სომხეთში 18 წლამდე ბავშვებს უფასოდ უმკურნალებენ
სომხეთში 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები უფასო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. ამისთვის ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 12 მილიარდი დრამი გამოიყო ($25 მილიონი).
როგორ იყო აქამდე და როგორ იქნება ახლა
აქამდე უფასო მკურნალობა ერგებოდათ მხოლოდ
• შვიდ წლამდე ბავშვებს;
• ინვალიდობის მქონეებს;
• მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილებს;
• ინვალიდი ადამიანებისგან შემდგარი ოჯახის შვილებს;
• 18 წლამდე ასაკის იმ ბავშვებს, რომლებიც დისპანსერული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან;
• 14-15 წლის (წვევამდელი ასაკის) ბიჭებს.
ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებებით, ახლა პროგრამაში დამატებით დაახლოებით 200 ათასი ბავშვს ჩართავენ.
რატომ წავიდნენ ამ ნაბიჯზე?
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ამ საკითხს შეეხო:
„ფაქტობრივად, განსხვავება არ აქვს შვიდი წლის ხარ, თუ ექვსის. არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმაში, რომ ექვსი წლის ბავშვი (სამედიცინო) მომსახურებას უფასოდ იღებდეს, შვიდი წლისა კი – არა. ამიტომაც, ამ პროგრამის გაფართოების გადაწყვეტილება იქნა მიღებული“.
კიდევ რა ცვლილებები მოხდა
კიდევ 1,2 მილიარდი დრამი (დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარი) გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გულის სისხლძარღვთა სტენტირების ოპერაციებისთვის, ასევე მწვავე და იშემიური ინფარქტების სამკურნალოდ.
გარდა ამისა, 900 მილიონი დრამი (დაახლოებით 2 მილიონი დოლარი) გამოიყოფა სიმსივნეების სამკურნალოდ.
დადებითმა ცვლილებებმა გვერდი არც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას აუარა. სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობა გაიზარდება – თანაც არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც. ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 500 მილიონ დრამს გამოყოფენ (მილიონ დოლარზე ოდნავ მეტს)
რის მკურნალობა დაიწყეს კიდევ უფასოდ
სომხეთში უფასო გახდა ასევე ონკოლოგიური ოპერაციები. ჯერ კიდევ ახლახან, ქირურგიული აქციების აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ონკოლოგიურ ავადმყოფებს თანხის მხოლოდ მცირედ ნაწილს უხდიდა.
ამის გარდა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, პირველი თებერვლიდან თავის ტვინის ინსულტით დაავადებული ყველა ადამიანი უფასო სამედიცინო დახმარებას მიიღებს. მათი მკურნალობა ორ საავადმყოფოში მიმდინარეობს.
ამ პროგრამის განსახორციელებლად დაახლოებით 400 მილიონი დრამი (დაახლოებით 825 ათასი დოლარი) გამოიყო. პროექტის დაწყების წინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს პროექტი ინსულტით სიკვდილიანობას არსებითად შეამცირებს, და 39 პროცენტით შეამცირებს ინვალიდობის რისკს.
ტოროსიანი პოპულარული მინისტრი გახდა
არსენ ტოროსიანი – ერთ-ერთი იმ მინისტრთაგანია, რომლებიც მთავრობის შემადგენლობაში 2018 წლის რევოლუციის შემდეგ გამოჩნდნენ. პირველ ხანებში მისდამი ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება არსებობდა. ეს იმას უკავშირდებოდა, რომ ის სომხეთისთვის არაპოპულარული ინიციატივებით გამოვიდა. კერძოდ, ის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ემხრობოდა – მაშინ, როდესაც ქვეყანაში მისი სარფთხეები, რისკი და ნეგატიური შედეგები განიხილებოდა.
ამჯერად მინისტრი იმგვარი ინიციატივებით გამოდის, რომლებსაც დადებითი გამოხმაურება აქვს და მისი რეიტინგი იზრდება.
2021 წლისთვის ის აპირებს, რომ აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სისტემა დანერგოს. მან უკვე მიაღწია იმას, რომ ქვეყანაში მოქმედება დაიწყო სანიტარულმა ავიაციამ. აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმები ვერტმფრენებით აღწევენ პაციენტებამდე, ხოლო ძნელად მიღწევადი დასახლებებიდან ისინი დედაქალაქში სამკურნალოდ გადაჰყავთ. ტოროსიანმა კორუფციას და სამედიცინო დაწესებულებებში ე.წ. „ატკატების“ წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლა დაიწყო, და ასევე ექიმებსა და მედდებს ხელფასები გაუზარდა.