სომხეთში, მერვე დღეა, პროტესტი გრძელდება
უკვე მერვე დღეა, სომხეთში დაუმორჩილებლობის მოძრაობა მიმდინარეობს. მისმა ორგანიზატორებმა ამას „ხავერდოვანი რევოლუცია“ უწოდეს და ამ მოვლენის მიმართ ინტერესს ინარჩუნებენ. მოძრაობაში ადრიანი დილიდან გვიან საღამომდე რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.
მოძრაობის ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ ნერვების ბრძოლა იწყება. თავისი აქციებით, რომლებიც დედაქალაქში მოძრაობისა და ხელისუფლების ყველანაირი საქმიანობის პარალიზებას მოახდენს, დაუმორჩილებლობის მოძრაობა საკუთარი მიზნის მიღწევას შეეცდება – პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან გადადგომას.
თავად სარგსიანმა ერევნის ტელეკომპანია „შანტ“-თან ინტერვიუში სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა:
„იძულებითი ღონისძიებების გამოყენების სურვილი არ მაქვს, მაგრამ ქვეყანაში განუკითხაობა ვერ დაისადგურებს. საზოგადოებაში, არამხოლოდ სომხეთში, საჩივარი ყოველთვის არსებობს… სამწუხაროდ, ცხოვრების დონე ადამიანებს ისევ არ აძლევს საშუალებას, რომ ყველა სურვილი დაიკმაყოფილონ. თუმცა, პრობლემა აქ არც უკმაყოფილებაა და არც ცვლილებები.
თავადაც ხედავთ, თუ ამ წლების განმავლობაში რამდენად გაიზარდა მოქალაქეებისთვის საჩივრის ან უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობა. უკვე მრავალი წელია, სომხეთში ადამიანების მიერ უკმაყოფილების გამოთქმის სურვილს წინააღმდეგობა არ შექმნია, გარდა არამშვიდობიანი გზისა. ვფიქრობ, ეს ხელისუფლებისთვისაც ხელსაყრელია და ხალხისთვისაც. პრობლემა ის არის, თუ რამდენად შესაბამისობაშია კანონთან ამ უკმაყოფილების და პროტესტის გამოხატვა“.
სარგსიანს მიაჩნია, რომ ხალხის სიბრძნე მათ სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს:
„მათი პროტესტის, მიტინგების, მსვლელობების და ა. შ. ფორმა რაღაც დონემდე ზღუდავს საზოგადოების დანარჩენი ნაწილისა და სხვა მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს, და არსებობს რაღაც ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯონ“.
მოძრაობის აქტივისტები ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აგრძელებენ ქუჩების გადაკეტვას. პოლიცია ჯერჯერობით ახერხებს გადაკეტილი ქუჩების გახსნას და მოძრაობის აღდგენას. ამავდროულად პოლიცია რუპორებით აცხადებს, რომ აქცია უკანონოა, და მონაწილეებს დააკავებენ, რაც პერიოდულად ხდება კიდეც.
JAMnews მოძრაობის დაწყების პირველი წუთებიდანვე აშუქებს მომხდარის ყველა წვრილმანს, ახლა კი მოვლენათა განვითარებისთვის თვალ-ყურის დევნებას აგრძელებს.
ერევანი: ოპოზციამ სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელების წინააღმდეგ სადღეღამისო აქციები დაიწყო
შოუ, ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაცვლად, სომხეთში
ოპოზიცია სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა
სომხეთის ოპოზიცია ხავერდოვან რევოლუციას იწყებს
ხავერდოვანი რევოლუციის მეექვსე დღე