სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა
სომხეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა დღეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უზენაესი საბჭოს სოჭში გამართულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. თავის დროზე, ოპოზიციონერობისას ის მკვეთრად აკრიტიკებდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს და სომხეთის ამ სტრუქტურაში მონაწილეობას.
პაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი განწყობილია, რომ მოსკოვთან როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობას ახალი იმპულსი მისცეს
„ვიმედოვნებთ ასევე სამხედრო-სამრეწველო სფეროში ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ სომხეთში შექმნილი შიდაპოლიტიკური კრიზისის დროს მოსკოვის ნეიტრალურ პოზიციას“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმაც განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და ასევე მისი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიცაა. მან პაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ბოლო ხანს ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის დაფიქსირებული 25-პროცენტიანი ზრდა კიდევ მოიმატებს.
ნიკოლ პაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში რუსეთთან სამოკავშირეო სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე კონსენსუსი არსებობს და ამის მნიშვნელობა ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება.
რამდენიმე თვის წინათ, როდესაც პაშინიანი პარლამენტში ფრაქცია „ელკის“ პოზიციას წარადგენდა, ის ამბობდა, რომ სომხეთს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არაფერი ესაქმება, და რომ სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ყოფნის ერთადერთი საფუძველი – შანტაჟია“, „ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს სომხეთისთვის არავითარი სარგებელი არ მოუტანია, მხოლოდ ზიანი“, და „სომხეთმა ტერიტორიები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის შემდეგ დაკარგა“.
2017 წლის 14 სექტემბერს ფრაქციამ, რომელსაც პაშინიანი ხელმძღვანელობდა, პარლამენტში განსახილველად ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან სომხეთის გასვლის შესახებ პროექტი შეიტანა. საპარლამენტო მოსმენების შემდეგ, როდესაც სომხეთის უკვე ყოფილ ხელისუფლებას კონტრარგუმენტები მოჰყავდა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლა არ ღირდა, ნიკოლ პაშინიანი ამბობდა, რომ ფრაქცია „ელკმა“ ხელისუფლება 10:2-ით დაამარცხა, როდესაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის სასარგებლო არგუმენტები მოიყვანა“.
ხავერდოვანი რევოლუციის გამარჯვების შემდეგ პაშინიანი ამგვარი მკვეთრი შეფასებებით აღარ გამოსულა. მეტიც, პრემიერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ მან განაცხადა, რომ მის მიერ მინისტრთა კაბინეტის მართვის დროს სომხეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხი არ განიხილება.
„როდესაც ოპოზიციაში ხარ, რომელსაც საშუალება არ აქვს ამა თუ იმ სტრუქტურაში არსებული პრობლემები ამავე სტრუქტურის აღმასრულებელ დონეზე განიხილოს, ანუ შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად, ერთადერთ ვარიანტად ის რჩება, რომ საკითხი წამოწიო და რეაქცია მიიღო.
როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ყველა პრობლემის დოკუმენტირების და პარტნიორ ქვეყნებთან მშვიდი დიალოგის ატმოსფეროში მათი განხილვის საშუალება გაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ განხილვის შემდეგ დადებითი შედეგები მიიღწევა. ჩვენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხს არ წამოვწევთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემას „არას“ ვეუბნებით“, – ამგვარად განმარტა საკუთარ მიდგომებში არსებული აზრთა სხვადასხვაობა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა.