სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის ერთადერთი კანდიდატი ჯერჯერობით ნიკოლ პაშინიანია
21:55, 28 აპრილი
სომხეთის ეროვნული საკრებულოს სიდიდით მეორე ფრაქცია ბლოკი „ცარუკიანი“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატს ასევე არ წამოაყენებს
„მთელი ჩვენი გუნდი სახალხო კანდიდატს მისცემს ხმას. ჩვენ საკუთარ კანდიდატს არ წამოვაყენებთ. ვისაც ხალხი აირჩევს, ჩვენც მას დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა ფრაქცია „ცარუკიანის“ მეთაურმა გაგიკ ცარუკიანმა.
19:40, 28 აპრილი
სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თავისი კანდიდატი არ წარადგინოს. ამის შესახებ პრესას პარტიის პრეს-მდივანმა, სომხეთის ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა აუწყა.
შარმაზანოვმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია იმის თქმა, თუ ვის მისცემენ ხმას 1 მაისის არჩევნებზე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატები.
„ვის მივცემთ ხმას, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ და რა პროგრამით იყრის კენჭს“, – განაცხადა ედუარდ შარმაზანოვმა.
რამდენიმე საათის წინ
სომხეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი დღეს რეგიონების მაცხოვრებლებთან შეხვედრებს აგრძელებდა. მას მოძრაობის მომხრეთა ავტოკოლონა აცილებდა.
ადამიანები საპროტესტო მოძრაობის ავტომობილებს პლაკატებითა და დროშებით ხვდებოდნენ. ერევნიდან ჩამოსული საპროტესტო მოძრაობის ავტოკოლონის დანახვით შთაგონებულმა ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებმა ბატკნის დაკვლა და სტუმრების გამასპინძლებაც კი სცადეს, თუცა პაშინიანმა მათ ამის ნება არ დართო.
დეპუტატი ყველა რეგიონის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ერევნელებს შეუერთდნენ, დედქალაქის ქუჩები გაავსონ, და პრემიერ-მინისტრის არჩევნების დღეს, 1 მაისს, ასევე არჩევნებამდეც – 30 აპრილს ერევნის ქუჩებში მოძრაობა ისევ გადაკეტონ.
„ეს გამარჯვება თითოეულმა თქვენგანმა შექმნა. სომხეთში უკვე დამყარდა ხალხის ხელისუფლება, და ამიერიდან სხვანაირად არც იქნება. პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და დანარჩენი ოფიციალური პირები ხალხს უნდა ემსახურონ, ვისაც არ სურს, რომ ხალხს ემსახუროს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს“, – განაცხადა პაშინიანმა.
მანამდე, ოფიციალური ცნობების თანახმად, პრეზიდენტ არმენ სარგსიანს, გადამდგარ პრემიერ სრჟ სარგსიანსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელ კარენ კარაპეტიანს შორის შედგა შეხვედრა.
მმართველ რესპუბლიკურ პარტიას პრემიერ-მინისტრის არჩევასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჯერ არ გამოუთქვამს. სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სახალხო“ კანდიდატის ნიკოლ პაშინიანისთვის ხმის მიცემას გამორიცხავენ. ამავდროულად დაუმორჩილებლობის მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის მეთაურის ნიკოლ პაშინიანის გარდა, სხვა პრემიერი არ შეიძლება არსებობდეს.
და უკვე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შორისაც გაჩნდნენ ისეთები, ვისაც მიაჩნია: შექმნილ სიტუაციაში რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი არ უნდა წამოაყენოს.
სომხეთის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა კარენ კარაპეტიანმა თქვა: „ჩემი აზრით, შექმნილ ვითარებაში არასწორი იქნება, თუკი სომხეთის რესპუბლიკური პარტია თავის კანდიდატს წამოაყენებს. ახალ პირობებში სომხეთის რესპუბლიკური პარტია ეფექტურად მართვას ვერ შეძლებს. რესპუბლიკური პარტია ამდენი წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას, და ეს საზოგადოებრივი პროტესტი სწორედ ამის შედეგია“.
სხვა რესპუბლიკელი, სამველ ფარმანიანი მიიჩნევს, რომ ნიკოლ პაშინიანმა დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიყვანოს, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა ფარმანიანმა და მისმა კოლეგებმა სწორედ მას: „ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მობრძანდით და თქვენებურად, მშვიდი ტონით აგვიხსენით, რატომ უნდა მოგცეთ თქვენ ხმა, თქვენივე კოლეგების კითხვებს უპასუხეთ“.