ამიერიდან სომხეთში სხვა სახელმწიფოების სარეგისტრაციო ნომრებიანი მანქანების მძღოლებსაც დააჯარიმებენ. მათ აუწყებენ, თუ რა დარღვევებისთვის უნდა გადაიხადონ ჯარიმა სასაზღვრო პუნქტებში.
სომხეთის საგზაო პოლიციის უფროსმა ეგორ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ უცხოურ ნომრიანი მანქანების მძღოლები ჯარიმას პირდაპირ საბაჟოზე გადაიხდიან – ქვეყნიდან გასვლის, ან მომდევნო შემოსვლის დროს. ამავდროულად, თუ ჯარიმა გადაუხდელი დარჩება, დამრღვევი სომხეთის ვიზას ვერ მიიღებს. საგზაო პოლიცია აპირებს, რომ წლის ბოლომდე ამ სიახლის შესახებ ყველა მძღოლი გააფრთხილოს.
აქამდე სომხეთში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მხოლოდ ადგილობრივი ნომრების მქონე მანქანების მძღოლებს აჯარიმებდნენ.
პრესა პერიოდულად წერდა იმის შესახებ, რომ კერძოდ, რუსულნომრებიანი მანქანები პრივილეგირებულ პირობებში იყვნენ. მათი მძღოლები კამერებისა და სიჩქარის რეგისტრატორების მიერ დაფიქსირებული დარღვევებისთვის ჯარიმას არ იხდიდნენ, რადგან ჯარიმის ამოღების მექანიზმი არ არსებობდა.
ამის გამო, ბევრმა ადგილობრივმა მძღოლმა დაიწყო უცხოური – კერძოდ რუსული ან ქართული სანომრე ნიშნების შეძენა, რათა დარღვევებისთვის ჯარიმა არ გადაეხადათ.