პროექტმა ადვოკატების მიმართ ჯარიმებისა და სასჯელის დაწესების შესახებ მათი სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. პროექტის თანახმად, მოსამართლეებს საშუალება ექნებათ, ადვოკატებს შენიშვნები მისცენ, დარბაზიდან გააძევონ ან დააჯარომონ ისინი 100 ათასი დრამით ($207).
იუსტიციის მინისტრმა დავიდ არუთიუნიანმა განაცხადა, რომ სასამართლო ჯარიმების შესახებ მუხლი საპროცესო კოდექსში შევა.
ჯარიმა, შესაძლოა, დაწესდეს იმ ადვოკატების მიმართ, რომელთა საქციელსაც სასამართლო არამართლზომიერად ან არაკეთილსინდისიერად მიიჩნევს. ხოლო მართლზომიერებისა და კეთილსინდისიერების ხარისხს ის სასამართლო განსაზღვრავს, რომლის მიმართაც ამგვარი დამოკიდებულება იქნება გამოვლენილი. შესაბამისად, ადვოკატების აზრით, გადაწყვეტილება არ შეიძლება ობიექტური იყოს.
В JAMnews-სთან საუბრისას ადვოკატმა ლუსინე სააკიანმა განმარტა, რომ ამ გზით მოსამართლეებს მიეცათ შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში გამოიყენონ სანქციები ადვოკატების მიმართ, განსაკუთრებით კი გახმაურებული პოლიტიკური საქმეების მსვლელობისას, როდესაც დამცველები აქტიურობას ავლენენ.
„ამგვარი მუხლი არ უნდა არსებობდეს. მისი მიზანია – ადვოკატს გაჩუმება აიძულოს. ბოლო ხანს სომეხი მოსამართლეები ადვოკატების წინააღმდეგ მრავალ სანქციას იყენებენ. ახლა კი უკვე კანონიერად მიეცემათ შესაძლებლობა, რომ სანქციები ჯარიმების სახით გამოიყენონ, რაც დაუშვებელია“, – მიაჩნია ლუსინე სააკიანს.
მისი თქმით, სომხეთის სასამართლო პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამცველს შუამდგომლობის დაყენების საშუალებას არ აძლევდნენ, ახლა კი, როდესაც მოსამართლეს დაჯარიმების ინსტრუმენტიც აქვს, მას შეუძლია ჯარიმა შუამდგომლობის დაყენებისთვისაც დააწესოს.
შუამდგომლობის გამო, ადვოკატს თუ ერთხელ დააჯარიმებ, მეორედ მას ხომ აღარ დააყენებს? ეს ზეწოლის საშუალებაა. რასაკვირველია, ეს ყველა ადვოკატს არ ეხება, მაგრამ მიზანი, ნებისმიერ შემთხვევაში ესაა“, – დარწმუნებულია სააკიანი.
მას მიაჩნია, რომ ადვოკატთა პალატა პასიურად მოიქცა, სათანადო პროტესტი არ გამოხატა:
„ადვოკატებს სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაედგათ, ერთად, გაერთიანებულებს გაფიცვა უნდა გამოეცხადებინათ. მაგრამ ეს არ გაკეთდა“.
ლუსინე სააკიანი იხსენებს, რომ ჯარიმების დაწესების ამგვარი მცდელობა ადრე უკვე იყო, მაგრამ ადვოკატთა პალატის წინააღმდეგობის შედეგად შესაძლებელი გახდა ამის თავიდან აცილება.