სომხეთის მთავრობა ახალგაზრდავდება: ახალი პრემიერ-მინისტრი ახალ გუნდს აყალიბებს
ახალი სახეები მთავრობის შემადგენლობაში
„ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერმა, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს, თავისი მთავრობის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი უკვე წარადგინა. ახლად დანიშნული მინისტრები ახალგაზრდები არიან, მათი უმრავლესობა მანამდე მაღალ თანამდებობას არასდროს იკავებდა. ყველა მათგანი ნიკოლ პაშინიანის გუნდის წევრია და რევოლუციის დღეებში მის გვერდით იდგა.
ყველაზე ახალგზარდაა დიასპორის მინისტრი მხიტარ აიარაპეტიანი, ის 28 წლისაა. მას მოსდევს 29 წლის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი და ტერიტორიული განვითარების 32 წლის მინისტრი სურენ პაპიკიანი. ისინი კი, ვინც ასაკით უფროსია, ჯერ ორმოცი წლის არ არიან: პირველი ვიცე-პრემიერი არარატ მირზოიანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ არუთიუნიანი 39 წლის არიან. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს პირველ ივნისს 43 წელი უსრულდება.
ანალიტიკოსების აზრით, პრემიერი პაშინიანი ცდილობს, ქვეყნის მმართველობაში ძირეული ცვლილებები შეიტანოს. ჯერჯერობით მინისტრთა ახალი კაბინეტის ყველა წევრის ვინაობა ცნობილი არ არის. პოლიტტექნოლოგების აზრით, ესენი იქნებიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონიათ ან თითქმის არ ჰქონიათ კავშირი ყოფილ ხელისუფლებასთან და სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის გუნდთან არ ასოცირდებიან.
„გუშინ ნიკოლ პაშინიანმა თქვა, რომ შეთანხმება არსებობს მეორე საპარლამენტო ძალასთან – ფრაქცია „ცარუკიანთან“ მთავრობის შემადგენლობაში მათ ჩართვასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ისინი თავის დროზე სერჟ სარგსიანის გუნდის ნაწილს შეადგენდნენ. და თუკი დარჩენილი ადგილებზე ის ადამიანები დაინიშნებიან, რომლებიც თავის დროზე ამ თანამდებობებს უკვე იკავებდნენ და მთავრობაში მუშაობდნენ, ნიკოლ პაშინიანის კაბინეტი სულ სხვაგვარ სახეს შეიძენს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ახლანდელი დანიშვნები იმაზე მეტყველებს, რომ პრემიერ-მინისტრი საკმაოდ რადიკალურად გადახედავს საქმეებს ყველა სფეროში, ის ახალ ადამიანებს ნიშნავს, რომლებიც მანამდე აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ ყოფილან. პაშინიანი კარდინალური ცვლილებებისკენ არის განწყობილი“, – თქვა პოლიტტექნოლოგმა ვიგენ აკოპიანმა JAMnews-თან საუბარში.
სხვა პოლიტტექნოლოგმა კარენ კოჩარიანმა JAMnews-ს უთხრა, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება დანიშვნების დროს მხოლოდ ერთი პრინციპით ხელმძღვანელობდა – მთავრობაში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პშინიანის გუნდის მოყვანის პრინციპით:
„პოლიტიკური პარტია ხელისუფლებისთვის იბრძვის. ხოლო მას შემდეგ, რაც ის მას იღებს, მისი წევრები მთავრობის წევრები ხდებიან. ასე უნდა ყოფილიყო?
კარენ კოჩარიანს უჭირს თქმა, თუ რამდენად შეძლებენ ახალგაზრდა მინისტრები თავიანთი სფეროების წარმატებულად მართვას:
„ყავის ჭიქაზე მკითხაობა მე არ მეხერხება, დაე, იმუშაონ – და ყველაფერი გამოჩნდება. თუ ცუდად იმუშავებენ, პაშინიანი მათ თავად შეცვლის“.
ნაცნობი სახეები ძალოვან სტრუქტურებში
ექსპერტები ამბობენ, რომ სრულიად სხვა მიდგომა იყო ძალოვან სტრუქტურებში დანიშვნებისადმი. თავდაცვის, პოლიციის, ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროების ხელმძღვანელებად დანიშნულები არიან არა ახალი სახეები, არამედ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.
თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გუნდის წევრი იყო, საგანგებო სიტუაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა, იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე. პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი პოლიციის ხელმძღვანელი გახდა, ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეროვნული უშიშროების სამსახურის ერევნის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე არტურ ვანეციანი დაინიშნა.
„არაკარდინალური, არამკვეთრი ცვლილებები ძალოვან სტრუქტურებში – ეს ნორმალურია. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი დაინგრეს და ნულიდან დაიწყოს, ყველაფერი შეიცვალოს. ძალოვან ბლოკში თანმიმდევრულობა არსებობს, ერთი მეორეთი შეიცვალა. ასეთი სფეროებისთვის, ვფიქრობ, ეს ნორმალურია“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ვიგენ აკოპიანმა.