “კახელ”, რაც “ჩამოკიდებას“ ნიშნავს. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კათედრის გამგე ნელი ოგანესიანმა კი აღნიშნა:
“კახეთ”, როგორც ყურძნის ჯიში, შესულია 1947 წლის ამპელოგრაფიულ ატლასში, სადაც ყველა (როგორც სელექციური, ისე ადგილობრივი) სომხური ჯიშია წარმოდგენილი. სახელწოდებას რაც შეეხება, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ჯიშის სახელი კახეთის რეგიონის სახელწოდებიდან მომდინარეობდეს; ვერაფერს გამოვრიცხავთ, ეს ხომ ერთი რეგიონია და, შესაბამისად, სახელის გადმოღება სავსებით დასაშვებია.”
იურისტი გევორგ აირაპეტიანი აღნიშნავს, რომ უნდა განიმარტოს ღვინის დასახელება:
“თუკი მეწარმე დაამტკიცებს, რომ ღვინის სახელი რეგიონიდან არ მომდინარეობს და რეალურად, სომხური ყურძნის ჯიში იგულისხმება, მაშინ დავა მწარმოებლის სასარგებლოდ გადაწყდება. ამ შემთხვევაში, ყურძნის ზემოაღნიშნული ჯიშის არსებობის ფაქტი საკმარისი არგუმენტი არ არის. უნდა დამტკიცდეს, რომ აღნიშნული ღვინის სახელი სწორედ ამ ჯიშისგან მოდის. თუკი, მაგალითად, ღვინოს “კახეთ” ჰქვია და ეტიკეტზე კახეთის რომელიმე ცნობილი პეიზაჟია გამოსახული, და მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ღვინის სახელი ყურძნის ჯიშისგან მომდინარეობს, მაშინ ნამდვილად შეიძლება ქართული მხარის მიერ ამ სახელის გასაჩივრება.”
მეღვინე არეგ ხოჯოიანი ყურძნის ჯიშის მიედვით ღვინის სახელდების ტრადიციაზე გვესაუბრა და აღნიშნა:
“საერთოდ, ღვინოს ან ყურძნის ჯიშის მიხედვით არქმევენ სახელს, ან იმ ადგილის შესაბამისად, სადაც ის დაიწურა. სომხეთში ღვინოებს ყურძნის ჯიშების მიხედვით არქმევენ სახელებს. ჩვენთან ვერ შეხვდებით ისეთ სახელებს, როგორებიცაა, მაგალითად, “ბორდო”, “ბურგუნდია”, “ტოსკანა” და სხვ. სომხურ მეღვინეობაში აქცენტი ყურძნის ჯიშზე კეთდება, – აღნიშნა არეგ ხოჯოიანმა, -მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ყურძნის ჯიში არის “შარდონე”. ამ სახელით ნებისმიერი ქვეყნის წარმოების ღვინო შეიძლება იპოვოთ ბაზარზე. შესაბამისად, მოიძებნება სომხური წარმოების “შარდონეც”; იგივე შეიძლება ითქვას “მერლოზე”, “კაბერნე-სოვინიონზე”, “რქაწითელსა” და “საფერავზე”.”
ახალგაზრდა მეღვინეების კავშირის თავმჯდომარე ზარუი მურადიანი ამტკიცებს, რომ ყურძნის ჯიშების სახელების გამოყენება საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკაა.
-ყველამ იცის, რომ “საფერავი” ქართული ჯიშია, მაგრამ ჩვენ სხვა ევროპული ჯიშებიც გვაქვს, რომლებსაც ღვინის დასამზადებლად ვიყენებთ და ამ მხრივ დღემდე პრობლემა არ შეგვქმნია. მაგალითად, იჯევანში, არმავირსა და არაგაცოტნის ოლქში ფრანგული ყურძნის ჯიშები ხარობს. ღვინის ბოთლზე აუცილებლად დაიტანება სათანადო წარწერა, რომელიც მომხმარებელს ამცნობს, თუ რომელი ჯიშის ყურძნიგანაა დამზადებული პროდუქტი. თუკი ეს ჯიში “შარდონეა”, ყველამ იცის, რომ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფრანგული ჯიშის ყურძენთან, რომელიც სომხეთში ხარობს.
დასასრულ, ჩვენ რამდენიმე მსხვილ სომხურ სუპერმარკეტში მოვითხოვეთ “კახეთის” ბოთლი და ვეკითხებოდით გამყიდველს, ქართული ღვინო იყო ეს, თუ არა. პასუხი ყველგან ერთნაირი მივიღეთ. ყველა სავაჭრო ობიექტში დაგვიდასტურეს, რომ “კახეთ” სომხური ღვინოა, და ქართული “კახეთ” არ აქვთ.
ერთი საკითხი კი ღიად რჩება: რა აიძულებს სომეხ მყიდველს, რომ სწორედ ეს “კახეთ” შეიძინოს – მას ამ ჯიშის სომხური ყურძნით დამზადებული ღვინო სურს, თუ მისთვის ეს სახელი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონთან ასოცირდება და ამ ღვინოს, როგორც “ქართულს”, ისე ირჩევს?