სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა.
ფაშინიანის გადადგომა სომხეთის ეროვნული საკრებულოს დათხოვნის პროცესის დაწყებას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ნიშნავს.
როგორც მანამდე ფაშინიანი აცხადებდა, არჩევნები 9 ან 10 დეკემბერს ჩატარდება.
რატომ გადადგა ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანმა თავისი გადადგომის შესახებ მანამდე განაცხადა. ერთი კვირის წინ დასახელდა კონკრეტული თარიღიც – 16 ოქტომბერი. ფაშინიანის გადაწყვეტილება, რომ დაკავებული თანამდებობიდან წასულიყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.
ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომის შემდეგ ქვეყნის პარლამენტმა ან ორი კვირის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს, ან დაშლის შესახებ განაცხადოს. თუკი ეროვნულ საკრებულოს დაითხოვენ, ახალი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება.
რატომ გაჩნდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საჭიროება
საქმე ისაა, რომ გაზაფხულიდან სომხეთი მთლიანად ქვეყნის მართვის საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა. თუმცა, ამის შემდეგ მალევე მოხდა „ხავერდოვანი რევოლუცია“. ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს. მისი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სათავეში უდგას ხელისუფლებას, მაგრამ პარლამენტს მისი გადაწყვეტილებების დაბლოკვის საშუალება აქვს.
მთლიანობაში ექსპერტები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას შემდეგნაირად აფასებენ – „პარლამენტი ხალხის ნებას არ გამოხატავს“. ეს დასკვნა იმას ეფუძნება, რომ 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა. მაგრამ „ხავედრდოვანი რევოლუციის“ დროს, 2018 წლის გაზაფხულზე მისი მმართველობის წინააღმდეგ ოპოზიციასთან ერთად ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა და ხელისუფლების ცვლილებას მიაღწია.
კონტრრევოლუციის მცდელობა
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სიტუაცია ორი კვირის წინ გამწვავდა. მაშინ პრემიერმა არჩევნების დეკემბერში ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. მანამდე ლაპარაკობდნენ, რომ ვადამდელი არჩევნები 2019 წლის მაისამდე ჩატარდებოდა, კონკრეტული ვადები არ სახელდებოდა.
და პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნების ჩატარების დაბლოკვა სცადეს. ექსპერტების აზრით, ეს ყოფილი მმართველი პარტიისა და ორი სხვა საპარლამენტო ძალის მხრიდან პარლამენტში ისევ იმავე რაოდენობის სადეპუტატო მანდატების მიღების იმედის არქონით აიხსნება.
შესაბამისად, ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით, სასწრაფოდ მოიწვიეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და რეგლამენტის შესახებ კანონპროექტში მიიღეს შესწორებები, რომლებიც არჩევნების დაბლოკვის შესაძლებლობას იძლეოდა. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ოპონენტების ქმედებებს კონტრრევოლუციის მცდელობა უწოდა.
ვებგვერდზე ასევე ნახავთ:კონტრრევოლუციის მცდელობისა და მისი ჩაშლის ყველა წვრილმანი
პრემიერის საპასუხო ქმედებები
საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ისევ ათობით ათასი თავისი მომხრე გამოიყვანა ქუჩაში. მათ ეროვნული საკრებულოს შენობა ალყაში მოაქციეს, ნიკოლ ფაშინიანმა კი იმ პოლიტიკურ ძალებთან გამართა მოლაპარაკებები, რომლებმაც კანონპროექტში შესწორებების მიღებას დაუჭირეს მხარი.
მან მათგან სიტყვიერი თანხმობა მიიღო იმის თაობაზე, რომ მთლიანობაში ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ ეწინააღმდეგებიან. და როგორც მოგვიანებით ამ მოლაპარაკებების მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი მხოლოდ არჩევნების ჩატარების ვადას არ ეთანხმებიან.
ნიკოლ ფაშინიანმა ოპონენტებთან მოლაპარაკებები გასული კვირის განმავლობაშიც გააგრძელა. თავიდან ხელი მოეწერა მემორანდუმს ერთ-ერთი იმ პარტიის ლიდერთან, რომელმაც ეს შესწორებები მიიღო. გაგიკ ცარუკიანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ფრაქციის დეპუტატები პარლამენტში ვადამდელ არჩევნებს არ დაბლოკავენ.
არჩევნების სწორედ დეკემბერში ჩატარების გადაწყვეტილებას თავად სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთმა წევრმაც დაუჭირა მხარი.
ამგვარად, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში საჭირო რაოდენობის ხმების მიღების პირობა მიიღო და უკვე შეეძლო, რომ პარლამენტის დათხოვნის პროცესი დაეწყო – ამ გზაზე მისი პირველი ნაბიჯი გადადგომა იყო.
ვებგვერდზე ასევე ნახავთ: რატომ ჩქარობს პრემიერ-მინისტრი არჩევნების ჩატარებას და რატომ არ უნდოდათ ეს მის ოპონენტებს
ეროვნული უშიშროების სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ ეროვნული უშიშროების სამსახური და დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ. დღეს ეს ინფორმაცია სამსახურის უფროსმა არტურ ვანეციანმა დაადასტურა.
„ჩვენ იმ აზრს ვიზიარებთ, რომ მოდუნება არ შეიძლება, და ვალდებული ვართ ისეთი ღონისძიებები გავატაროთ, რაც სომხეთის ტერიტორიაზე კანონის ნებისმიერ დარღვევას გამორიცხავს“.
ვანეციანი ირწმუნება, რომ ეროვნული უშიშროების სამსახური სიტუაციას აკონტროლებს და ქვეყანაში კონსტიტუციური წყობის დარღვევას არ დაუშვებს.