სომხები რუსეთში
სპორტის სომეხი მოყვარულები დასვენებისათვის განკუთვნილი დროის სპორტულ ღონისძიებებზე (ისეთ სპორტულ მოვლენებზე, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს) იშვიათად ხარჯავენ. მხოლოდ საფეხბურთო ნაკრების საშინაო მატჩი კრებს ერთდროულად რამდენიმე ათას გულშემატკივარს. ასე რომ რეგულარული პირველობებისა და სპორტული ღონისძიებების მოყვარულები „სპორტული შიმშილის“ პირობებში ცხოვრობენ.
ქვეყნის დისკრედიტირებული საფეხბურთო ჩემპიონის გარდა (რომლის მარჩებზეც ამ კლუბების მხოლოდ ყველაზე ერთგული გულშემატკივრები და მოასპარეზე ფეხბურთელების ნათესავები და მეგობრები დადიან) სომხეთში სხვა ტიპის რეგულარული ტურნირები არ ტარდება.
სპორტული ცხოვრების „შიმშილობის“ პერიოდში საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი საკალათბურთო კლუბ „ურარტუს“ აღდგენა გადაწყდა. ახალი „ურარტუ“ ისე „აყვავდა“ სომხეთში, როგორც ოაზისი მშრალ უდაბნოში. კლუბის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ „სუპერლიგა 1“-ის სახელით ცნობილ რუსულ პირველობაში მიიღებდა მონაწილეობას.
რა თქმა უნდა, პერიოდულად, სომხეთში სამოყვარულო დონის შიდა ჩემპიონატიც ტარდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში დასახული იყო მიზანი – სომეხ კალათბურთელებს რუსულ პროფესიონალურ ტურნირში უნდა დაემკვიდრებინათ ადგილი.
წელს კალათბურთმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. სომხეთის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ძირითადად საზღვარგარეთულ კლუბებში მოასპარეზე სომეხი ეროვნების ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული, ევროპის მცირე ქვეყნებს შორის გამართული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
გამარჯვება გამარჯვებად, მაგრამ სომხეთის კალათბურთის მესვეურებს სურდათ არსებული აღმაფრენა შეენარჩუნებინათ, წარმატება განევითარებინათ და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებში მიეღოთ მონაწილეობა. ნაკრების ბირთვის შესანარჩუნებლად, მის ბაზაზე საბჭოთა პერიოდში მოქმედი საკალათბურთო კლუბი „ურარტუ“ აღადგინეს.
ამ ინიციატივამ სიხარულთან ერთად შეშფოთების საფუძველიც გააჩინა და ასეთი განწყობა დღემდე შენარჩუნებულია. ერთ-ერთი პრობლემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დარბაზის არარსებობაა. კლუბის ხელმძღვანელობამ მაშინვე დაიწყო მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ჩემპიონატის პირველი ორი ტურისათვის (რომლებიც ერევანში გაიმართა) ახალი დარბაზის აშენება ვერ მოასწრეს. სავარაუდოდ, ახალი დარბაზი მესამე საშინაო მატჩისათვის იქნება მზად.
შფოთვის კიდევ ერტი მიზეზი რუსული მხარის უნდობლობაა. სუპერლიგაში მოღვაწე ყაზახურ გუნდ „ლეგიონის“ შარშანდელმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ხშირად უცხოური გუნდები საპნის ბუშტებს ჰგვანან, რომლებიც, ფინანსური და სხვა სახის პრობლემების გამო, შეიძლება, ასპარეზობის მიმდინარეობის დროს გასკდეს.
ამავდროულად, ბევრ ქვეყანას უბრალოდ არ შეუძლია, დააარსოს პროფესიონალური საკალათბურთო პირველობები, რომლებშიც კონკურენტუნარიანი კლუბები იასპარეზებდნენ. ასეთ ქვეყნებს შორისაა სომხეთიც.
კალათბურთის რუს გულშემატკივრებს სურთ, რომ შიდა პირველობა (ისეთი, როგორიცაა „სუპერლიგა 1“) მხოლოდ რუსული კლუბებისთვის იყოს. ისინი აღნიშნავენ, რომ უცხოური კლუბებისათვის უკვე არსებობს „ვეტებეს ერთიანი ლიგა.
მაგრამ მწირი ფინანსური შესაძლებლობების მქონე „ურარტუსთვის“ „ვეტებეს“ ლიგა მიუღწეველ მიზანს ჰგავს. რასაკვირველია, კლუბის ხელმძღვანელობისათვის ეს პერსპექტივა საერთო გეგმის ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ, ამჟამად, ამაზე საუბარი აშკარად ნაადრევია.
ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ამ თავიდან ბოლომდე რუსულ პირველობაზე უსამართლო დამოკიდებულება დაფიქსირდეს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ჩემპიონატი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომეხი კალათბურთელებისთვის. ასეთი შემთხვევა პირველივე მატჩის დროს მოხდა – თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში „ურარტუს“ სამი წამყვანი კალათბურთელი გამოაკლდა.
ორგანიზატორებმა ეს გარემოება ამ მოთამაშეების მონაწილეობის შესახებ შექმნილ განცხადებებთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნეს, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელებისათვის მსგავსი განმარტებები საეჭვო და არადამაჯერებელი აღმოჩნდა.
სომხური საკალათბურთო კლუბისათვის რუსეთის პირველობა რთულად დაიწყო. „ურარტუმ“ პირველი ოთხივე შეხვედრა წააგო. თუმცა, „რიაზანთან“ გამართულ პირველივე მატჩში ახლოს იყო გამარჯვებასთან.
„ურარტუს“ ყველა ზემოაღნიშნული პრობლემა ან როგორმე უნდა მოგვარდეს, ან უყურადღებოდ დარჩეს. წარმატებული გამოსვლისთვის კი გუნდმა ძალ-ღონე უნდა მოიკრიბოს და პირველ გამარჯვებას მიაღწიოს. 2016-2017 წლების “სუპერლიგა 1“-ში წარმატებით უნდა იასპარეზოს, იმიტომ რომ ეს პროექტი სომხური კალათბურთის აღორძინებისა და სამომავლო განვითარების წინაპირობაა.
გამოქვეყნებულია: 26.10.2016