სომხეთი თურქეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად მზად არის
გაზიარება
გაზიარება
ფოტო: REUTERS
ოფიციალური ერევანი თურქეთთან დიალოგის გამართვისა და ურთიერთობების მოგვარებისთვის მზად არის, მაგრამ ამის გაკეთებას სომხეთის ეროვნული ინტერესების საზიანოდ არ აპირებს.
„ბოლოს და ბოლოს გეოგრაფია არ იცვლება. წინასწარი პირობების გარეშე, მაგრამ ამასთანავე მკაფიოდ გვესმის ისიც, თუ როგორია რეალიები. ჩვენ ამას საკუთარი ინტერესების საზიანოდ არ ვაკეთებთ, და ამისთვის მზად არ ვართ. ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, ყველას ინტერესებიდან გამომდინარეობს, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესებიდან, მაგრამ არ ვართ მზად, და არც არასდროს ვიყავით – ჩვენთვისვე საზიანოდ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ზოგრაბ მნაცკანიანმა.
მან აღნიშნა, რომ სომხეთი იყო და ახლაც არის მეზობელთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებით დაინტერესებული. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთერთობის ახლანდელ მდგომარეობაში ბრალი თურქეთს მიუძღვის:
„დღეის მდგომარეობით, მე არ მომისმენია რაიმე დამაიმედებელი განცხადებასაიმისოდ, რომ იმის ვარაუდის საფუძველი გაგვიჩნდეს, თითქოს მეორე მხარეს [პრობლემის გადასაჭრელად გამოსავლის მოძებნის] მზადყოფნა არსებობს“ .
სომხურ-თურქული ურთიერთობა უახლოეს ხანში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის, – განაცხადა JAMnews-თან საუბრისას თურქოლოგმა ანაიტ ვეზირიანმა. მისი აზრით, თურქეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი იმდენად დატვირთულია, რომ სომხეთისთვის მასში ადგილი არ მოიძებნება:
„მხარეებს შორის კონტაქტი შესაძლებელია, განსაკუთრებით სომხეთში ახლახან შეცვლილი ხელისუფლების და სომხეთის შესახებ ერდოღანის ზოგიერთი განცხადების გათვალისწინებით. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამ განცხადებებს საქმის ახლანდელი ვითარების შეცვლა შეუძლიათ. თურქეთისთვის ახლა მთავარი – ახლო აღმოსავლეთია. ვიდრე თურქეთს იქ პირველხარისხოვანი ინტერესები და მათი დაცვის აუცილებლობა აქვს, სომხეთი ანკარის საგარეო პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვან ადგილს ვერ დაიკავებს“.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთმა და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობა აქამდე ვერ დაამყარეს. მეტიც, მეზობელ სახელმწიფოებს შორის საზღვარი, თურქეთის ინიციატივით, 1993 წლიდან ჩაკეტილია.
2008 წელს, სომხეთის მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინიციატივით, ხელი მოეწერა „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა“ და „ორმხრივი ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმებს“. მაგრამ ეს არ მოხდა.