აფხაზი ექიმები თბილისში ტრენინგზე ჩამოვიდნენ. სოხუმში ამას დიდი სკანდალი მოჰყვა
აფხაზი მედიკოსების ჯგუფი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში ტრენინგზე იმყოფებოდა. იქ ისინი თანამედროვე რეანიმობილის აღჭურვილობის მუშაობის პრინციპს სწავლობდნენ. ამ მოგზაურობის შესახებ ოფიციალური ცნობა არ ყოფილა. ამის თაობაზე აფხაზეთში სოციალური ქსელებიდან გაიგეს, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა.
ტრენინგის ორგანიზატორი იყო ზურაბ ლაკერბაია – საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჰუმანიტარულ საკითხებში აფხაზეთის წარმომადგენელი. მან სოხუმში გამომავალ „ნუჟნაია გაზეტას“ განუცხადა, რომ თბილისში გამართული ტრენინგი ჰოლანდიურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების ნაწილი იყო. ეს ორგანიზაცია მზადაა, რომ აფხაზეთს სასწრაფო დახმარების თანამედროვე მანქანა აჩუქოს, მაგრამ საჭიროა, ექიმებმა მისი სწორად გამოყენება იცოდნენ.
„აფხაზეთში არ არიან სპეციალისტები, რომლებიც ასეთ აღჭურვილობას იცნობენ. ჰოლანდიელებმა წამოაყენეს პირობა, რომ ჩვენს ექიმებს ჯერ სპეციალური ტრენინგი უნდა გაევლოთ და მანქანა აფხაზეთში მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდოდა. ჯერჯერობით კი რეანიმობილი საქართველოში, სპეციალიზებულ ცენტრშია, სადაც ამ აღჭურვილობის მოქმედებაში კარგად გათვითცნობიერებული სპეციალისტები მუშაობენ. ასევე საქართველოში სამკურნალოდ იმყოფებოდა „სასწრაფო დახმარების“ აფხაზეთიდან ჩასული ექიმი. ამიტომ სამი ექთანი და მძღოლიც მოვიწვიე, რათა ამ სპეციალიზებულ ცენტრში ჩამოსულიყვნენ და აღჭურვილობას გასცნობოდნენ, რის შემდეგაც ისინი აფხაზეთში დაბრუნდნენ“, – განაცხადა ლაკერბაიამ.
მიუხედავად ამ განმარტებისა, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ მოგზაურობის ორგანიზებასთან კავშირი არ ჰქონდა.
„ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის დეკემბერში “დიპლომის შემდგომი სწავლების რუსეთის სამედიცინო აკადემიასთან” ხელშეკრულება დადო, რომელიც სამედიცინო პერსონალის განათლებას და მომზადებას ითვალისწინებს“, – განაცხადა სამინისტროს პრეს-სამსახურმა.
“სხვა ტრენინგებთან დაკავშირებით აფხაზეთს მოთხოვნა არ წამოუყენებია, მით უფრო, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მტრულ ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბ ლაკერბაიას მიაჩნია, რომ ამ მოგზაურობიდან სკანდალის აგორება იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი ვერ მიიღებს რეანომობილს, რომელიც ასე სჭირდება.
„ეს ძალიან გულდასაწყვეტი იქნება. ჩვენ არ გაგვაჩნია ის სამედიცინო აპარატურა, რაც ამ მანქანაშია. მისი ღირებულება აღჭურვილობასთან ერთად 50 ათას ევროა“, – თქვა ლაკერბაიამ.
ამ თემას დიდი დისკუსია მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. უნდა იარონ თუ არა აფხაზეთის მაცხოვრებლებმა საქართველოს კლინიკებში სამკურნალოდ? – ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა.
აი, რამდენიმე მათგანი:
„მოვკვდები, მაგრამ არაფრის დიდებით მტრებთან არ წავალ. საქართველოში სამკურნალოდ წასვლა – ღალატია“.
„როდესაც დედას შვილი ხელში აკვდება, და ნორმალური ექიმი არ არის, სამკურნალო ფული კი არ აქვს – ფეხითაც წავა, ოღონდ მის შვილს მაღალკვალიფიციური ექიმები დაეხმარონ, და თან უფასოდ“.
„მხოლოდ ღატაკები კი არა, საკმაოდ შეძლებულებიც მიდიან. ადამიანები მუქთა ცხოვრებას მიეჩვივნენ“.
„თუ რუსეთში მკურნალობა ძვირია – სომხეთში წადით, სადაც ძალიან კარგი და კვალიფიციური ექიმები არიან. რატომ მაინცდამაინც საქართველო? რა ხდება, ომი უკვე ყველას დაავიწყდა?“
„საკუთარი ქვეყნის მედიცინაში უნდა ჩავდოთ ფული, და მაშინ ჩვენი ხალხი საქართველოში სამკურნალოდ აღარ გაემგზავრება“.