ერევნის მთავარ მოედანზე დაუმორჩილებლობის მოძრაობის მორიგი ხალხმრავალი მიტინგი დაიწყო. ადამიანები, რომლებიც ქუჩებში ჯერ კიდევ 13 აპრილს გამოვიდნენ, რათა სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევა არ დაეშვათ, პროტესტს მისი არჩევის შემდეგაც აგრძელებენ.
მიტინგი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ელკის“ და პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერის ნიკოლ პაშინიანის ჩვეული მისალმებით დაიწყო: „სომხეთის თავისუფალო მოქალაქეებო!“. ეს და სხვა უკვე ტრადიციული მისალმება „სომხეთის ამაყო მაცხოვრებლებო“ – ამ მოძრაობის სიმბოლოებად იქცა.
პაშინიანმა ხალხს მოუწოდა, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, და გამარჯვება გარდაუვალი იქნება.
მიტინგის მთავარი მოწოდება იყო, რომ ბრძოლა მშვიდობიანი უნდა იყოს, რათა პოლიციას დემონსტრაციის დაშლისა და ძალის გამოყენების საბაბი არ მიეცეს.
გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ აქციის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი სწორედ სტუდენტობამ შეიტანა.
გაისმა ასევე განცხადება, რომ სომხური დიასპორის ცნობილი წარმომადგენლები ამ მოძრაობას ემხრობიან.
„ჩვენი ქმედებები გააზრებული იყო, დაგეგმილი და ეფექტური. ეს ყველაფერი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძალაუფლება ხალხს არ გადაეცემა. ჩვენი მოძრაობის არსი უნდა გვესმოდეს. ჩვენ ამ ხელისუფლების მთელი საქმიანობისა და მოძრაობის პარალიზებას მოვახდენთ. ჩვენს ქმედებებს გავაგრძელებთ. ეს ნერვების ბრძოლაა. და ჩვენ გავიმარჯვებთ. ხავერდოვანი რევოლუცია მოხდება“, – განაცხადა მიტინგზე მოძრაობის აქტივისტმა ტიგრან ავინიანმა.
რამდენიმე საათის წინ არჩევის შემდეგ წარმოთქმულ თავის სიტყვაში სერჟ სარგსიანმა პარლამენტის დეპუტატებს ურჩია, ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ ოპოზიციის ლიდერი, საპარლამენტო ფრაქცია „ელკისა“ და პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელი ნიკოლ პაშინიანი ქუჩიდან პარლამენტში დააბრუნონ
იმ ბრალდების პასუხად, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა პრემიერობა და საკუთარი ხელისუფლების გაგრძელება მოისურვა, სერჟ სარგსიანმა თქვა:
„ადამიანები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ ერთი ადამიანის ძალაუფლება უკვე აღარ იქნება. იქნება პოლიტიკური ძალების ძალაუფლება. ეს სერჟ სარგსიანის ხელისუფლების მესამე ვადა კი არ იქნება, არამედ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ვადა“.
პოლიციამ ქალაქში დიდი ძალა და ტექნიკა განათავსა დემონსტრაციის დასაშლელად, და მედიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნებისმიერ მომენტში მზადაა, სპეც-საშუალებების გამოყენებით აღკვეთოს დაუმორჩილებლობის მოძრაობის მონაწილეთა ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
დაუმორჩიებლობის მოძრაობის დაწყებისა და ბოლო დღეების მოვლენების შესახებ დაწვრილებით იხილეთ JAMnews-ის მასალებში: